მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგს გამოკლვევა ორშაბათს ჩაუტარდება

დე იონგს გამოკლვევა ორშაბათს ჩაუტარდება

მოკლედ
ნიდერლანდების ნაკრებიდან გათავისუფლებული ფრენკი დე იონგი "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნახევარმცველს ბოქვენის მიდამოში დისკომფორტი აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა 22 ნოემბერს "ვილიარეალთან" თამაშს.

ფრენკი დე იონგის ფიზიკური მდგომარეობა “ბარსელონასთვის” კვლავ საყურადღებოა. ნიდერლანდების ნაკრებიდან გათავისუფლებული 29 წლის ნახევარმცველი კლუბში დაბრუნდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს ბოქვენის მიდამოში დისკომფორტი აწუხებს.

დე იონგმა 13 ნოემბერს, საბერძნეთთან ერთა ლიგის მატჩში, მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. ნიდერლანდებმა მეტოქე 7-0 დაამარცხა, თუმცა “ბარსელონას” ნახევარმცველი შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ვირჯილ ვან დეიკის არყოფნაში ის გუნდს კაპიტნობდა.

მომდევნო დღეს ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ დე იონგი ნაკრების შეკრებას დატოვებდა და 16 ნოემბერს, გერმანიასთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამოტოვებდა.

“ფრენკი დე იონგს მცირე ფიზიკური დისკომფორტი აქვს და გერმანიასთან გასვლით მატჩს გამოტოვებს. სიფრთხილის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ბერლინში არ გაემგზავროს, რადგან ორშაბათის შეხვედრა ნახევარმცველისთვის ნაადრევია.”

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ საბერძნეთთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ ფეხბურთელი ზურგის ტკივილს უჩიოდა და მისი შეცვლა სიფრთხილის მიზნით გადაწყდა.

“ფრენკი მატჩამდეც მოვიდა ჩემთან. მას ზურგის მიდამოში დისკომფორტი ჰქონდა. შესვენებაზე გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ შევცვლიდით.”

თუმცა, როგორც Mundo Deportivo წერს, “ბარსელონაში” მიღებული ინფორმაციით, დე იონგს დისკომფორტი ბოქვენის მიდამოში აქვს. შესაბამისად, მისი მდგომარეობის შემდგომი შეფასება იქნება საჭირო. ამ ეტაპზე ტრავმის სიმძიმე და ფეხბურთელის შესაძლო უქმობის ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.

თავად დე იონგს საბერძნეთთან მატჩის შემდეგ მდგომარეობის გამო განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუხატავს და აღნიშნა, რომ მოედნიდან გასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

“პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში 5-0 იყო, მე კი ტრავმის შემდეგ ახლახან დავბრუნდი. ამიტომ გადაწყვეტილება სწორი იყო და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა.”

“ტრავმის შემდეგ ახლახან დავბრუნდი და ჯერ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ მაქვს. ხშირი მგზავრობების, სანაკრებო მატჩებისა და ჩემი ტრავმების ისტორიის გათვალისწინებით, ზედმეტი რისკის გაწევა საჭირო არ იყო.”

ნიდერლანდელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესს “ბარსელონა” ყურადღებით დააკვირდება. თავდაპირველი ვარაუდით, დე იონგს 22 ნოემბერს, “ვილიარეალთან” შეხვედრაში თამაში უნდა შეეძლოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

აღნიშნული მატჩი ლა ლიგის ფარგლებში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი