“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა, კატალონიური კლუბის ოფიციალური სატელევიზიო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
დღეს, 29 ივნისს, ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერიკ აბიდალი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა.
“მამაჩემი დიეგო მარადონას დიდი გულშემატკივარი იყო. ის მაჩვენებდა ვიდეოებს, თუ როგორ თამაშობდა მარადონა “ბარსელონაში” და ეს კადრები გონებაში ჩამრჩა. მას შემდეგ, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, “ბარსელონაში” თამაში ყოველთვის იყო ჩემი მიზანი.”
“ბარსელონაში” გადასვლა
“აქაურ ცხოვრებასთან შეგუება ადვილი არ ყოფილა. პირველი, რაც უნდა მესწავლა, იყო ენა, შემდეგ კი, ახალ გრაფიკს შევგუებოდი. აქ, ლანჩი უფრო გვიანაა და თამაშები საღამოს 10 საათზე იწყება. საფრანგეთში, ამ დროისთვის, ყველაფერი დამთავრებულია.”
გვარდიოლა
“პეპმა ბევრი რამ გვასწავლა. მან მასწავლა, რომ მოედანზე მშვიდი და გაწონასწორებული უნდა ვყოფილიყავი. ასევე მასწავლა პოზიციურად თამაში. ჩვენ ძალიან რთული ვარჯიშები გვქონდა, რადგან ჩავისთან, მესისთან და ინიესტასთან დაპირისპირება გვიწევდა.”
დიდი თამაშები
“ელ კლასიკო” ყოველთვის განსაკუთრებული იყო. 6:2 დიდებული შედეგი იყო, მაგრამ რაც ყველაზე კარგად მახსოვს, გუნდის შემართებაა: ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის ვმუშაობდით, გუნდის ვარსკვლავები კი შედეგს ქმნიდნენ.
“ჩელსისთან” ნახევარფინალურ მატჩში, ინიესტამ, რომელიც არასდროს ურტყამს, კარში დაარტყა და ბურთი ზედა კუთხეში მოათავსა. მე ფინალის გამოტოვება მომიწია, მაგრამ ეს სპორტის გუნდური სახეობაა.”
ავადმყოფობა
“როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ გავიგე, თანაგუნდელებს ვუთხარი, არ ენერვიულათ. მათ თავიანთი საქმე უნდა ეკეთებინათ, მე კი, სეზონის ბოლომდე უნდა დავბრუნებულიყავი. მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობდი, შემდეგ კი, მოედანს დავუბრუნდი.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კარლეს პუიოლმა მითხრა, კაპიტნის სამკლავური ამეღო, რადგან მე ეს დავიმსახურე. მან მითხრა, რომ თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს ესაუბრა და ყველა ეთანხმებოდა. თავიდან, უარზე ვიყავი, მაგრამ მან გადამარწმუნა. თასის თავს ზემოთ აღმართვა მახსოვს, მაგრამ არა რეალური ატმოსფერო. იმ დროს, მე ჩემ სამყაროში ვიყავი.”
კარიერის დასრულება
“ჩემ აზროვნებაში, ავადმყოფობა და ტრავმა ფეხბურთის თამაშზე უარის თქმის მიზეზი არ იყო. ავადმყოფობისგან არ დავღლილვარ. ექიმებმა მითხრეს, რომ რეციდივის საშიშროება იყო, მე კი ვცდილობდი, ნელ-ნელა გამოვჯანმრთელებულიყავი. ჩემ ცოლს სურდა, კარიერა “ბარსელონადან” წასვლისთანავე დამესრულებინა, მაგრამ ახლა მას ჩემი ესმის. ვიცოდი, რომ კიდევ რამდენიმე წლით თამაში შემეძლო.”
საყვარელი მოგონება
“ჩემი საყვარელი მოგონება ტიტო ვილანოვასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა. ასევე, “ბარსელონას” მაისურით ჩატარებული ბოლო თამაში, როდესაც საშუალება მქონდა ჩემი ბიძაშვილი მოედნის ცენტრში მიმეყვანა. მან ეს დაიმსახურა. უამრავი ადამიანი ტაშს მიკრავდა და ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს, თუ რას ნიშნავს “ბარსელონა”. მეტი, ვიდრე კლუბი; მეტი, ვიდრე ოჯახი.”



