ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური დაპირისპირების წინ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა თავის ყოფილ კლუბთან დაპირისპირებაზე, პედრის ჯადოქრობაზე, ლამინ იამალის ფენომენსა და ჰანსი ფლიკის გუნდის სათამაშო სტილზე დეტალურად ისაუბრა.
იამალისა და მესის შედარება: “ლეოსთან შედარებაში ვერავინ გაიმარჯვებს”
პარიზელთა თავკაცმა ლამინ იამალისა და ლეო მესის შედარების საკითხზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირა:
“ვფიქრობ, ლამინი შესანიშნავად მოქმედებს – მას სურს იყოს ლამინ იამალი. ის საკუთარი თამაშის ასპექტებს მუდმივად აუმჯობესებს. მესის, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის შედარებაში ნებისმიერ სხვასთან ვერავინ გაიმარჯვებს. ლამინს სურს იყოს ლამინის საუკეთესო ვერსია და სჯობს, მას სხვებს ნუ შევადარებთ. ის ძალიან ჭკვიანია”.
კატალონიური ფესვები და ბარსელონას მსგავსება
ლუის ენრიკემ “ბარსელონასთან” ემოციურ ბმაზე და გუნდების სათამაშო იდენტობაზე გაამახვილა ყურადღება:
“მე ‘ბარსელონას’ სოსიო ვარ. ამ კლუბში მწვრთნელად ექვსი წელი გავატარე: სამი სარეზერვო გუნდში და სამი პირველში. ჩემი ცოლი და შვილები კატალონიელები არიან. ‘ბარსელონასთან’ ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს, თუმცა ახლა პსჟ-ს გულშემატკივარი ვარ. ‘ბარსას’ ყველა მატჩს ვუყურებ როგორც ქომაგი და არა როგორც მწვრთნელი.
შემთხვევითობის გამო, ყოველ წელს ‘ბარსელონასთან’ გვიწევს თამაში. თავიდან ეს მიჭირდა, ახლა კი მივეჩვიე ისეთი დიდი და უნიკალური გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელებს ეყრდნობა, უხეშად არ თამაშობს, აქვს ფასეულობები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე მეტად ჰგავს დღევანდელ პსჟ-ს.
მიუხედავად ამისა, ხვალ ძალიან მინდა მოგება. ჩემთვის დიდი მოტივაციაა იმ კლუბის წინააღმდეგ თამაში, სადაც თავი ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად ვიგრძენი. როგორც პარიზელს, იმედი მაქვს, რომ ხვალ გავიმარჯვებთ”.
შეტევა, ბურთის ფლობა და ფლიკის გავლენა
ასტურიელმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკის მიერ გაწეული სამუშაო შეაქო და მატჩის გასაღებზე ისაუბრა:
“ჰანსი ფლიკმა წინა მწვრთნელების შედეგები გააუმჯობესა. მისი ხასიათი, ფეხბურთის გადმოცემის მანერა – ეს ყველაზე მეტად ერგება ‘ბარსას’ დნმ-ს. ფლიკი საოცრად მუშაობს და დანერგა იდეა, რომელიც მის ‘ბაიერნში’ ჰქონდა.
თუ მოგება გვინდა, აუცილებლად უნდა შევუტიოთ. გვაქვს მოტივაცია, რომ მათ ბურთი წავართვათ. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. გასაღები ბურთის ფლობის კონტროლი იქნება. ჩვენ ვუპირისპირდებით გუნდს, რომელსაც ზუსტად ჩვენნაირი მენტალიტეტი და ფილოსოფია აქვს: ითამაშოს მიმზიდველი ფეხბურთი და ყოველთვის ეძებოს გოლის გატანის გზები. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ”.
პედრი – “ჰარი პოტერი” და იამალის შეჩერების ფორმულა
ლუის ენრიკემ თავის ყოფილ შეგირდ პედრისა და ლამინ იამალის განეიტრალების გეგმაზეც ისაუბრა:
“პედრი მე ძალიან კარგად მიცნობს. ის ჰარი პოტერივითაა და იმედი მაქვს, ხვალ თავისი ჯადოსნური ჯოხი თან არ ექნება. ვეცდებით მისი გავლენა შევზღუდოთ, თუმცა ‘ბარსელონაში’ სხვა დიდი მოთამაშეებიც არიან.
როგორ უნდა გავაჩეროთ ლამინი? ძალიან მარტივად: არ უნდა მივცეთ ბურთის მიღების საშუალება, რადგან თუ ბურთს მიიღებს, ეს უკვე საფრთხეა. ლამინის წინააღმდეგ დაცვის საუკეთესო გზა ისაა, რომ ‘ბარსელონას’ ბურთი არ ჰქონდეს. ეს ჩვენი იდეალია, თუმცა ვიცით, რამდენად რთულია ‘ბარსასთან’ თამაში. მხოლოდ იამალი არ ჰყავთ – რაფინია, პედრი, კუბარსი, ჟოან გარსია… უამრავი ვარსკვლავია. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ეს ბარიერი გუნდურად გადავლახოთ”.
ბარსელონას დაუმარცხებელი სერია და ტურნირის ფორმატი
დასასრულს, პარიზელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” 11-მატჩიანი მოგებათა სერია მისთვის დამატებითი აზარტია:
“ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. გვინდა ვიყოთ პირველი და ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ სეზონში ‘ბარსელონას’ დაამარცხებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს მათი მხრიდან, ჩვენ მათ უკვე ვიცნობთ. ყველაფერი გუნდურად უნდა გადავჭრათ. იმას ვერ აღვკვეთთ, რომ იამალმა დრიბლინგი არ გააკეთოს ან პედრიმ წარმოუდგენელი პასები არ გააძვრინოს, ეს სიტუაციები კოლექტიურად უნდა ამოვხსნათ.
ტურნირის ფორმატის გამო ამ ეტაპზე გვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა, თუმცა ეს ფინალი არაა, ყველაფერი ახლა იწყება. ნამდვილი შეჯიბრება აპრილში იწყება. თანაც, სხვა გუნდებიც თამაშობენ კარგ ფეხბურთს: ‘არსენალი’, ‘მანჩესტერ სიტი’, ‘რეალ მადრიდი’…”
საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ დაძაბულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ლუის ენრიკემ მოკლედ უპასუხა: “მე არ ვარ შესაფერისი ადამიანი ამ თემაზე სასაუბროდ, ეს საზოგადოების საქმეა. რაც არ მსურს, ეს ყოველგვარი ძალადობაა. მე მხოლოდ მატჩზე ვარ კონცენტრირებული, უბრალოდ ფეხბურთის მწვრთნელი ვარ”.
რთული იქნება