3 ნოემბერს, “ტენერიფეს” 30 წლის თავდამსხმელი ხესუს დე მიგელი გარდაიცვალა. ფეხბურთელი ლა-კანდელარიის საავადმყოფოში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს, “ანდორასთან” მატჩის დროს მეტოქის მეკარე ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად დაშავდა.
ინციდენტი “ჰელიოდორო როდრიგეს ლოპესის” სტადიონზე მოხდა. დე მიგელს სამედიცინო დახმარება მოედანზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტრაგიკულ ამბავს “ბარსელონაც” გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში სამძიმარი გაავრცელა:
“ბარსელონას” სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ “ტენერიფეს” ფეხბურთელის, ხესუს დე მიგელის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”.
“ტენერიფემ” ჯერ კიდევ გამთენიისას გაავრცელა ინფორმაცია ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მოგვიანებით კი მისი გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.
“ტკივილისგან განადგურებულნი ვართ, ყელში ბურთი გვებჯინება და ვერ ვიჯერებთ, რომ ეს სიმართლეა. ნუგეშის სიტყვები არ არსებობს, ვერაფერი შეგვიმსუბუქებს ამ უდიდეს მწუხარებას.
თანადგომას ვუცხადებთ მის განადგურებულ ოჯახს, ახლობლებსა და “ტენერიფეს” ყველა გულშემატკივარს, რომელიც დღეს ამ ტრაგიკული ამბის გამო გლოვობს”.
კლუბის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის ოჯახი მადლობას უხდის ყველას გამოხატული მხარდაჭერისთვის და ამ მძიმე პერიოდში პირადი ცხოვრების პატივისცემას ითხოვს.




forum კომენტარები (0)