”ბარსელონა” ”აიაქსის” ჰოლანდიელი ფეხბურთელით ინტერესდება. საუბარია არც მეტი, არც ნაკლები გრეგორი ვან დერ ვეილზე.
საქმე ისაა, რომ გრეგორი მარჯვენა მცველია, ხოლო ესპანეთის მოქმედ ჩემპიონებს სწორედ ამ ფლანგზე აქვთ პრობლემა. დანი ალვესმა ახლახანს ტრავმა მიიღო, მაგრამ საქმე არც მხოლოდ ამაშია. ბრაზილიელის კლუბში დარჩენის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
როგორც ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf იტყობინება, კატალონიელების თავკაცი, პეპ გვარდიოლა სწორედ ვან დერ ვეილს მიიჩნევს ბრაზილიელის შემცვლელად. გრეგორი ვან დერ ვეილი 22 წლისაა. ის ”აიაქსის” ცნობილი აკადემიის აღზრდილია. მისი კონტრაქტი ”აიაქსთან” 2013 წელს იწურება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ”ბარსელონას” ეს ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება.



