“ბარსელონას” ხელბურთის გუნდმა, რომელიც ევროპული ხელბურთის ისტორიაში საუკეთესოა, მორიგი ტიტული მოიგო და ამას კიდევ ერთი რეკორდი მოაყოლა.
“ბარსა ლასამ”, ესპანეთის თასის ფინალში, “ნატურჰაუს ლა რიოხა” 34-29 დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეოთხედ, სულ კი 21-ედ მოიგო. “ბარსელონა” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ხელბურთში ესპანეთის თასი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო. სულ მოგებებს თუ ჩავთვლი, სხვაობა ძალიან დიდია – მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის “ატლეტიკოს” მხოლოდ 10 თასი აქვს.
მიმდინარე სეზონში, “ბარსა ლასას” უკვე 4 ტიტული დაუგროვდა – ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ მეშვიდედ), ესპანეთის სამეფო თასი (ზედიზედ მეოთხედ), ესპანეთის თასი (ზედიზედ მეექვსედ) და ესპანეთის სუპერ თასი (ზედიზედ მეხუთედ). ჩემპიონთა ლიგაზე კი, კატალონიელები ნახევარფინალამდე მივიდნენ.
თუ რამდენად ძლიერი გუნდია “ბარსა ლასა” ისტორიულად, სტატისტიკით მარტივად გამოიხატება: კატალონიელებს, ისტორიაში, სულ 13 ტურნირი აქვთ მოგებული. აქედან 11-ში, თასების მხრივ, ისინი რეკორდსმენები არიან, ხოლო ერთში – თანარეკორდსმენები. “ბარსას” ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული არა მხოლოდ ყველა ესპანური ტურნირი, არამედ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა, თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერ თასიც.