მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ამჟამად “სოსიედადში” მოთამაშე ასიერ ილიარამენდიმ, “ბარსელონასთან” გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, არბიტრებზე დაიჩივლა და განაცხადა, რომ კატალონიელთა ფეხბურთელი ლიონელ მესი წითელ ბარათს იმსახურებდა.
თამაშის შემდეგ, ილიარამენდიმ Twitter-ზე შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: “ისევ და ისევ იგივე ხდება”. მოგვიანებით, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “Twitter-ზე დავწერე ის, რასაც ვფიქრობ. მესის რომ “ბარსელონას” მაისური არ ცმოდა, მას მოედნიდან გააძევებდნენ. მან ბურთის გათამაშების საშუალება არ მომცა. “ბარსელონასთან” ჩემპიონატის მატჩშიც დავიჩაგრეთ და უკვე დავიღალეთ.” – განაცხადა ილიარამენდიმ.
“სოსიედადის” ფეხბურთელი იმ ეპიზოდზე საუბრობს, როდესაც მას ჯარიმიდან ბურთის სწრაფად გათამაშება სურდა, მაგრამ მას ამის საშუალება მესიმ არ მისცა. ამის შემდეგ, ილიარამენდი არგენტინელისთვის მე-2 ყვითელი ბარათის ჩვენებას ითხოვდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.



