ბილბაოს ”ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ესპანეთის ჩემპიონატის 24 ტურის შედეგით, იტყობინება ”მარკა”.
ბასკი ფეხბურთელები ”ბარსელონამ” დაამარცხა, ანგარიშით 2:1. სტუმრებმა მეორე გოლი თამაშის 77-ე წუთზე მიიღეს საკუთარ კარში.
”მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მე ვერ ვიქნები კმაყოფილი. საკმარისი არაა მხოლოდ კარგი თამაში. ჩემი ფეხბურთელები ძალიან გაბრაზებულები არიან. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ”ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეკარეს, რომელმაც თავისი გუნდი ორჯერ იხსნა გოლისგან. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა ვერ შევძელით, ვინაიდან პირველი გოლი თამაშის მეოთხე წუთზე გავუშვით” – განაცხადა კაპაროსმა.
შეგახსენებთ, რომ 24-ე ტურის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილს კატალონიის ”ბარსელონა” ლიდერობს 65 ქულით. მას მოსდევენ მადრიდის ”რეალი” 60 ქულით და ”ვალენსია” 48 ქულით. ბილბაოს ”ატლეტიკი” 38 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.



