“ბარსელონასთვის” 2026 წლის 7-8 ნოემბრის უქმეები განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. კლუბის სხვადასხვა სპორტული მიმართულების ხუთმა გუნდმა მოედანზე გასვლა გამარჯვებით აღნიშნა. წარმატებას მიაღწიეს მამაკაცთა პირველმა გუნდმა, “ბარსა ატლეტიკმა”, ქალთა პირველმა გუნდმა, კალათბურთელებმა და გორგოლაჭებიან ჰოკეიში მოასპარეზე გუნდმა.
საინტერესოა, რომ ხუთივე შეხვედრა კვირას, 8 ნოემბერს გაიმართა. ხელბურთელებსა და ფუტსალის მოთამაშეებს კი უქმეებზე ოფიციალური მატჩები არ ჰქონიათ.
მამაკაცთა პირველი გუნდი: მნიშვნელოვანი გამარჯვება ატლეტიკოსთან (2-1)
ჰანსი ფლიკის გუნდმა მადრიდში, “მეტროპოლიტანოზე”, “ატლეტიკოს” 2-1 მოუგო და ლა ლიგაში ლიდერობა განიმტკიცა.
მასპინძლები მე-10 წუთზე ჯულიანო სიმეონეს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა “ბარსელონამ” მატჩის შემოტრიალება შეძლო. პირველი ტაიმის მიწურულს ფერმინ ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ნახევარში კი ლამინ იამალის პასით გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ფერმინისთვის შეხვედრა განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ლა ლიგაში მე-100 მატჩი დუბლით აღნიშნა.
ამ გამარჯვებით “ბარსელონამ” უშუალო კონკურენტ “ატლეტიკოსთან” უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.
ბარსა ატლეტიკი: ლიდერობის განმტკიცება მანრესასთან (3-0)
ჟულიანო ბელეტის გაწვრთნილმა “ბარსა ატლეტიკმა” სტუმრად “მანრესა” 3-0 დაამარცხა და ესპანეთის მეოთხე დივიზიონის, სეგუნდა ფედერასიონის ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
კატალონიელებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და უკვე მერვე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მესამე წუთზე ანგარიში ორიან გორენმა გახსნა, ხოლო მერვე წუთზე პედრო როდრიგესმა პენალტი გამოიყენა.
შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა ფეხბურთელმა ნიკო ოლმედომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით “ბარსა ატლეტიკმა” სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა.
ქალთა პირველი გუნდი: ხუთი გოლი მადრიდის კარში (5-1)
პერე რომეუს გუნდმა ესპანეთის ქალთა ჩემპიონატის მე-10 ტურში “მადრიდი” 5-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.
“იოჰამ კრუიფის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს ორი გოლი გაიტანეს. ანგარიში 39-ე წუთზე ესმე ბრიუგტსმა გახსნა, შესვენებამდე კი უპირატესობა ევა პაიორმა გაზარდა.
მეორე ნახევარში თავი კარლა ხულიამ, პატრი გიხარომ და კლაუდია პინამ გამოიჩინეს. სტუმართაგან ერთადერთი გოლი ინეს კონანმა გაიტანა.
მატჩი ორი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მიღწევითაც გამოირჩეოდა: ევა პაიორმა “ბარსელონას” მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა, მარტა ტორეხონმა კი 500 ოფიციალური მატჩის ნიშნულს მიაღწია.
კალათბურთი: ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება (99-91)
“ბარსელონას” საკალათბურთო გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის, ლიგა ენდესას, მეშვიდე ტურში “რიო ბრეოგანი” 99-91 დაამარცხა.
“პალაუ ბლაუგრანაზე” გამართული შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა. სტუმრებმა პირველი ნახევარი 40-39 მოიგეს, მესამე მეოთხედის შემდეგ კი ანგარიშით 70-69 ლიდერობდნენ.
გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “ბარსელონამ” 30-21 მოიგო და საბოლოოდ რვაქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.
მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები ჯოელ პარა და დარიო ბრიზუელა იყვნენ, რომლებმაც 16-16 ქულა მოაგროვეს. ალექსანდერ ბალცეროვსკიმ გუნდს 14 ქულა შესძინა, უილ კლაიბერნ რობინსონის ანგარიშზე კი 13 ქულა იყო.
ეს “ბარსელონასთვის” ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება აღმოჩნდა. ლიგა ენდესაში კატალონიელებს შვიდი მატჩის შემდეგ ხუთი მოგება და ორი მარცხი აქვთ.
გორგოლაჭებიანი ჰოკეი: მინიმალური გამარჯვება ლისეოსთან (1-0)
“ბარსელონას” გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. რიკარდ არესის გუნდმა სტუმრად ერთ-ერთი ძლიერი მეტოქე, “ლისეო”, 1-0 დაამარცხა.
მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. გადამწყვეტი მომენტი 29-ე წუთზე დადგა, როდესაც იგნასიო ალაბარტმა კონტრშეტევის შედეგად გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია მეკარე არნაუ მარტინესის თამაში, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიებით გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
“ბარსელონას” ჩემპიონატის საწყის ორ ტურში ორი გამარჯვება აქვს.
ხუთი მატჩი, ხუთი გამარჯვება
შედეგად, “ბარსელონას” შვიდი ძირითადი გუნდიდან ხუთმა 8 ნოემბერს ითამაშა და თითოეულმა გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წინა უქმეებზე კატალონიელთა შვიდმა გუნდმა ითამაშა და ყველა თამაში მოიგო. ასე რომ, ეს უქმეები ზედიზედ მეორე გამოდგა, რომელშიც “ბლაუგრანამ” 100%-იანი შედეგი აჩვენა.




forum კომენტარები (0)