გავლენიანი ესპანური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” წარმომადგენლები ინგლისის დედაქალაქში იმყოფებიან. კლუბს ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის დაჩქარება და ბოლომდე მიყვანა სურს. მიუხედავად “ლივერპულის” მტკიცე უარისა, თავად მერსესაიდელებმაც დაადასტურეს კატალონიელთა ინტერესი. იმასაც ვკითხულობთ, რომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის გაშვებაზე დათანხმდება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ხელსაყრელი პირობა 100 მილიონზე ნაკლებ თანხას შეადგენდეს.
ოპერაცია “კოუტინიო” რამდენიმე კვირით გაიყინა, რადგან კლუბმა პრიორიტეტად ვერატის ტრანსფერი მიიჩნია. კლუბი მაქსიმალურად ეცადა იტალიელის შეძენას, თუმცა შემდეგ თავადაც აღიარა, რომ პსჟ-დან მისი მოცილება შეუძლებელი იყო. კატალონიელებმა მოლაპარაკებების წამოწყებაც კი ვერ მოახერხეს და მიიჩნიეს, რომ ამ გზის გაყოლა უსარგებლო იქნებოდა და შესაძლოა წინასწარვე განწირული ტრანსფერის მოლოდინში მთელი ზაფხული გასულიყო. სიტუაციის გაანალიზების შემდეგ ხელმძღვანელობა ბრაზილიელ ფეხბურთელს მიუბრუნდა. იოლი არც ეს ტრანსფერი იქნება, თუმცა კლუბი გამოსავლის არსებობას ხედავს.
კლუბმა იცის, რომ კოუტინიოს ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება სურს. მის აგენტებთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა უკვე ითქვა, რომ კოუტინიოს “ლივერპულთან” შეთანხმების მიღწევა და მისი ღირსეულად დატოვება სურს.
ამიტომაც, დელეგაციის ინგლისში ჩასვლა მოლაპარაკებების წამოწყებას და შეთანხმების მიღწევას ემსახურება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით კატალონიელებმა ერთი, 80 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს.
თავად “ლივერპული” არ აპირებს ფეხბურთელის გაშვებას და 100 მილიონზე მეტ თანხას ითხოვს, რამეთუ ბრაზილიელი გუნდის ლიდერი და საკვანძო მოთამაშეა. “ბარსელონა” თვლის, რომ ეს ფასი გადაჭარბებულია და სურს კოუტინიო 80 მილიონის ფარგლებში შეიძინოს.
კოუტინიოს კონტრაქტი ახალი გახანგრძლივებული აქვს და იგი 9 მილიონზე მეტს იღებს, რაც კატალონიელებს საქმეს ურთულებს. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მხარეებს შორის შედარებით დაბალ ანაზღაურებად კონტრაქტზე შეთანხმება (სხვადასხვა ბონუსებითურთ). კოუტინიოს აზრით, ეს მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება მის სპორტულ კარიერაში და გარისკვად ღირს.
ბრაზილიელის გაფორმება შეიძლება სხვა მიზანსაც ემსახურებოდეს. მას ნეიმართან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და “ბლაუგრანა” თავს უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს ნეიმარის სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელებმაც და პიკემაც უკვე განაცხადეს, რომ ბრაზილიელი შემტევი გუნდში რჩება. მიუხედავად ამისა, თუ მომავალში ნეიმარი წასვლას მაინც გადაწყვეტს, კოუტინიოს მისი ადგილის დაკავებაც შესანიშნავად შეუძლია.
ასე რომ, ბრძოლა უკვე დაიწყო. კატალონიელებს ჰყავთ კონკურენტებიც, პსჟ-ს სახით და მერსესაიდელებიც ეცდებიან, რომ თავიანთ საკვანძო ფიგურასა და გუნდის ლიდერში მაქსიმალურად დიდი სარგებელი ნახონ. თუმცა, თავად ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და “ბარსელონა” ოპტიმისტურადაა განწყობილი. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი აგვისტოს პირველ კვირაში გადაწყდება. ეჭვგარეშეა, რომ ფილიპე კოუტინიო ერნესტო ვალვერდეს გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.



