ლეო მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის ტრიო საფეხბურთო სამყაროს დიდი ინოვაციაა – მათ ფეხბურთი ხელოვნების დონეზე აიყვანეს და ამ განზომილებამდე მიღწევა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სამხრეთამერიკელები მოედანზე ერთმანეთს გრძნობდნენ და თავიანთი ექსტრავაგანტული მოძრაობებით ქომაგებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდნენ. საკუთარი სამუშაოს წარმატებით შესრულება და ლამაზი ფეხბურთის ჩვენება – სხვა რა უნდა მოვითხოვოთ მოთამაშეებისგან, რომლებსაც სტადიონიდან თუ ტელევიზორიდან, მთელი ინტერესით ვუცქერთ?
შენი შეტევის უპირატესობამ სიტუაციის გაანალიზების უნარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაგართვას. დიდებულ ფეხბურთელებსაც კი სჭირდებათ შემცვლელი, რომელსაც საჭირო მომენტში მწვრთნელი დაეყრდნობა. “ბარსელონამ” თვალი პაკო ალკასერს დაადგა, რომელსაც უდიდესი ჯვარი უნდა ეტვირთა – მას ისტორიაში საუკეთესო თავდასხმის ტრიოს ზურგი უნდა გაემაგრებინა. დამეთანხმებით, მარტივი არ არის ასეთ ზეწოლას გაუძლო და პირველივე სეზონში მოლოდინი გაამართლო.
პაკომ ადაპტაცია საფუძვლიანად ვერ გაიარა და ამაზე მისი სტატისტიკაც კი მეტყველებს – 27 მატჩი, 8 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა სადებიუტო სეზონში. ახლაც მახსოვს, თუ როგორ აგრესიას გამოხატავდნენ “ბლაუგრანას” ქომაგები მის მიმართ და ეს სავსებით ბუნებრივია – “კამპ ნოუ” შენგან მუდამ რაღაც არაორდინალურს მოითხოვს, ფრანსისკოს თამაშის დონე გუნდს ნამდვილად არ შეესაბამებოდა.
ლუის ენრიკე წავიდა, და მთავარი მწვრთნელის პოსტი ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა. “ჭიანჭველას” ფორმიდან ამოვარდნილ ფეხბურთელებთან და ახალგაზრდა ტალანტებთან შედეგიანად მუშაობა შეუძლია, რასაც ესპანეთში ერთხმად აღიარებენ. არავინ იცის ეს “ბილბაოს” ექსმწვრთნელის მეთოდების დამსახურებაა თუ ალკასერის თავდაუზოგავი შრომისა (ალბათ, ორივე ერთადაც კი), მაგრამ ფაქტი უცვლელია – პაკო პროგრესირებს!
თქვენ ელოდით, რომ გასული სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი იმედგაცრუება მიმდინარე სეზონში ასეთი საიმედო იქნებოდა? პაკომ “მურსიას” ორივე მატჩში გაუტანა, “სევილიასთან” გუნდს დუბლით მოაგებინა (2:1) და გუშინ, “სპორტინგთან” გამარჯვების გოლი გაიტანა. 5 ბურთი, ხმამაღლა არ ჟღერს, მაგრამ თუ მათ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, მივალთ იმ აზრამდე, რომ ალკასერი მეტად შედეგიანი და თავდაჯერებულია პრაქტიკის სიმწირის გათვალისწინებით.
შედარებით დასუსტებულ “ბარსელონას” თავდასხმას პაკოს სახით, ახლა უფრო საიმედო “დარაჯი” ჰყავს და იმედია, ეს დროებითი გაბრწყინება არ არის. დაე, მან პედროზე დიდი სახელი დატოვოს, როგორც “საიმედო რეზერვისტმა”…




წადი ფეხბურთში და ითამაშე პაკოზე უკეთ , და შენ შეგიძლია ნახო პაკო ალკაზერის დრიბლინგი და პასები იუთუბზე
რას ალაპაგაკობთ ეს არის ფორმაში და პაკოზე შეიძლება ითქვას რომ ნორმალური ფეხბურთელია? ამ კაცს არ გააჩნია. არანაირი ფანტაზია არ არის მუშა ფეხბურთელი მარტო თხასავით სირბილი არაფერია. მე არ მინახავს ამის მოტყუებული ფეხბურთელი არ მინაახავს ამის პასი და წამოწყებული შეტევა. ბურთს ვერ იღებს და ამუშავებს ნორმალურად .