სესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ ესპანელის ხილვა საკუთარ რიგებში მადრიდელებსაც მოუნდათ. ფლორენტინო პერესს თავისმა მრჩეველებმა სპორტის საკითხებში ურჩიეს, რომ გაიღოს თანხა ნახევარ-დაცვის ხაზის გასაძლიერებლად და შეიძინოს ის ფეხბურთელი, რომელიც უკვე წლებია კლუბის ინტერესებთა სფეროს განეკუთვნება. პერესი მზადაა გადაიხადოს მილიონები და ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას.
მადრიდის ქმედება ინგლისელების დაწმუნებისკენაა მიმართული. ”თეთრების” ერთ-ერთმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისურ კლუბთან. მადრიდელები თანახმანი არიან მიმზიდველი შეთავაზება გაუკეთონ ”არსენალს”. ფლორენტინო მიიჩნევს, რომ თუ სესკისთვის ბრძოლაში ”ჩელსი” არ ჩაერთვება, მაშინ გარიგება დაახლოებით 60 მილიონ ევროდ შედგება.
მაგრამ, ფლორენტინოს ოცნებებს ასე ადვილად ახდენა არ უწერია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ”ჩელსი” ფაბრეგასის მოსაპოვებლად ”სიკვდილამდე” იბრძოლებს, და მეორე რიგში იმიტომ, რომ თავად ფეხბურთელს ”ბარსაში” თამაში სურს. მართალია, ”ბლაუგრანას” არ აქვს იმ ოდენობის თანხის გადახდის საშუალება, რაც სესკის სახელის ირგვლივ ტრიალებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ შარშან ესპანელი ნახევარ-მცველი ”არსენალში” დარჩენას იმ პირობით დათანხმდა, რომ ერთ დღეს ის ”ბარსაში” ამოყოფდა თავს. ამ ”ერთ დღეში” 2011 წლის ზაფხული იგულისმებოდა.
”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ”RAC-1”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი ვერ მისცემს თავის თავს უფლებას, ერთ ფეხბურთელში 40-45 მილიონ ევროზე მეტი დახარჯოს. სხვათაშორის ფინანსურმა მენეჯერმა გასული ზაფხული გაიხსენა, როდესაც ზუსტად ამდენივე თანხას სთავაზობდნენ ლონდონელებს, თუმცა სასურველს შედეგს ვერ მიაღწიეს.
თავის მხრივ სესკმა ფარულად თუ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ მისი სურვილია პეპ გვარდიოლას გუნდში თამაში. მას უნდა სამშობლოში დაბრუნება და გამარჯვებული გუნდის რიგებში გაწევრიანება, თუმცა ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც არენაზე მადრიდელები გამოჩდნენ.
თავის მხრივ მადრიდელები აცხადებენ, რომ სესკი აუცილებლად მოირგებს ”თეთრების” ფორმას. ”რეალისთვის” პრიორიტეტი მხოლოდ სესკია და ამ სცენარით მუშაობას აპირებენ მომავალში. რაც არ უნდა შეთავაზონ მათ ”არსენალს”, ბოლო სიტყვა მაინც ფაბრეგასს ეკუთვნის.
სესკისთვის ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული ”ჩელსიც”. რომან აბრამოვიჩს ნებისმიერ ფასად სურს ფაბრეგასის ხილვა საკუთარი გუნდის რიგებში. მაგრამ, როგორც ჩანს, ”არსენალი” მაინც და მაინც არაა საკუთარი მეტოქის რიგების გაძლიერებით დაინტერესებული. ასეთი ლოგიკით ფეხბურთელი სავარაუდოდ ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდება. ”ბარსა”-”რეალის” ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის.



