სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი დღეა დარჩენილი, მაგრამ “ბარსელონამ” სატრანსფერო აქტიურობა უკვე დაასრულა. ლუის ენრიკეს განკარგულებაში ის გუნდია, რომელიც მას სურდა – სრულად დაკომპლექტებული როგორც სასტარტო შემადგენლობა, ასევე სათადარიგოთა სკამი.
“ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში 22 ფეხბურთელია. მათ დიდ ნაწილს არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც ლუის ენრიკეს დიდ არჩევანს უტოვებს. მოდით, განვიხილოთ “ბარსელონას” შემადგენლობა პოზიციების მიხედვით.
მეკარე

კლაუდიო ბრავოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, სეზონის სტარტზე, პირველ მეკარედ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქცა. გერმანელს “ბარსელონას” მომავალს უკავშირებენ და ახლა, 2-წლიანი ლოდინის შემდეგ, მან ის ადგილი მიიღო, რომელიც სურდა.
ტერ შტეგენმა, “სან მამესზე”, ძალიან რთულ სტადიონზე, მაღალი დონის თამაში ჩაატარა. მან მენტალური სიმტკიცე, რეაქცია და ფეხით კარგად თამაში გვიჩვენა.
ივარაუდება, რომ ჰოლანდიელი მეკარე, იასპერ სილესენი ტერ შტეგენის რეზერვისტი იქნება. ის ესპანეთის თასზე ითამაშებს. ხორდი მასიპი კი კვლავ მე-3 მეკარედ დარჩება.
მარჯვენა მცველი

დანი ალვესის წასვლის შემდეგ, ამ პოზიციაზე სათამაშოდ ერთმანეთს კონკურენციას სერჟი რობერტო და ალეიშ ვიდალი გაუწევენ. 2008 წლიდან მოყოლებული, ამ პოზიციაზე, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი უკონკურენტო იყო. ახლა კი, მისთვის 2 კატალონიელი იბრძოლებს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, სერჟი რობერტო უკეთეს სიტუაციაშია. მიმდინარე სეზონში გამართული 4 ოფიციალური მატჩიდან მან 3-ში ითამაშა. 24 წლის ფეხბურთელბმა ლუის ენრიკე თავისი მრავალმხრივობისა და უპირველესად საფეხბურთო ინტელექტის წყალობით მოხიბლა. ასტურიელს მიაჩნია, რომ მან თამაშის წაკითხვა ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება ვიდალს, ის, ჯერჯერობით, რეზერვისტია და ენრიკეს გადარწმუნებისთვის მას ბევრი შრომა მოუწევს.
მარჯვენა ცენტრალური მცველი

2008 წლის შემდეგ, როდესაც “ბარსელონაში” ხერარდ პიკე დაბრუნდა, ამ პოზიციაზე კონკურენცია არ გვინახავს. კატალონიელი მცველი ყოველთვის უკონკურენტო იყო. ის “ბლაუგრანას” დაცვის საკვანძო ფეხბურთელია. პოზიციის შერჩევა, მე-2 სართულზე კარგად თამაში, შემტევი მენტალიტეტი… მას ეს ყველაფერი აქვს. ამის წყალობით, ის ლუის ენრიკეს გუნდის უცვლელი წევრია. ის ხელშეუხებელია. თუ პიკეს დასვენება ჭირდება, ხავიერ მასკერანოს შეუძლია ეს გააკეთოს. ამ პოზიციაზე თამაში სერხიო ბუსკეტსაც შეუძლია, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში.
მარცხენა ცენტრალური მცველი

ამ პოზიციაზე, ლუის ენრიკეს დიდი არჩევანი აქვს: ხავიერ მასკერანო, ჟერემი მატიე და სამუელ უმტიტი. ამჟამინდელი მდგომარეობით, სასტარტო ფეხბურთელი უმტიტია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო მატჩებში მოედანზე მისი გამოჩენის მიზეზი მასკერანოსა და მატიეს ტრავმებიც იყო. ვნახოთ, რა მოხდება მაშინ, როდესაც სამივე მათგანი მწყობრში იქნება, მაგრამ აშკარაა, რომ “ლიონიდან” გადმოყვანილ ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს. ის ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და მე-2 სართულზე კარგად მოთამაშე მცველია.
მასკერანოსა და მატიეს კი, სხვა პოზიციებზე თამაშიც შეუძლიათ. არგენტინელი, შესაძლოა, ვიხილოთ მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ან საყრდენ ნახევარმცველად, ფრანგს კი დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია.
მარცხენა მცველი

ამ პოზიციაზე სათამაშოდ ერთმანეთს კონკურენციას ხორდი ალბა და ახალწვეული ლუკა დინი გაუწევენ. კატალონიელმა, რომელიც უფრო გამოცდილია, პრიმერას პირველი ორი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. თუმცა, კონკურენცია სერიოზული იქნება, რადგან ფრანგმა მცველმა დაამტკიცა, რომ ის ახალ კლუბში ადაპტაციას მარტივად გადის.
ამ პოზიციაზე თამაში მატიესაც შეუძლია. სეზონის პირველ მატჩში, “სანჩეს პისხუანზე”, მარცხენა მცველად სწორედ ის მოგვევლინა.
საყრდენი ნახევარმცველი

2008/09 წლებიდან მოყოლებული, ამ პოზიციაზე, სერხიო ბუსკეტსი უკონკურენტოა. ის კვლავ არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდის თამაშს აბალანსებს. ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ ბუსკეტსს რეზერვისტი ჭირდება, მაგრამ მისდამი ნდობა იმდენად დიდია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო დროის მიღების შანსი არ ექნებათ. სერხიო ყოველთვის კარგია პოზიციის შერჩევის დროს. ის მეტოქის იერიშების ჩაშლის სპეციალისტია. ის ასევე ძლიან კარგია პრესინგში და ტემპის კონტროლში.
ბუსკეტსის პერიოდულად ჩანაცვლება ხავიერ მასკერანოს შეუძლია, რომელიც არგენტინის ნაკრებში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობს. გარდა ამისა, საყრდენ ნახევარმცველად ივარგებს დენის სუარესიც.
მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი

ეს პოზიციაც ხელშეუხებელია და მას ივან რაკიტიჩია დაპატრონებული. 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, ხორვატი კონკურენციას არავისთან აგებს. რაკიტიჩი შრომისუნარიანობით გამოირჩევა და ის შეტევაშიც ძალიან კარგად ერთვება. ლუის ენრიკეს შეუძლია ამ პოზიციაზე რაფინია, ან სერჟი რობერტოც ათამაშოს.
მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი

ამ პოზიციის მეპატრონე გუნდის კაპიტანი, ანდრეს ინიესტაა. ლა მანჩელი ლეგენდა პირველ გუნდში თავის მე-15 სეზონს ატარებს და ის ამ ზონაში გარანტად დგას. კონტროლი, სიზუსტე და უსაფრთხოება – ამით გამოირჩევა ინიესტა. თუმცა, ლუის ენრიკემ კარგად იცის, რომ ანდრესი ყველა მატჩში სრულად ვერ ითამაშებს. ასტურიელს, მის რეზერვისტებად დენის სუარესი და ანდრე გომეში ჰყავს. ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია არდა თურანსაც.
მარჯვენა შემტევი

შეტევის მარჯვენა ფლანგი ლეო მესისაა. თავისი ნიჭის, შესაძლებლობებისა და ეფექტურობის წყალობით, არგენტინელი გოლების გატანით, საგოლე გადაცემების კეთებითა და სივრცეების შექმნით გამოირჩევა. მესი პოზიციას ხშირად იცვლის, რაც მეტოქე გუნდის მცველებისთვის დამღუპველია. ეს, მოწინააღმდეგეში, ბალანსის დარღვევას იწვევს.
მესის ალტერნატივები სერჟი რობერტო და ალეიშ ვიდალი არიან.
ცენტრალური თავდამსხმელი

ცენტრფორვარდის პოზიცია ლუის სუარესს აქვს ათვისებული, რომელსაც ძალიან ბევრი გოლი გააქვს. ის ასევე სივრცეების შექმნითა და საგოლე პასების კეთებითაც გამოირჩევა.
ახალ სეზონში, სუარესს, პაკო ალკასერის სახით, კონკურენტი ეყოლება. 23 წლის ფეხბურთელიც ცენტრფორვარდია. პაკოს ფლანგზე თამაშიც შეუძლია, მაგრამ მისი მთავარი პოზიცია მეტოქის საჯარიმოა, სადაც ის კარგი საგოლე ალღოს შესაბამისად გადაადგილდება. ალკასერი კარში პირველივე შესაძლებლობისთანავე ურტყამს. სუარესის მსგავსად, ის კარგია მე-2 სართულზეც და გარდა ამისა, ალკასერი თერთმეტმეტრიანების შესრულების სპეციალისტიცაა.
მარცხენა შემტევი

ნეიმარის გუნდში მოსვლის შემდეგ, შეტევის მარცხენა ფლანგი ბრაზილიელმა აითვისა. სწრაფი და კარგი დრიბლინგის მქონე ნეიმარს მეტოქის დაცვაში ქაოსი შეაქვს. მას გოლეებიც გააქვს და ბურთის დაკარგვის შემდეგ, პრესინგშიც აქტიურად მონაწილეობს.
ნეიმარს, ბრაზილიის ნაკრებში ყოფნის გამო, სეზონის სტარტი გაუცდა და მისი ადგილი წარმატებით დაიკავა არდა თურანმა. თურქმა დაამტკიცა, რომ ის ამ პოზიციაზე გაცილებით პროდუქტიულია. მას გოლებიც გააქვს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს.
წყარო: Sport.es