ბრაზილიური “სანტოსის” შემტევი ნახევარმცველი ლუკას ლიმა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან “ბარსელონასთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა.
“თქვენ, ჟურნალისტებს, შეგიძლიათ თქვათ ყველაფერი, რაც მოგინდებათ. რატომ არ მიდიხართ ფეხბურთელთან და მას არ ეკითხებით, რა ხდება? “სანტოსთან” კონტრაქტი მაკავშირებს. როდის ვთქვი, რომ წასვლას ვაპირებ? ფიქრობთ, ვირი ვარ და ხალხის თანდასწრებით ვიტყოდი, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გავაფორმე?” – ციტირებს ლუკას ლიმას სიტყვებს Depor.com.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ლუკას ლიმამ, რომელსაც “სანტოსთან” კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავდება, “ბარსელონასთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია. თითქოს, ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია პოკერის ერთ-ერთი თამაშის დროს დაადასტურა, რომელსაც მისი მეგობარი ნეიმარიც ესწრებოდა.
საქმე იმან გაართულა, რომ “სანტოსმა”, “ბარსელონას” წინააღმდეგ, FIFA-ში საჩივრის შეტანა გადაწყვიტა. საქმე ისაა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება 1 ივლისამდე არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ლუკას ლიმამ უარყო, რომ მან კატალონიელებთან შეთანხმებას მიაღწია.


