workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ასტონ ვილა | ჰანსი ფლიკი მატჩის წინ

ბარსელონა – ასტონ ვილა | ჰანსი ფლიკი მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 3 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე "ასტონ ვილასთან" მატჩის წინ "ბარსელონას" საკადრო პრობლემებზე, ალეხანდრო ბალდესა და გავის მდგომარეობაზე, რაფინიას ახალ როლსა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა. გერმანელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში “ასტონ ვილასთან” მატჩის წინ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გუნდის მიმდინარე მდგომარეობა შეაფასა.

ტრავმებთან გამკლავება

როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელების სიას ხედავ, მაქსიმალური კონცენტრაცია გჭირდება. ვფიქრობ, ამ სიტუაციას კარგად ვუმკლავდებით. მატჩის ბოლოს შეცდომა დავუშვით, ასეთი რამ ზოგჯერ ხდება, მაგრამ გუნდისგან კარგი თამაში და საკუთარი ძალების რწმენა დავინახე.

ანდრეას კრისტენსენის მდგომარეობა

უნდა დაველოდოთ. გუშინ ჩვენთან ერთად ივარჯიშა, თუმცა მხოლოდ პოზიციურ სავარჯიშოში, სადაც ნეიტრალური მოთამაშის ფუნქციას ასრულებდა. თავს კარგად გრძნობს, მაგრამ შაბათ-კვირამდე მოცდა მოგვიწევს.

რა ხდება ალეხანდრო ბალდეს თავს?

მისი მდგომარეობა ბუნებრივია. როდესაც ხშირად არ თამაშობ, თავდაჯერებას კარგავ. ვხედავ, რომ ვარჯიშებზე კარგად მუშაობს, მაგრამ ჩვენ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჟოაუ კანსელუ შესანიშნავ ფორმაშია. ეს საკითხი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ან პირადად მე არ მეხება. ჩემთვის მთავარი გუნდია. როდესაც ვამბობ, რომ ბალდეს თავდაჯერება აკლია, ვიცი, ამან შეიძლება მასზე იმოქმედოს. ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ ვესაუბრე. მას ძალიან ვაფასებ. ახალგაზრდაა, შესანიშნავი ადამიანია და ბევრს შრომობს. ვცდილობ, თავდაჯერების დაბრუნებაში დავეხმარო. თავადაც ცდილობს, ძველ დონეს დაუბრუნდეს.

უკვე ფიქრობთ ატლეტიკოსთან მატჩზე?

მთელი ყურადღება “ასტონ ვილასთან” მატჩზე მაქვს გადატანილი. უნაი ემერი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მის გუნდს ძალიან კარგად ესმის, როგორ უნდა ითამაშოს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. რთული შეხვედრა გველის. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და აქ მეტოქეები მაღალი დონის არიან.

უჭირს ბარსელონას ძლიერ მეტოქესთან გამარჯვება?

არა. “რეალ მადრიდთან” მატჩში შედეგი შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო, ისევე როგორც პსჟ-სთან. ამ დონეზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ, თქვენ კი ყურადღებას ორ მარცხზე ამახვილებთ. მე ჩემს გუნდს ვენდობი. ახლა “ასტონ ვილასა” და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მიზანი საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრაა.

დაცვაში არსებული პრობლემები

დაცვაში ოთხი მაღალი დონის ფეხბურთელი გვაკლია. ასეთი ვითარების მართვა ადვილი არ არის. თუმცა “ალავესთან” მატჩში დავინახე, რომ ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. ყველამ წინ გადადგა ნაბიჯი გუნდის დასახმარებლად, მათ შორის ფარინიასმა და დე იონგმა. იმედი მაქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ ერიკ გარსია, კუნდე და კრისტენსენი უკვე მზად იქნებიან. შესაძლოა, ოლმოც დაგვიბრუნდეს. ესპარტი კი ჯერ ვერა.

გავის სათამაშო დროის სიმცირე

გავის განაპირა მცველად არ განვიხილავ. ყველამ ვიცით, რამდენად მაღალი დონის ფეხბურთელია და ის ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია. თუმცა როდესაც მატჩი იწყება, ზოგჯერ ეს შესაძლებლობა ქრება და თავდაპირველ გეგმას ვეღარ მიჰყვები. მას ვესაუბრე. მნიშვნელოვანია, თავდაჯერება შეინარჩუნოს.

ლამინ იამალისა და ბრიან ფარინიასის ურთიერთგაგება

მათ ერთმანეთის კარგად ესმით, მეგობრები არიან და “ალავესთან” შესანიშნავად ითამაშეს. ფარინიასი ხვალინდელი მატჩისთვის ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა სხვა შესაძლებლობებიც გვაქვს.

შესაძლებელია ჟერარ მარტინის მარცხენა მცველად გამოყენება?

ჩვენი გეგმების მიხედვით, მას შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ისე მარცხენა მცველად თამაში. ვნახოთ, რა იქნება ხვალ.

რაფინიას ცენტრალურ თავდამსხმელად გამოყენება

ბრაზილიაში როგორ არის საქმე, არ ვიცი, ეს ჩემი სამუშაო არ არის. ჩვენთან კი ფანტასტიკურ დონეზე თამაშობს და მისი ძლიერი მხარეები ძალიან გვეხმარება. სრულად კონცენტრირებულია თამაშზე და მეტოქის მიხედვით ადაპტირდება. აკვირდება, რომელი თავისუფალი სივრცეების გამოყენება შეუძლია. ის ჩვენი კაპიტანია. სეზონის დასაწყისიდან საკუთარ მაღალ კლასს ამტკიცებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი მყავს.

ჩრდილავს ორი მარცხი ზედიზედ 11 გამარჯვებას?

ეს არ მიკვირს, ასეთია რეალობა. თუმცა ვფიქრობ, პსჟ-სა და “რეალ მადრიდის” დონეზე ვითამაშეთ და შედეგები შეიძლებოდა განსხვავებული ყოფილიყო. წარსულში ყურება დიდად არ მიყვარს, მირჩევნია, მომდევნო მატჩებზე ვიფიქრო. შეგვიძლია ისტორიის დაწერა და ამისთვის ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამისთვის საკმარისი ხარისხი გვაქვს. ბუნებრივია, რომ ყურადღებას მარცხებსა და სუსტ მხარეებზე ამახვილებთ. თქვენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ ეს ორი მარცხი არაფერს ცვლის.

უნაი ემერის შეფასება

ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ძალიან მომწონს, როგორ თამაშობს მისი გუნდი. ფეხბურთელები თავდაჯერებულად მოქმედებენ ბურთით, მათ შორის შეტევის წამოწყებისას. მომწონს მათი დაცვითი სტრუქტურაც. ყველაფერი კარგად აქვთ გააზრებული. ჯექსონი წარმოუდგენლად მაღალ დონეზე თამაშობს. დიდი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ რთული მატჩი გველის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი