“ბარსელონამ” პარასკევს, ჟოან გამპერის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე, “ალავესთან” მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად კვლავ არ უვარჯიშია ჟიულ კუნდეს, რომელიც შაბათის შეხვედრას ოფიციალურად გამოტოვებს.
როგორც ხუთშაბათს გამცნეთ, ფრანგი მცველი თამაშისთვის მზად არ იქნება. კუნდემ მარცხენა კოჭი “ბეტისთან” შეხვედრაში დაიზიანა და მთელი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხა.
მისი არყოფნა ჰანსი ფლიკისთვის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. ტრავმების გამო “ალავესთან” შეხვედრას დაცვის ხაზის კიდევ სამი ფეხბურთელი – ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი და ჩავი ესპარტი გამოტოვებს. გუნდს ვერც დანი ოლმო და რუნი ბარდჯი დაეხმარებიან.
ფლიკმა სარეზერვო გუნდიდან ფეხბურთელები დაიმატა
დაცვაში შექმნილი პრობლემების გამო გერმანელმა მწვრთნელმა კვლავ “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელებს უხმო.
პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს 19 წლის მარჯვენა მცველმა გილემ ვიქტორმა და 18 წლის ცენტრალურმა მცველმა ალექს კამპოსმა. ორივე მათგანს “ალავესთან” მატჩის განაცხადში მოხვედრის შანსი აქვს.
კამპოსი მიმდინარე სეზონში უკვე იყო განაცხადში პსჟ-სა და “რეალ მადრიდთან” შეხვედრებისთვის.
ვარჯიშში კვლავ მონაწილეობდა 16 წლის ებრიმა ტუნკარა, რომელსაც ნახევარდაცვის ცენტრსა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ფლიკის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობას აგრძელებს და შესაძლოა, განაცხადში ისიც ვიხილოთ.
გუნდთან ერთად ივარჯიშა ახალგაზრდული გუნდის მეკარემ, მაქს ბონფილმაც. ის ჟოან გარსიასთან, ვოიცეხ შჩესნისა და დომინიკ ლივაკოვიჩთან ერთად ემზადებოდა.
საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა ეგვიპტელი თავდამსხმელი ჰამზა აბდელქარიმიც, რომელიც ფორმალურად სარეზერვო გუნდში ირიცხება, თუმცა უკვე რეგულარულად ვარჯიშობს პირველ გუნდთან.
რაფინიამ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო
ვარჯიში მცირე გუნდებად დაყოფილი ფეხბურთელების თამაშით დაიწყო, რომლის ინტენსივობაც თანდათან იზრდებოდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში რაფინია ფერმინ ლოპესს შემთხვევით შეეჯახა და ტკივილი იგრძნო. ფერმინმა თანაგუნდელს მაშინვე მოუბოდიშა.
რამდენიმეწამიანი გაურკვევლობის შემდეგ ბრაზილიელმა ცერა თითი ასწია, რითაც მიანიშნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, და ვარჯიში სრული დატვირთვით გააგრძელა.
“ბარსელონა” “ალავესთან” შეხვედრას “რეალ მადრიდთან” გასულ კვირას განცდილი 1-2 მარცხის შემდეგ ჩაატარებს. ჰანსი ფლიკს შედეგის გამოსწორებასთან ერთად ტრავმებით მნიშვნელოვნად შესუსტებული დაცვის ხაზის დაკომპლექტებაც მოუწევს.




forum კომენტარები (0)