მოგეხსენებათ, გუშინ ”ფიფასა” და “France Bootball”-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით ”ოქროს ბურთი” გადაეცა ”ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ლიონელ მესის.
6 დეკემბერს ”ბარსელონას” სამი ფეხბურთელი იქნა წარდგენილი ”ოქროს ბურთის” ნომინაციაზე: ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი. მიუხედავად იმისა, რომ ლეოს 2009 წელს აღებული ჰქონდა ”ოქროს ბურთი”, ის არ განიხილებოდა ფავორიტად. მესი გაკვირვებას ვერ მალავდა, როდესაც პეპ გვარდიოლამ მისი სახელი და გვარი ამოიკითხა. როდესაც ლეო აუდიენციის წინაშე წარსდგა, მისი პირველი სიტყვები ასეთი იყო: ”ამას არ ველოდი.”
”მინდა ეს გამარჯვება ჩემს თანაგუნდელებს მივუძღვნა. რომ არა ისინი, მე დღეს აქ არ ვიდგებოდი. მართალია, ჯილდო მე გადმომეცა, თუმცა ჩავი და ინიესტაც იმსახურებდნენ ”ოქროს ბურთს” იმის გამო, რაც მათ გააკეთეს.”- განაცხადა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა.
პირველები, ვინც მესის გამარჯვება მიულოცეს, იყვნენ ჩავი და ინიესტა. ”ის ყველა ჩვენთაგანზე ერთი საფეხურით მაღლა დგას. ის საუკეთესო ფეხბურთელია და ამაზე კამათი საჭირო არაა. ეს პრიზი ”ბარსას” ახალგაზრდული გუნდისაცაა და მე ვამაყობ, რომ მისი ნაწილი ვარ.” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
”ის იყო ღირსი და იმსახურებდა გამარჯვებას”- განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
პიკემაც გააკეთა კომენტარი პრესასთან და აღიარა, რომ ”მესი საუკეთესოა. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ. ეს ყველა ჩვენთაგანის გამარჯვებაა.”
”ის იმსახურებდა ”ოქროს ბურთს”, თუმცა ჩავი და ინიესტაც იმსახურებდნენ ამ ჯილდოს. მათ კიდევ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ეს პრიზი მოიგონ.” – განაცხადა დავიდ ვილიამ.



