“ბარსელონა” ბრაზილიური “პალმეირასის” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის, ვიტინიოს არენდით აყვანასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონა” “პალმეირასთან” მოლაპარაკებებს მალე დაასრულებს. 19 წლის ფეხბურთელი ერთ სეზონს “ბარსა ბ”-ში გაატარებს, რის შემდეგაც, კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ვიტინიო ჰუგო სანტანა კარვალიო, “ბარსელონას” მარლონ სანტოსის მსგავსი პირობებით შეუერთდება. ამ უკანასკნელის ტრანსფერმა გაამართლა და “ბარსამ” გადაწყვიტა, იგივე გზას სხვა ფეხბურთელის შემთხვევაშიც დააადგეს.
ვიტინიოს “პალმეირასის” პირველი გუნდის მაისურით სულ 8-ჯერ უთამაშია, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ “ბარსელონას” ყურადღება მიექცია.
ვიტინიოს ახასიათებენ, როგორც სწრაფ და კრეატიულ ნახევარმცველს, რომელსაც კარგი ხედვა აქვს.


