ვიქტორ ვალდესის, ხერარდ პიკეს, ერიკ აბიდალის, სერხიო ბუსკეტსის, ჩავი ერნანდესის, პედრო როდრიგესის, ლეო მესისა და დავიდ ვილიას ერთად გამოჩენა და “მედიტერიანოზე” შეკრებილი პუბლიკისა, თუ “ალმერიას” ფეხბურთელების და მწვრთნელების სახის მიმიკებისა და ხასიათის ცვლა ერთი იყო, მაგრამ ცოტა ხანში ის პუბლიკაც, რომელიც “მედიტერიანოზე” იყო შეკრებილი, ის ფეხბურთელებიც, რომლებსაც არც ისე ხალისით უწევდათ თამაში და ის მწვრთნელებიც, რომლებიც ნერვიულობას აპირებდნენ, ერთდროულად დამშვიდნენ, როდესაც ეს ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამებზე დასხდნენ და მატჩის ყურება იქიდან დაიწყეს…
მართალია “სამეფო თასის” ნახევარ–ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში ის ზემოდ ხსენებული 8 ფეხბურთელი ვერ მოხვდა, მაგრამ პინტო, მილიტო, ადრიანო, მაშერანო, ტიაგო, აფელაი, ნოლიტო და ბოიანი სრულიად საკმარისნი აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ მასპინძელი გუნდი 3 ბურთანი სხვაობით დამარცხებულიყო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, თუ როგორ ცდილობდნენ ალმერიელები შეტევების წამოწყებას და პინტოს კარის დალაშქვრას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, თუ როგორ სახიფათო კუთხურებს აწვდიდნენ ისინი და არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ როგორ მოხვდა ხოსეს ძელს ბურთი, რომლის შემდეგაც ანგარიში არ შეცვლილა.
ალბათ უმეტესობა თქვენგანმა “ბარსას” მიერ ჩატარებული მეოთხედ–ფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება “რეალ ბეტისთან” საკუთარი თვალით იხილა და ალბათ კატალონიელების თამაშზე კარგი შთაბეჭდილებაც არ დაგრჩენიათ. ამ შეხვედრაში “რეალ ბეტისმა” ორი უდიდესი საქმე გააკეთა. პირველი ის, რომ მათ ზოგიერთ გუნდს დაანახეს, თუ როგორ უნდა დაამარცხო გუნდი, რომელმაც პირველ შეხვედრაში 5–0 დაგამარცხა და მეორე, მათ კატალონიელებს ჭკუა ასწავლეს. ასწავლეს და ამ სწავლებ–სწავლებაში პეპის შეგირდებს ერთი გამოცდის ჩაბარებაც მოუწიათ და თან მალევე. უფრო კონკრეტულად კი გუშინ, საღამოს თერთმეტ საათზე, როდესაც “ალმერია” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე ნახევრად გავსებულ სტადიონთან ერთად დახვდა.
მატჩი აქტიურად დაიწყო. კატალონიელები ტრადიციულად შეტევების წარმოებას იწყებდნენ და მათ მხარს ალმერიელებიც უბამდნენ და დაცვაშიც ოდნავ კარგად მოქმედებდნენ, რასაც ხანდახან შეტევებიც მოყვებოდა ხოლმე. თუმცა, ეს შეტევები 2, 3, 4, ან უფრო მეტ წამში ყველას ავიწყდებოდა, რადგანაც ბურთს კატალონიელები ეუფლებოდნენ და მისი “უცხოსთან” მარტო გაშვება სასტიკად არ სურდათ. ვინ იცის, ბურთი, რომ ალმერიელებთან წასულიყო, რა იქნებოდა მისი მომავალი? ამიტომაც “ბარსას” ფეხბურთელებმა მისი თავისთან დატოვება მოინდომეს და ამ მრგვალი საგნის ხილვა ძირითადად ესტებანის კარის სიახლოვეს, ან მის ხელებში შეიძლებოდა. თუმცა, “ბარსას” მარცხენა და მარჯვენა მცველ–ნახევარმცველმა გოლის გატანა მოინდომა. მოინდომა და ესტებანის კარისკენ ბურთის გადაგზავნა ცადა, თუმცა პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო და ადრიანოს რაღა დარჩენოდა, კიდევ ერთხელ ცადა და ამჯერად ესტებანის ხელები კი არა, არამედ მისი კარის ბადე შეწუხდა. ამ ფრაზამ ადრიანოსთან გაჭრა…
ადრიანოს გოლის გატანა და ნოლიტოს უფრო გააქტიურება ერთი აღმოჩნდა. “ბარსა ბ”–ს ლიდერი ცდილობდა და ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ის გამოთქმა ყველაზე როდი მოქმედებს?.. მატჩში ძალიან კარგად გამოიყურებოდა მაშერანო, რომლის მიერ გაკეთებული 100 გადაცემიდან 91 ზუსტი აღმოჩნდა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგი გამოდგა. ძალიან აქტიური იყო აფელაი, რომელიც სხვადასხვა გამოცემების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული. იგი კარგ გადაცემებთან ერთად მთელი მატჩის განმავლობაში ფლანგიდან შეტევებსა და ესტებანის კარის ბადის კიდევ ერთხელ გახურებას ცდილობდა და საბოლოოდ მეორე ტაიმში მან ეს შეძლო. შეძლო მესამე ცდაზე, როდესაც ცდა ბედის 1/3 აღმოჩნდა.
ტიაგო ალკანტარა, რომელიც პირველი გუნდის წევრი მომავალი სეზონიდან ოფიციალურად გახდება, ისე გამოიყურებოდა, თითქოს მთელი ცხოვრებაა “ბარსას” პირველ გუნდში გამოდიოდეს. იგი თანაგუნდელებს ამარაგებდა და ამარაგებდა პასებით და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გოლის გატანაც შეძლო და თან შეძლო თაური დარტყმით იქამდე, სანამ ესტებანის დამწუხრებას იბი მოახერხებდა. ალკანტარამ კი შეძლო გოლის გატანა, მაგრამ სად იყო ამ დროს ბოიან კრკიჩი? პატარა პატარა კატალონიელი ბიჭი იქვე, ესტებანის კარის სიახლოვეს დარბოდა, ოღონდ მხოლოდ დარბოდა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ეს ფეხბურთელი მომავალში დაუბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს და მთელ მსოფლიოს დაანახებს იმას, რომ მას სირბილის გარდა გოლის გატანაც შეუძლია, რაც მას ასე ძალიან ახარებს. მისი თქმით გოლის გატანა მას ძალიან დიდ ბედნიერებას და ძალიან დიდ სიხარულს ანიჭებს. ასე, რომ ყველაზე მეტად გოლის გატანა სწორედ მას სურს…
დასრულდა მატჩი და დასრულდა “ალმერიას” ბრძოლა და “ტანჯვა–წამება”. ორი მატჩის ჯამში საბოლოოდ 8–0 დაფიქსირდა. ამ სეზონში ამ ორი გუნდის პირველ დაპირისპირებაშიც ხომ სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრა. სამი მატჩის ჯამში კი 16–0… განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაიწყო “რეალ მადრიდისა” და “სევილიას” დაპირისპირებაც. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა “სევილიას” სტადიონზე გაიმართა, სადაც გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. ამჯერად კი აწ უკვე ყოფილმა სტუმრებმა, ანუ მასპინძებმა ანგარიშით, 2–0 გაიმარჯვეს, რამაც მადრიდელები “სამეფო თასის” ფინალში ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხნის იძულებითი შესვენების შემდეგ გაიყვანა. ჩვენ ფინალში, 20 აპრილს კიდევ ერთი “ელ კლასიკო” გველის!
გავიდა “მადრიდი” ფინალში … ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო … ასე, რომ უყურონ მადრიდელებმა იმ შეხვედრას, რომელშიც “ბეტისმა” კატალონიელების დამარცხება შეძლო, მაგრამ გვარდიოლას გუნდმა რომ ჭკუა უკვე ისწავლა?..
გოლები
[media=http://www.youtube.com/watch?v=uxb9YIbddWs]
აფელაი “ალმერიას” წინააღმდეგ
[media=http://www.youtube.com/watch?v=XDEWHCDUoJw]



