“ბარსელონამ” გასულ ზაფხულს ცენტრალური მცველის შეძენა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატების გარეშე დახურა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა არაერთი კანდიდატი განიხილა, მაგრამ ზოგიერთის ტრანსფერი შეუძლებელი აღმოჩნდა, სხვებმა კი ჰანსი ფლიკის მოწონება ვერ დაიმსახურეს.
გერმანელ მწვრთნელს ცაცია ცენტრალური მცველი სურდა, რომელსაც მარცხენა მცველად თამაშიც შეეძლებოდა. ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, კლუბის სპორტულმა დეპარტამენტმა რამდენიმე ფეხბურთელზე მოამზადა ანგარიში.
ყველაზე სასურველი კანდიდატი “მანჩესტერ სიტის” 24 წლის მცველი იოშკო გვარდიოლი იყო. ხორვატი ფლიკის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, თუმცა ინგლისური კლუბის დატოვებას არ აპირებდა. საბოლოოდ, მან “სიტისთან” კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კანდიდატი “ინტერის” 27 წლის მცველი ალესანდრო ბასტონი იყო. იტალიელი “ბარსელონას” ინტერესს პასუხობდა, თუმცა ფლიკი მის ტრანსფერში ბოლომდე დარწმუნებული არ ყოფილა. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ბასტონის მისთვის სასურველი სისწრაფე აკლდა. მწვრთნელი უფრო მეტად ენდობოდა ჟერარ მარტინს, რომელიც თავად გადაამზადა მარცხენა მცველიდან ცენტრალურ მცველად.
ფლიკის მოთხოვნით, “ბარსელონამ” ანდრეას კრისტენსენსაც გაუხანგრძლივა კონტრაქტი. მიუხედავად დანიელის ტრავმების ისტორიისა, მწვრთნელი მის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას მაღალ შეფასებას აძლევდა. კრისტენსენი ხელფასის შემცირებას დათანხმდა და კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.
ივნისში “ბარსელონამ” 19 წლის ხორხე სალინასის ტრანსფერიც განიხილა. ფეხბურთელი კლუბს ჟორჟე მენდეშმა შესთავაზა. კატალონიელები მზად იყვნენ “რასინგისთვის” 5-6 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა სანტანდერული კლუბი ამტკიცებდა, რომ ლა ლიგაში აღზევების შემდეგ მისი გამოსასყიდი თანხა 16 მილიონ ევრომდე გაიზარდა. “ბარსელონამ” ეს ფასი ზედმეტად მიიჩნია ფეხბურთელისთვის, რომელსაც უმაღლეს დონეზე თავი ჯერ არ დაემკვიდრებინა.
ამ პერიოდში რონალდ არაუხოს გუნდში დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი. ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ურუგვაელი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ფლიკი მას ცენტრალურ მცველად იშვიათად იყენებდა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მწვრთნელს არაუხოსთვის არ უთქვამს, რომ მის გეგმებში აღარ შედიოდა.
ვითარება აგვისტოში შეიცვალა. ინგლისში, სენტ-ჯორჯის პარკში გამართული შეკრების დროს ფლიკმა არაუხოს აუხსნა, რომ სათამაშო დროის მიღება გაუჭირდებოდა, რადგან ცენტრალური მცველების იერარქიაში პაუ კუბარსის, ჟერარ მარტინსა და კრისტენსენზე უკან იდგა. ამის შემდეგ ურუგვაელმა “ლივერპულში” იჯარით გადასვლის შესაძლებლობა გამოიყენა.
ზაფხულის განმავლობაში განიხილებოდა ნიკო შლოტერბეკის, იბრაჰიმა კონატეს, მარკოს სენესისა და მიკი ვან დე ვენის კანდიდატურებიც. თუმცა ზოგიერთი მათგანი კლუბისთვის პრიორიტეტული არ იყო, ზოგი კი მოთხოვნილ პროფილს ვერ აკმაყოფილებდა. მანამდე “ბარსელონამ” მარკ გეჰის ვარიანტიც გამორიცხა, რომელიც საბოლოოდ “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა.
ივლისში კატალონიელებს აიმერიკ ლაპორტიც შესთავაზეს. ესპანელმა მცველმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა კლუბს არ სურდა გადაწყვეტილების მხოლოდ მოკლე ტურნირზე ნაჩვენები თამაშის საფუძველზე მიღება. ამასთან, არსებობდა ვარაუდი, რომ “ბილბაო” მას “ბარსელონაში” არ გაუშვებდა.
აგვისტოში განიხილებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით მოასპარეზე კრისტიან რომეროს დამატებაც, მაგრამ არგენტინელის თვისებებმა ფლიკი ვერ დაარწმუნა. მოგვიანებით პინი ზაჰავიმ კლუბს “ლაიფციგის” 23 წლის მცველი კასტელო ლუკება შესთავაზა, თუმცა მოლაპარაკებები არ განვითარებულა.
ამ დროისთვის “ბარსელონას” უკვე შეძენილი ჰყავდა ენტონი გორდონი, კარიმ ადეიემი, ჯესი ბისივუ, ჟოაუ კანსელუ და როდრი. კლუბს ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაც სჭირდებოდა. მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესი იყო, საბოლოოდ კი გაბრიელ ჟეზუში დაიმატეს. ამ ტრანსფერების შემდეგ ცენტრალური მცველისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კლუბმა ყურადღება “ტვენტეს” 18 წლის მცველ რუდ ნეისტადზე გადაიტანა. “ბარსელონა” ნიდერლანდელს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა და მასზე დადებითი შეფასებები ჰქონდა მიღებული. თავად ფეხბურთელიც თანახმა იყო ტრანსფერზე, თუმცა “ტვენტემ” მაღალი თანხა მოითხოვა. საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა და კატალონიელებმა ტრანსფერზე უარი ბოლო დღეს თქვეს.
რადგან ახალი ცენტრალური მცველის დამატება ვერ მოხერხდა, კლუბმა შიდა რესურსების გამოყენება გადაწყვიტა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფლიკი უპირატესობას ერიკ გარსიას ანიჭებდა, ამიტომ ჟიულ კუნდე ცენტრალური დაცვის დამატებით ვარიანტად განიხილეს. მიუხედავად ამისა, ფრანგს ამ პოზიციაზე მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მცირე სათამაშო დრო მიეცა.




ლამის ყველა ჩამოთვლილი მცველი ჯობდა მარტინს, ზოგიერთი თუ არ ჯობდა ნაკლები ნამდვილად არ იყო! იშვილოს ბარემ ეს სიმახინჯე მარტინი ფლიკმა და გასაგები იქნება ესეთი სიყვარული
ატრაკებს ფლიკი და უხარია🙂 მარტინმა დაიმსახურა მოწონება და ამათ ვერაა?!😀