“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შედარებით მშვიდად ყოფნა შეუძლია. სამშაბათს, 17 ნოემბერს, ჟოაუ კანსელუმ, მარკ ბერნალმა და ჰამზა აბდელკარიმმა თავიანთი ნაკრებების შემადგენლობაში ითამაშეს და ტრავმები არ მიუღიათ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სამივე ფეხბურთელი უახლოეს დღეებში “ბარსელონას” დაუბრუნდება და გუნდისთვის მნიშვნელოვან პერიოდში ფლიკის განკარგულებაში იქნება.
პირველი, ვინც სამშაბათს მოედანზე გავიდა, 18 წლის ჰამზა აბდელკარიმი იყო. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებში მე-11 მატჩი ჩაატარა. მან მალავის წინააღმდეგ შეხვედრის ბოლო 15 წუთი ითამაშა. მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა, თუმცა ეგვიპტელებს აფრიკის ერთა თასის საგზური უკვე პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდათ, რადგან პირველი შეხვედრა 5-0 მოიგეს. იმ მატჩში “ბარსელონას” ფეხბურთელმა 18 წუთი ითამაშა.
19 წლის მარკ ბერნალი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა. იაპონიასთან 2-0 მოგებულ შეხვედრაში ის შესვენებაზე შეცვალეს, ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში კი მოედანზე 81 წუთი გაატარა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ბერნალი კი გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
რაც შეეხება ჟოაუ კანსელუს, პორტუგალიელი მცველი უელსთან გასვლით შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. მან თამაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, მოგვიანებით კი ჟორჟე ჟეზუშმა დაცვის მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა.
დანიის ნაკრებთან 1-4 მარცხის შემდეგ პორტუგალიას უელსის დამარცხება გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ 3-2 გაიმარჯვა. კანსელუმ მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრაში მას არ უთამაშია.
სამივე ფეხბურთელი უახლოეს დღეებში “ბარსელონას” საწვრთნელ პროცესს შეუერთდება. კატალონიური გუნდი მომდევნო მატჩს კვირას, 22 ნოემბერს, “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მართალია, კანსელუ, ბერნალი და აბდელკარიმი ტრავმებს გადაურჩნენ, მაგრამ მთლიანობაში სანაკრებო პაუზას “ბარსელონასთვის” დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია. ფრენკი დე იონგი და პაუ კუბარსი კლუბში ფიზიკური პრობლემებით დაბრუნდნენ.
ჰანსი ფლიკმა ოთხშაბათს, 18 ნოემბერს, ვარჯიში არ დანიშნა, რათა სანაკრებო მატჩებში მონაწილე ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობა მისცეს.
გუნდი ვარჯიშს ხუთშაბათს განაახლებს, როდესაც სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებული ფეხბურთელებიც შეუერთდებიან. გარკვეული გაურკვევლობა მხოლოდ რაფინიას უკავშირდება, რომელიც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სინგაპურში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციის გამო ბოლო შეხვედრაში არ უთამაშია.




forum კომენტარები (0)