გუშინ, ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა, გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აძლევს ნეიმარ ჟუნიორი ჩვენებას სასამართლოს 2016 წლის თებერვალში.
ამ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდეც იყო გავრცელებული, თუმცა არა ვიდეომასალა. ახლა კი, ვიდეოს ნახვაცაა შესაძლებელი.
ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ნეიმარი სასამართლოზე შემდეგს აცხადებს: “ამ საქმეზე ბევრი არაფერი ვიცი. ინფორმაციის უმეტესობა პრესისგან მივიღე. ჩემი დაბადებიდან მოყოლებული, ჩემი კარიერით მამაჩემია დაკავებული. ის არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. ის ჩემ ცხოვრებასა და კარიერაზე ზრუნავს.
სიმართლე გითხრათ, ჩემ კარიერაში პირველი ხელშეკრულების დეტალები არც კი მახსოვს. ვიცი, რომ იმ დროს 16 წლის ვიყავი. მას შემდეგ, რაც კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ამ ყველაფრით მამაჩემია დაკავებული. მას ვენდობი. როდესაც მან მითხრა, კონტრაქტზე ხელი მომეწერა, ეს უპრობლემოდ გავაკეთე.
მამა არის ადამიანი, რომელსაც ვენდობი. მას სრული თავისუფლება აქვს, გადაწყვეტილებები მიიღოს ჩემ მაგივრად.
“ბარსელონაში” გადმოსვლამდე სხვა შეთავაზებებიც მქონდა, მაგრამ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, რადგან გადაწყვეტილებებს მამაჩემი ღებულობდა.”
უკვე ცნობილია, რომ “ბარსელონა” ამ ვიდეომასალის გავრცელებით უკმაყოფილოა. კატალონიელები საქმის მწარმოებელი მოსამართლისგან, ხოსე დე ლა მატასგან ითხოვენ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა მასალის გავრცელება. თავად ვიდეობიდან ჩანს, რომ გადაღება მოსამართლის მხრიდან მიმდინარეობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩანაწერი სასამართლოს არქივისთვის გაკეთდა.


