მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ჩავი ესპარტმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ჩავი ესპარტმა ბარსელონასთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა

მოკლედ
"ბარსელონას" 19 წლის მცველმა ჩავი ესპარტმა კლუბთან ახალი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა, რომელიც 2030 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს. ხელმოწერის ცერემონია ჟოან ლაპორტას მონაწილეობით გაიმართა.

“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის აღზრდილმა ჩავი ესპარტმა ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა. 19 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში 2030 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ხელმოწერის ცერემონია 20 ნოემბერს, “სპოტიფაი კამპ ნოუს” ოფისში, კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას მონაწილეობით გაიმართა. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ კიდევ ოქტომბერში შეთანხმდნენ, ახლა კი ეს შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.

ესპარტმა, რომელიც პირველ გუნდში 12-ნომრიანი მაისურით თამაშობს, კლუბში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა:

“მინდა, კარიერა “ბარსელონაში” გავატარო.”

ახალგაზრდა მცველმა აღნიშნა, რომ პირველ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებაზე ოცნებობს, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება სურს. ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს, რომ ამისთვის განვითარება, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და თავდაუზოგავი მუშაობა უნდა გააგრძელოს.

2015 წლიდან პირველ გუნდამდე

ჩავი ესპარტი “ლა მასიას” 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა. აკადემიაში ის ერთ-ერთ გამორჩეულ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, თუმცა მოგვიანებით თავისი უნივერსალურობა დაცვის მარჯვენა ფლანგზეც დაამტკიცა.

პირველ გუნდში მისი დებიუტი 2026 წლის მარტში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. ამის შემდეგ მან გასულ სეზონში კიდევ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

წარმატებული წინასასეზონო მომზადების შემდეგ ჰანსი ფლიკმა ახალგაზრდა ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა და ესპარტი მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა.

მან თავი განსაკუთრებით გამოიჩინა პარიზში გამართულ შეხვედრაში, სადაც გოლი გაიტანა. ეს მისთვის პირველ გუნდში მეორე გოლი იყო – მანამდე მეტოქის კარი “ლევანტესთან” გასვლით მატჩშიც ჰქონდა აღებული.

ესპარტის პროგრესი “ელ კლასიკოში” მიღებულმა ტრავმამ შეაფერხა. ეს მისი კარიერის პირველი ტრავმა იყო, თუმცა ფეხბურთელი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

ახალი კონტრაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ბარსელონა” ჩავი ესპარტს გრძელვადიანი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი