FIFA.com: როგორი გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც FIFA-მ 2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულში შეგიყვანათ?
პიკე: ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ კარგად ვაანალიზებ, თუ როგორი იღბლიანი აღმოვჩნდი და ვცდილობ, დავტკბე თითოეული წუთით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მე ხმა ჩემმა მეგობარმა ფეხბურთელებმა მომცეს, რაც ერთგვარად ჩემთვის აღიარებაა.
FIFA.com: თქვენი ჩათვლით ”ბარსას” ექვსი ფეხბურთელი მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულში, აქედან ხუთი მათგანი კლუბის ახალგაზრდული სისტემის პროდუქტია.
პიკე: ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ხუთი ფეხბურთელი ”ლა მასიას” აღზრდილია, ვინაიდან ის ხალხი, რომლებმაც ”სახლში გაზრდილ” ფეხბურთელებს ნდობა გამოუცხადეს, დღეს ჯილდოებს იმკიან. ამასთან, ”ბარსელონას” არ დასჭირდა ამ მოთამაშეებში ფულის გადახდა და ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არიან. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს როგორც კლუბისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.
FIFA.com: თქვენი აზრით, რაში მდგომარეობა ”ლა მასიას” საიდუმლოს ფორმულა?
პიკე: იმ საფეხბურთო სტანდარტებში, რომლებსაც ის ნერგავს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბურთისთვის ბრძოლას, მის შენარჩუნებას, ყოველთვის სწორი გადაცემების გაკეთებას და შესანიშნავ კონტროლს. პიროვნულ დონეზე ისინი გასწავლიან, რომ ყველაფერი არ იწყება და მთავრდება ფეხბურთით, მნიშვნელოვანია გულწრფელობა, ბევრი შრომა და მოედანთან კარგად მეგობრობა.
FIFA.com: თქვენი აზრით, კლუბის ამჟამინდელი წარმატება იმის დამსახურებაა, რომ გუნდში ბევრი ”სახლში აღზრდილი” ფეხბურთელი თამაშობს?
პიკე: რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. სწორედ ამის გამოა გასახდელში ასეთი კარგი ატმოსფერო. ხოლო ფეხბურთის მხრივ, შედეგები ყველაფერზე მეტყველებს.
FIFA.com: თქვენ უჩვეულო ნაბიჯი გადადგით, როდესაც ”ბარსელონა” დატოვეთ და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდით. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყო ”მანჩესტერში” თქვენი მოღვაწეობა ისეთივე წარმატებული, როგორიც ”ბარსაშია”?
პიკე: როდესაც ”იუნაიტედს” შევუერთდი მხოლოდ 17 წლის ვიყავი. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როდესაც ვვარჯიშობდი ძირითადი გუნდის ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან უეინ რუნი და რიო ფერდინანდი. მე ვთვლი, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და კლუბში თამაშობდა მსოფლიოს ორი საუკეთესო მარჯვენა ცენტრალური მცველი, რიო და ნემანია ვიდიჩი. ალექს ფერგიუსონი მათ უფრო მაღალ დონეზე აფასებდა. მაგრამ, ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება. მე დღემდე კარგი დამოკიდებულება მაქვს მწვრთნელთან და ყოფილ თანაგუნდელებთან და ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი იყო.
FIFA.com: პეპ გვარდიოლას მოთხოვნით თქვენ ”ბარსელონაში” დაბრუნდით. რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული მწვრთნელი?
პიკე: ის ჩვენ ფეხბურთის გაგებას გვასწავლის. ის მხოლოდ დავალებებს არ გვაძლევს, არამედ გვიხსნის ყველაფერს. ის რომ დირექტივების გარდა დასაბუთებებსაც იღებ, შენ უკეთესს ფეხბურთელს გხდის. ეს არის ყველაფრის ახსნა.
FIFA.com: გვარდიოლამ გუნდში ახალი მეთოდები დანერგა, მაგალითად როგორიცაა თამაშის წინა ღამის სასტუმროში გატარების გაუქმება.
პიკე: მას განსხვავებული აზროვნება აქვს და ყოველთვის თანმიმდევრულია, კარგ პერიოდებშიც და ცუდ პერიოდებშიც. მომწონს ის ფაქტი, რომ ის ყოველთვის თავისი პრინციპების ერთგულია, თუნდაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც გუნდი ვერ იგებს და მას აკრიტიკებენ. მას საკუთარი თავის რწმენა აქვს.
FIFA.com: რას გვეტყვით გავრდიოლას ტაქტიკურ ცოდნაზე?
პიკე: ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური ვარიაცია გვაქვს. მაგრამ, ყოველთვის ”ბარსას” საფეხბურთო ფილოსოფიას ვირჩევთ, რაც გულისხმობს ბურთის ფლობას და მის სწორედ გამოყენებას. ამის საფუძველზე ჩვენ საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია გადავეწყოთ, უკანა ხაზზე სამი ან ოთხი ფეხბურთელი იყოს ან ნახევარდაცვაში მოვახდინოთ ვარირება, ვინაიდან თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის, თუ რა შეგვიძლია. ეს ჩვენ უპირატესობას გვანიჭებს.
FIFA.com: უდავოა, რომ 2010 წელი თქვენს კარიერაში დაუვიწყარია. თქვენ რომელს გამოარჩევდით?
პიკე: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ესპანეთის ნაკრებთან ერთად, უდავოდ. მთელი ქვეყანა გავერთიანდით, რაც გმირობის ტოლფასია. მაგრამ ფეხბურთს აქვს იმის ძალა, რომ გაგვაერთიანოს. და არამხოლოდ ეს, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გამოვცადეთ: ვიცხოვრეთ ერთი თვე სამხრეთ აფრიკაში, შევხვდით უამრავ ადამიანს, გავიცანით გუნდის ახალი ფეხბურთელები და შედეგად დღეს მეგობრები ვართ.
FIFA.com: 23 წლის ასაკში ყველა შესაძლო ტურნირი მოიგეთ. რა გიქმნით მოტივაციას?
პიკე: იმ მომენტების გახსენება, თუ რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც რაღაც მოვიგე. გინდა, რომ მუდმივად გქონდეს ასეთი მოგონებები, შესაბამისად ცდილობ გაიმეორო წარმატებები. მოგება ძალიან სასიამოვნოა და როდესაც აგებ, მაშინ გწყურია გამარჯვება. აი ეს ქმნის მოტივაციას.
FIFA.com: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთის ნაკრები არცთუ ისე კარგად გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?
პიკე: მისმინე, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩები ძალიან კარგად ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. ჩვენ დავმარცხდით არგენტინასთან და პორტუგალიასთან, მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან. ვთვლი, რომ ახლა ის პერიოდია, როდესაც გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თამაში დავთმოთ, ვინაიდან ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ და ის ამხანაგური მატჩები იყო. რა თქმა უნდა, 4-1 და 4-0 ჩვენთვის არაა მისაღები და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს არ განმეორდება.
FIFA.com: ესპანეთის ნაკრებში თქვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ხართ, როდესაც საქმე ეხება Twitter-ს. როგორ ფიქრობთ, 21 საუკუნის ფეხბურთელების კარიერაში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური ქსელების სერვისს?
პიკე: ეს კარგი საშუალებაა, რომ გულშემატკივრებთან ახლო კავშირში იყო. ჩემი აზრით სასურვლია, რომ მათ უფრო მეტი გაიგონ შენზე და გაანალიზონ, რომ ფეხბურთის გარდა, სხვა რამეც არსებობს შენთვის.
FIFA.com: ამ თემაზე საუბრისას, შეგიძლიათ, ეჭვები გააქროთ? რას ნიშნავს ”moc, moc”?
პიკე: (იცინის) არც არაფერს (ისევ იცინის). ეს არის გამოთქმა, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები, კარლეს პუიოლი და სესკ ფაბრეგასი ვიყენებთ Twitter-ზე და ნიშნავს ”მე შენზე ვფიქრობ”. ეს იმიტომ, რომ სესკი ცხოვრობს ლონდონში და ის ჩვენგან შორსაა. ეს ჩვენი დაახლოების და კავშირში ყოფნის საშუალებაა.
FIFA.com: როგორი ხართ ფეხბურთის იქეთ?
პიკე: მიყვარს ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად ყოფნა, იმათთან ერთად, ვისაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ვისთანაც შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ. გარდა ამისა, მიყვარს კინოში სიარული, კითხვა, კომპიუტერი.
FIFA.com: როგორ ფიქრობთ, ოდესმე დატოვებთ ”ბარსელონას” კვლავ?
პიკე: ეს არის ჩემი სახლი და აქ თამაშზე ვოცნებობდი ყოველთვის. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი და მე მყავს ძალიან ნიჭიერი თანაგუნდელები. არ ვგეგმავ აქედან ოდესმე წასვლას.
FIFA.com: დასასრულს, შეგიძლიათ გვითხრათ ვინ იყო თქვენი კერპი და ვის თამაშს ადევნებთ თვალს თანამედროვე ფეხბურთში?
პიკე: მახსოვს, ვუყურებდი მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელს, ფერნანდო იეროს, რომელსაც ვაღმერთებდი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენს უშუალო კონკურენტ გუნდში თამაშობდა. ამჟამად უამრავი ფეხბურთელია, რომლის თამაშსაც თვალს ვადევნებ, ფერდინანდი და ვიდიჩი, ორი მაგალითი, ასევე კარლეს პუიოლი, რომელიც ჩემი მეგობარია და არის მაგალითი, რომელსაც უნდა გაჰყვე.