workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასენხო და ბურთი – საერთო ენის ძიებაში

ასენხო და ბურთი – საერთო ენის ძიებაში

“ერთი “პატარა” ნაბიჯიც და “ბარსელონა” “ლა ლიგას” ზამთრის ჩემპიონი გახდება. ამ “პატარა” ნაბიჯის გადადგმას კი კატალონიელები დღეს, “ნოუ კამპზე” 23 საათსა და 55 წუთზე შეეცდებიან, ხოლო ნაბიჯის გადადგმაში მათ “მალაგას” კიპერი, სერხიო ასენხო და მისი თანაგუნდელები დაეხმარებიან.”

სწორედ ასე იწყებოდა სტატია, რომელიც “ბარსელონა” – “მალაგას” შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შემოგთავაზეთ (სტატიის ლინკი) და მინდა გითხრათ, რომ ვცდებოდი, უფრო სწორად კი ნახევრად ვცდებოდი. მართალია იმ ნახსენები “პატარა” ნაბიჯის გადადგმაში სერხიო ასენხო და მისი თანაგუნდელები მართლაც დაეხმარნენ “ბარსას” და კატალონიურ კლუბთან ანგარიშით, 4–1 დამარცხდნენ, მაგრამ მათზე მეტად კატალონიელებს ალმერიელი “გმირები” დაეხმარნენ. ალმერიელი “გმირები”, რომლებიც საკუთარ მოედანზე ჩვენს საყვარელ გუნდთან ისეთი ანგარიშით დამარცხდნენ, რომლის ხსენებაზეც ყოველთვის 29 ნოემბერი მახსენდება, რადგანაც პირადად ჩემთვის “ალმერიასთან” დაფიქსირებული ანგარიში “განადგურებასთან” ასოცირდება, “განადგურება” კი შესაბამისად 29 ნოემბერთან, 29 ნოემბერი კი რაღა თქმა უნდა “მადრიდთან”. გუნდთან, რომელმაც გუშინ, სანამ “ბარსა” შეხვედრას გამართავდა, იმ “ალმერიასთან” 2 ქულა დაკარგა, რომელმაც პეპის შეგირდებისგან 8 უპასუხო ბურთი მიიღო. ასეა თუ ისე, ასენხოსთან, დემიკელისთან, თუ “მალაგას” სხვა ახალ, თუ ძველ ფეხბურთელებთან ერთად, იმ “პატარა” ნაბიჯის გადადგმაში ალმერიელი “გმირები” და სამეფო გუნდის ფეხბურთელები დაეხმარნენ. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა ვუთხრა, რომლებმაც პატარა წვლილი მაინც შეიტანეს იმაში, რომ “ბარსა” მხოლოდ “ზამთრის ჩემპიონი” კი არ გახდა, არამედ მეორე ადგილზე მყოფი გუნდი 4 ქულით ჩამოიშორა.

მოდით, ახლა უშუალოდ “ბარსასა” და “მალაგას” დაპირისპირებაზე ვისაუბროთ. გონსალეს გონსალესის სასტვენის შემდეგ კატალონიელებმა ტრადიციულად მოიპოვეს ბურთი და მას უკვე ვეღარ ელეოდნენ და ისეთი პირი უჩანდა მის გაშვებას დიდ ხანს არ აპირებდნენ. ამიტომაც ბურთი მათ შეხვედრის ბოლომდე დარჩათ, თუ რაღა თქმა უნდა იმ ერთ მომენტს არ ჩავთვლით, როდესაც ბურთი ვიქტორ ვალდესის კარის ბადეში გაეხვა, მაგრამ ეს შემდეგისთვის გადავდოთ. მაქამდე კი ბევრი საინტერესო რამ მოხდა. უფრო კონკრეტულად კი პირველად ფეხბურთის გულშემატკივარი, თუ ფეხბურთის გულშემატკივართან თანმხბლები პირი, რომელიც იძულებული იყო ეყურებინა ამ შეხვედრისთვის, მერვე წუთზე გამხიარულდა, როდესაც დანი ალვესის პასის შემდეგ ბურთი ანდრეს ინიესტამ მალაგელთა კიპერის, ასენხოს კარისკენ გადაგზავნა. ასენხო კი იდგა და ბურთთან კონტაქტი იქამდე ვერ დაამყარა, სანამ ანდრესის დარტყმული მისგან მარჯვნივ მდგარ ძელს არ მოხვდა და შემდეგ მის უკან “მდგომ” ბადეში არ გაეხვა, უფრო სწორად კი ვერ გაეხვა, რადგანაც მალევე უკან გამოვარდა. როგორც ჩანს, ბურთი მეკარესთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, მაგრამ თუ ასენხოც რამეს არ იღონებდა ისე არაფერი გამოვიდოდა…

ბურთი კი ცდილობდა და ცდილობდა სერხიოსთან დამეგობრებას. ანდრესის შემდეგ ამაში თვით დავიდ ვილიაც კი დაეხმარა, მაგრამ სერხიომ ბურთის თავიდან ასაცილებლად ფეხები გაშალა და ბურთი მეორედ შეეხო მის უკან “მდგომ” ბადეს (შიგნიდან). როგორც ხედავთ, “ბარსას” სანერვიულო არ ჰქონია, თუმცა ტრავმის გარდა რას შეეძლო მისი განერვიულება? დიახ, მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონსა და პედროს მთავარმა ასისტენტმა ტრავმა მიიღო. ამის გამო კი იგი გუნდს 10–15 დღით ვერ დაეხმარება, მის ჩანაცვლებას პეპი ადრიანო კორეიათი შეეცდება. თუმცა, პედროს “უდანიალვეშობა” დიდხანს არ უგვრძნია. 36–ე წუთზე, პირველი გოლის ავტორმა ლეო მესის პასით გოლის გატანა ცადა, მაგრამ ასენხო ამჯერად ბურთთან ურთიერთობაში თამამი გახდა და მისი მოგერიება მოახერხა, მაგრამ ამჯერად პედროს დახმარებით ბურთმა არ ისურვა მეკარესთან კონტაქტის დამყარება და ანგარიში 3–მდე გაიზარდა. ამის შემდეგ კი პეპის შეგირდებმა ცოტა განტვირთვა გადაწყვიტეს და შესვენებამდე მეტი გოლი აღარ გაუტანიათ.

მეორე ტაიმი პირველს ნამდვილად არ გავდა, მაგრამ “ბარსას” ფეხბურთელებს ვერაფერში დავანაშაულებთ, რადგანაც მათ მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყვიტეს. 68–ე წუთზე სტუმრებიც გამხიარულდნენ. დუდამ საჯარიმო 5–იანზე შეასრულა და შეხვედრაში მეოთხე გოლი გვანახა. კატალონიელებმა გამხიარულება ასე არ უნდაო და 6 წუთში ჩავის პასით, დავიდ ვილიამ ასენხო კიდევ ერთხელ დაამწუხრა. ბურთი და სერხიო კი ერთმანეთს კიდევ ერთხელ და ამჯერად საბოლოოდ აცდნენ…

როგორც ხედავთ, “ბარსელონა” “ზამთრის ჩემპიონია” და ამასთან ერთად, უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს. “ზამთრის ჩემპიონობასთან” ერთად, კატალონიელებმა ერთი რეკორდიც დაამყარეს. სეზონის პირველი ნახევარი ასეთი შედეგით “პრიმერა დივიზიონში” არც ერთ გუნდს არ დაუმთავრებია, რაც რაღა თქმა უნდა ძალიან საამაყოა. ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, 5 გოლი გავიდა.

P.S. იმედია ამის შემდეგ სერხიო ასენხო და ბურთი საერთო ენას გამონახავენ და მის კარში მრგვალი საგანი ამდენჯერ აღარ გაეხვევა.

ვიდეომასალა

მიმოხილვა

[media=http://www.youtube.com/watch?v=87Mn5Vu_HuM]

აფელაი “მალაგას” წინააღმდეგ

[media=http://www.youtube.com/watch?v=ssEXViTn7js]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში