ჟერარ პიკეს სჯერა, რომ ერნესტო ვალვერდე “ბარსელონასთან” ერთად წარმატებას მიაღწევს და გუნდს ახალი მწვრთნელი მოტივაციას შემატებს. სწორედ ეს განაცხადა მან იაპონურ გაზეთ Soccer King-თან ინტერვიუში.
“ჩვენ ბევრი მწვრთნელი გამოვიცვალეთ. ბევრი ფეხბურთელი ვიყიდეთ და გავყიდეთ, მაგრამ გუნდის ფილოსოფია უცვლელი რჩება.”
ცენტრალური მცველი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელში ნეიმართან გადაღებული ფოტო დადო წარწერით “ის რჩება!”, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება და გუნდის სურვილია და არა ოფიციალური ინფორმაცია.
პიკემ ზემოთაღნიშნულ ინტერვიუში საკუთარი ფეხბურთის შემდგომ მომავალზეც ისაუბრა: “მე მწვრთნელობისთვის არ ვარ დაბადებული. მე “ბარსელონას” პრეზიდენტობა მინდა და ეს ჩემი ოცნებაა. როცა კარიერას დავასრულებ, მინდა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი კვლავ იმ კლუბს მივახარჯო, რომელიც ძალიან მიყვარს.”
პიკე მსაჯების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ფიფას პრეზიდენტის ადგილას ტექნოლოგიებს აუცილებლად გამოიყენებდა.
“ფიფას პრეზიდენტი რომ ვიყო, სამსაჯო სისტემას შევცვლიდი. არბიტრებს დიდი წნეხის ქვეშ უწევთ თამაშის წაყვანა. უსამართლობისა და დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ტექნოლოგიას გამოვიყენებდი.” – განაცხადა “ბარსელონას” ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა.



