ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. კატალონიურმა კლუბმა “ალავესი” 3:1 დაამარცხა.
“ლიონელ მესი პირდაპირი გაგებით, არაამქვეყნიური ცივილიზაციის წარმომადგენელია. გამიმართლა, რომ მწვრთნელის რანგში მისი საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია ვიხილე. არგენტინელი ნომერ პირველია. ამისთვის საკუთარი თამაშის ყველა ასპექტის კონტროლი და ფიზიკური ძალაა საჭირო.
მესი თავის ფიზიკურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას აქცევს. სამომავლოდ, მისგან კიდევ ბევრს უნდა ველოდეთ. ლეოს ასაკი ტიტულების რაოდენობას ემთხვევა.
არსებობს კარგი წინაპირობა იმისა, რომ “ბარსელონა” მომდევნო სეზონში დიდებულ შედეგს მიაღწევს. წასვლა მჭირდებოდა და ვფიქრობ, ეს ფეხბურთელებისთვისაც კარგი იქნება.
ამაყი ვარ, რადგან “ბარსელონაში” მოგებული თასებით ქომაგები გავახარე. სწორედ მე მივიღე წასვლის გადაწყვეტილება. ფეხბურთელებს ახალი სტიმული სჭირდებათ. 13 შესაძლო ტიტულიდან 9 მოვიგე – ეს შესანიშნავი სტატისტიკაა.”-ამბობს ენრიკე.