მოგეხსენებათ დღეს, კატალონიის “ბარსელონა” ქალაქ ალიკანტეში, “ერკულესს” ესტუმრა და მასთან შეხვედრის შემდეგ, შინ 3 ქულით დაბრუნდა. ეს გამარჯვება კატალონიელებისთვის “ლა ლიგაში” ზედიზედ მეთხუთემეტე გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პეპის “ბარსამ” ნახევარი საუკუნის წინ, “მადრიდის” მიერ დამყარებული რეკორდის გამეორება შეძლო, რაზეც გვარდიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ჩვენთვის დიდი პატივია გავიმეოროთ დისტეფანოს “მადრიდის” რეკორდი. ასეთი შედეგი ნახევარი საუკუნის მანძილზე არავის უჩვენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის გაკეთება მარტივი არაა.”
პრეს–კონფერენციაზე საუბრისას “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ასევე ამ შეხვედრის ისტორიულ დატვირთვაზეც გაამახვილა ყურადღება: “ეს სტადიონი ჩვენთვის ისტორიულად რთული გახლავთ. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ დამატებით მოტივაციას ასევე ახალი რეკორდის დამყარების შანსი აძლევდათ.”
პრეს–კონფერენციის ბოლოს, პეპმა პედრო და მესი შეაქო და განაცხადა, რომ მათი გოლები გუნდს ძალიან დაეხმარა. მოგეხსენებათ ლეო ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და უკვე მის ანგარიშზე 164 გოლია, რაზეც გვარდიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “თუ მან ასე გააგრძელა, მაშინ ის ყველა რეკორდის დამხობას შეძლებს.”



