
და აი, სრულიად მოულოდნელად, სპონტანურად, თითქოს ჩემში რაღაც გადამრთველი ამუშავებულიყოს, თავში ლურჯ-შინდისფერმა ნაპერწკალმა გამიელვა. ასე ხდება ხოლმე. ფიქრებში ხართ, მსჯელობთ, ანალიზს აკეთებთ, ფაქტების შეჯერებას ახდენთ, მაგრამ პასუხს მაინც ვერ პოულობთ. და უეცრად “ტკაცანი”, როდესაც სულ სხვა რამეზე ფიქრობთ, პასუხი თავად გპოულობთ თქვენ.
ყოველდღიური სილამაზით, ფეერიით, მანიტათი და დანარჩენი მომხიბვლელი მოვლენებით იმდენად ვართ გაბრუებულნი, რომ მთავარი გვისხლტება ხელიდან. დიახ, “ბარსელონა” მშვენიერია, განსაკუთრებულად, უსაზღვროდ კარგი. 36 მატჩში 105 გოლი, 8 შეხვედრაში მეტოქე 5 და მეტი ბურთით იქნა დამარცხებული. გოლს ისინიც კი იტანენ, რომლებიც ადრე ამაზე არცკი ოცნებობდნენ. გუნდი ყოველ კვირას ახალ და ახალ რეკორდებს ამყარებს. “ასეთი კლუბის გულშემატკივრობა უინტერესოც კია” – გეტყვით სხვა გუნდების ფანების 99,9%. “უინტერესოა თუ შენი კლუბი არ არის”- ვპასუხობთ ჩვენ და სულმოუთქმელად ველით შაბათ-კვირას, რათა კიდევ ერთხელ დავტკბეთ “ბარსელონას” ფეხბურთელების ჯადოქრობით.
ერთხელ უკვე ვთქვი, რომ “ბარსელონას” თამაში თვალნათლივ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ იდეალურები არ ვართ. მას შემდეგ ეს აზრი ჩემს გონებაში მხოლოდ გამყარდა. იქნება თუ არა მუდამ ასე? ექნება თუ არა “ბარსელონას” ამხელა უპირატესობა მუდმივად? რა თქმა უნდა, არა. და როდესაც ის დღე დადგება, დღე დასასრულის დასაწყისისა, თითოეული ჩვენთაგანისთვის ზედმეტი არ იქნება ნდობის გახსენება. ფეხბურთელებისადმი, ხელმძღვანელობისადმი და პირველ რიგში მთავარი მწვრთნელისადმი. მოდით, საკუთარ თავებთან ვიყოთ მართალნი. გაიხსენეთ, დავიდ ვილიას ტრანსფერის შემდეგ, როგორი სკეპსისით შეხვდა ბევრი ჩვენთაგანი მის როლს შეტევის მარცხენა ფლანგზე. როგორ მოიქცა პეპი? მან მესი უკანდახეული კრეატიული ფორვარდის პოზიციაზე განამწესა, ფარულ ცხრა ნომრად, ხოლ ვილია და პედრო ფლანგებზე დააყენა. თავად მესიმ ასე დაახასიათა საკუთარი როლი მოედანზე: “ცენტრალური თავდამსხმელი ვარ, მაგრამ თავისუფლად შემიძლია გადავაადგილდე მოედნის ნებისმნიერ მონაკვეთზე. უკან დახევა და სიღმიდან შეტევის წამოწყება არ მეკრძალება. გვარდიოლა მეუბნება, მოედანზე თავი თავისუფლად იგრძენი, შენზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდებაო. პეპი მთხოვს, მოედნის იმ მონაკვეთზე გამოვჩნდე ხოლმე, სადაც მეტოქეები არ მელიან და ამით მათ თავგზა ავუბნიო”.
და აი შედეგიც – ვილია 17 გოლი, პედრო 19 გოლი და მესი 37 გოლი. ჯამში ამ სამეულმა 70-ზე მეტჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. ამას გარდა, პედრიტო და ლეო შედეგიანი გადაცემების რაოდენობით, პრიმერას ლიდერები არიან, არგენტინელმა 15-ჯერ ახეირა თანაგუნდელები, ხოლო ესპანელმა 8-ჯერ.

უნა ჩაითვალოს თუ არა მწვრთნელის ასეთი ჩანაფიქრი გამართლებულად? ვფიქრობ, კი.
წინ წავიდეთ. ზაფხულში კლუბი ერთბაშად ორმა ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ მარკესმა და დმიტრი ჩიგრინსკიმ დატოვეს. მართალია, თითოეული მათგანის წვლილი კლუბის წარმატებებში როგორ ცა და დედამიწა ისე განსხვავდება, მაგრამ რაოდენობრივ ექვივალენტს თუ მივიღებთ მხედველობაში, “ბარსელონას” დაცვის ცენტრალურმა ღერძმა შემადგენლობის 40% დაკარგა. მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ უკრაინელის გასხვისებით კლუბი მოგებული უფრო დარჩა, ვიდრე წაგებული, მაგრამ ეს, პრინციპული საკითხი სულაც არ არის. რას აკეთებს პეპი? სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს აბიდალს დაცვის ცენტრში. ერიკისთვის ეს როლი უცხო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ეროვნულ გუნდში ანალოგიური ფუნქციების შესრულება უწევდა.
შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს ნაბიჯი წარმატებულად? ბოლო დროს ფრანგი ტოლს არ უდებს პუიოლსა და პიკეს, ხოლო მილიტოს ერთი თავით სჯობია. მოდით, ეხლა რეზერვს გადავავლოთ თვალი. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, “ბარსელონას” შემადგენლობაში 18 ფეხბურთელი ირიცხებოდა. ამ დროს, პეპმა კანტერანოების მთავარ გუნდში გადაყვანის პროცესის ფორსირებისგან თავი შეიკავა, რაც ჩვენთვის მოულოდნელობა გახლდათ.
როგორ იქცევა პეპი? გვარდიოლა აქცენტს გუნდური ურთიერთქმედების სრულყოფაზე აკეთებს. ფეხბურთელთა შეთამაშების ასეთი დონე, არცერთ გუნდში არ მახსოვს. გასული ორი სეზონისგან განსხვავებით, შემადგენლობის როტაცია მხოლოდ იძულებითი მიზეზების გამო ხდება. ესაა ტრავმები, ლიდერების დასვენება, რეზერვის გამოყენების აუცილებლობა და ა.შ.
ალბათ, გაინტერესებთ რისი თქმა მსურდა ყოველივე ამით? იმის, რომ პეპისადმი ჩემი ნდობის დონე ახალ საფეხურზე გავიდა, რომელსაც მშობლებისადმი და მეგობრებისადმი ნდობის დონეს გავუტოლებდი. ის რა თქმა უნდა უშვებდა, უშვებს და დაუშვებს შეცდომებს, ამის გარეშე შეუძლებელია, სხვანაირად არ ხდება, მაგრამ მზად ვარ მის გვერდით ვიყო ბოლომდე. ის საუკეთესოა. ჟოან ლაპორტას სიტყვებს მოვიშველიებ: “საუკეთესო უნდა იყო და არა პირველი, რადგან საუკეთესო, საბოლოო ჯამში, ყოველთვის პირველი იქნება”.



