“ბარსელონას” აკადემიის 19 წლის სამხრეთ კორეელი აღზრდილი, ლი სუნ ვუ აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სხვა გუნდი უკეთეს პირობებს შესთავაზებს.
“საუკეთესო გადაწყვეტილებას “ბარსელონას” წარმომადგენლებთან შეხვედრისა და ახლობლების რჩევების მოსმენის შემდეგ მივიღებ. თუ “ბარსელონაში” არ ვითამაშებ, სხვა გუნდს მოვძებნი, რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს.” – ციტირებს ვუს სიტყვებს Yonhap.
ლი სუნ ვუ “ბარსელონას” 2011 წელს შეუერთდა. მას კატალონიელთა სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები, მათ შორის ერთი თამაში “ბარსა ბ”-შიც. სამხრეთ კორეის 17 და 20-წლამდელთა ნაკრებებში გამართულ 34 თამაშში მან 20 გოლი გაიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა აზიელი ფეხბურთელის დამატების სურვილს გერმანული “დორტმუნდი” გამოთქვამს.



