ჟერარ მარტინი “ბარსელონას” ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. 24 წლის მცველი, რომელიც ბოლო პერიოდში ჰანსი ფლიკის გუნდის დაცვის ცენტრში რეგულარულად თამაშობს, არა მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები თამაშით, არამედ განსაკუთრებული ფიზიკური გამძლეობითაც გამოირჩევა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში “კორნელიადან” “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ მარტინს კუნთის არცერთი ტრავმა არ მიუღია და კლუბის შემადგენლობაში ტრავმის გამო არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.
ერთადერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური პრობლემა მას 2025 წლის ივნისში, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას შეექმნა. მცველმა მარჯვენა ხელის მეხუთე ნების ძვლის ფუძე ამოიგდო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულა. მიუხედავად ამისა, დაზიანებას ხელი არ შეუშლია, “ბარსელონასთან” ერთად წინასასეზონო მომზადება ჩვეულ რეჟიმში დაეწყო.
148 მატჩი 175 შესაძლებლობიდან
“ბარსელონაში” გატარებული სამნახევარი სეზონის განმავლობაში მარტინმა პირველი და მეორე გუნდების ჯამში ჩატარებული 175 მატჩიდან 148-ში მიიღო მონაწილეობა, რაც შეხვედრების 85.1%-ს შეადგენს.
ამ პერიოდში მან 27 შეხვედრა გამოტოვა, თუმცა არცერთი მათგანი ტრავმის გამო. ორ შემთხვევაში მიზეზი დისკვალიფიკაცია იყო, კიდევ ორჯერ ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, დარჩენილ 23 შეხვედრაში კი მისი უთამაშებლობა მწვრთნელის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.
თითქმის შეუცვლელი ბარსა ატლეტიკში
2023/24 წლების სეზონი ჟერარ მარტინმა “ბარსა ატლეტიკში” გაატარა, რომელსაც მაშინ რაფა მარკესი წვრთნიდა.
მცველმა გუნდის 42 მატჩიდან 41-ში ითამაშა, მათ შორის რეგულარული ჩემპიონატის 38 შეხვედრიდან 37-ში და პლეი-ოფის ოთხივე მატჩში. “ბარსა ატლეტიკი” იმ სეზონში მეორე დივიზიონში აღზევებასთან ახლოს იყო, თუმცა პლეი-ოფში “კორდობასთან” დამარცხდა.
მარტინმა შესაძლო 3 780 წუთიდან 3 690 ითამაშა, რაც საერთო სათამაშო დროის თითქმის 98%-ია. მან გამოტოვა მხოლოდ 2024 წლის 7 აპრილს “არენტეიროსთან” გამართული შეხვედრა, რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა. დანარჩენ მატჩებში კი მოედანზე ყველა წუთი გაატარა.
ჰანსი ფლიკის ნდობა და ახალი როლი
2024/25 წლების სეზონში ჟერარ მარტინი პირველ გუნდში დაწინაურდა. მან “ბარსელონას” 60 შეხვედრიდან 42-ში მიიღო მონაწილეობა და 1 817 წუთი ითამაშა. დანარჩენ 18 მატჩში მისი უთამაშებლობა მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.
მომდევნო სეზონში მცველის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაცვის ცენტრში გადანაცვლების შემდეგ მარტინი ინიგო მარტინესის შემცვლელად ჩამოყალიბდა და 2025/26 წლების სეზონში გუნდის 57 შეხვედრიდან 51-ში ითამაშა.
ექვსი გამოტოვებული მატჩიდან ორი, “მალიორკასა” და “ლევანტეს” წინააღმდეგ, ფინანსური ფეარ ფლეის შეზღუდვების გამო ფეხბურთელის დარეგისტრირების შეუძლებლობას უკავშირდებოდა. კიდევ ერთი შეხვედრა მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, სამ შემთხვევაში კი სათადარიგოთა შორის დარჩა.
სეზონის განმავლობაში მარტინმა შესაძლო 5 130 წუთიდან 3 249 გაატარა მოედანზე.
მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილზეა
ჟერარ მარტინის მიმართ ჰანსი ფლიკის ნდობა 2026/27 წლების სეზონშიც შენარჩუნდა. მეტიც, მცველი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფეხბურთელად იქცა.
მიმდინარე სეზონში მარტინს შესაძლო 1 440 წუთიდან 1 029 აქვს ნათამაშები და ამ მაჩვენებლით “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა.
მას მხოლოდ ოთხი თანაგუნდელი უსწრებს:
- ლამინ იამალი – 1 355 წუთი
- ჟოან გარსია – 1 305 წუთი
- პაუ კუბარსი – 1 142 წუთი
- პედრი – 1 111 წუთი
იმ ფონზე, როდესაც “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში დაცვაში არაერთი საკადრო პრობლემა აქვს, მარტინის მუდმივი მზადყოფნა ჰანსი ფლიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფეხბურთელმა, რომელმაც თავდაპირველად თავი მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოიჩინა, თანდათან დაცვის ცენტრშიც დაიმკვიდრა ადგილი. მისი ფიზიკური გამძლეობა და სტაბილურობა კი “ბარსელონას” დაცვის ხაზისთვის მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა.




forum კომენტარები (0)