“სან-პაულოს” მწვრთნელის, ანტონიო კარლოს სილვას, თქმით, პაულინიომ უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი და უნდა შეეცადოს, რომ “ბარსელონას” შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბრაზილიელი ჩინური კლუბის, “გუანჯოუ ევერგრანდის”, შემადგენლობაშია, რომელშიც 2015 წელს “ტოტენჰემიდან” გადავიდა.
ბოლო დროს პაულინიო კარგ ფორმაში იყო, რის გამოც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს. როგორც ცნობილია, “ბარსელონა” ყველა სხვა გუნდზე უფრო ახლოსაა მის შეძენასთან.
ჩინური კლუბი ეწინააღმდეგება ტრანსფერს, მაგრამ, სილვას აზრით, პაულინიო თავად უნდა შეეცადოს, რომ კატალონიელებს შეუერთდეს. “ფეხბურთელების კარიერა მოკლეა და პაულინიო 30 წლისაა. მან უნდა დაგეგმოს საკუთარი მომავალი. “ბარსელონა” ყველასთვის ცნობილი გუნდია, სადაც უნდა გადავიდეს და თავისი ავტორიტეტი გაზარდოს. თუ უფრო მეტად ხელფასზე ფიქრობს, მაშინ, ალბათ, ჩინეთში დარჩენა აჯობებს. სადაც არ უნდა ითამაშოს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნებაა”,- განაცხადა სილვამ.
სილვამ პაულინიო ჯერ კიდევ მისი ახალგაზრობისას აღმოაჩინა. პაულინიომ თავი პირველად “კორინთიანსში” გამოიჩინა, 2013 წელს კი გადავიდა “ტოტენჰემში”, სადაც თამაში გაუჭირდა. სამაგიეროდ “ევერგრანდის” შემადგენლობაში 27-ჯერ გაიტანა 93 შეხვედრაში და, ამასთანავე, ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.


