workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუბარსი: ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია

კუბარსი: ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია

“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ცენტრალურმა მცველმა პაუ კუბარსიმ Reuters-თან ინტერვიუში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, პირველ გუნდში გადასვლის პერიოდში მას კლუბის ფსიქოლოგი დაეხმარა და საჭიროების შემთხვევაში თერაპიას ახლაც მიმართავს.

კუბარსი, რომელიც Golden Boy-ის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ამბობს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მუშაობა ფეხბურთელის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

“გეტყოდი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა იმუშაო მენტალიტეტზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. როდესაც ადამიანს უჭირს და დახმარებას ითხოვს, ამის გამო არავინ უნდა განსაჯოს. მას უნდა შეეძლოს მშვიდად თქვას: ‘რთული პერიოდი მაქვს’ და ამაში არაფერია ცუდი”.

მისი თქმით, პროფესიონალის დახმარება მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც პრობლემა უკვე არსებობს. ფსიქოლოგთან მუშაობა წარმატებულ პერიოდშიც სასარგებლოა, რადგან ფეხბურთელს საკუთარი აზრების გაანალიზებასა და იმ ასპექტების აღმოჩენაში ეხმარება, რომლებშიც გაუმჯობესება შეუძლია.

კუბარსიმ ასევე ისაუბრა ზეწოლაზე, რომლის პირობებშიც “ბარსელონას” პირველ გუნდში 16 წლის ასაკიდან თამაშობს. მისი თქმით, ასეთ სიტუაციებთან გამკლავებას საკუთარ თავში რწმენით ცდილობს და შეცდომებზე ზედმეტად არ ფიქრობს.

ფეხბურთელმა აღიარა, რომ “ბარსელონასა” თუ ესპანეთის ნაკრებში დაშვებული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეს, თუმცა მათზე მუდმივად ფიქრი არაჯანსაღ აკვიატებად შეიძლება გადაიქცეს.

კუბარსიმ რჩევა მისცა ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც, რომლებიც ხედავენ, თუ როგორ აგროვებენ მისი და ლამინ იამალის მსგავსი თინეიჯერები ტიტულებსა და ინდივიდუალურ ჯილდოებს. მისი აზრით, ადრეული წარმატება აკვიატებულ მიზნად არ უნდა იქცეს.

“უპირველესად ყოველდღიურ მუშაობაზე უნდა იფიქრონ, ეცადონ უკეთესი ადამიანები გახდნენ და არ ჰქონდეთ ისეთი ძლიერი შფოთვა, რომ, მაგალითად, თუ 16 წლის ასაკში შანსს არ გაძლევენ, გაბრაზდნენ ან ჩაიკეტონ.

ბრძოლა და საკუთარ თავში რწმენა უნდა გააგრძელო. ახლა, რადგან ზოგი 16 წლის ასაკში იწყებს თამაშს, შეიძლება 20 წლის ფეხბურთელი უკვე ცოტა ასაკოვნად მოგეჩვენოს, მაგრამ მე 20 წლის ასაკშიც საკუთარ თავს ახალგაზრდად ჩავთვლი. უნდა გააგრძელონ ბრძოლა, რათა როდესაც შესაძლებლობა მიეცემათ, მზად იყვნენ”.

ესპანელ მცველს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოც დამატებით მოტივაციად მიაჩნია და არა იმის დასტურად, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია.

“ეს მოდუნების მიზეზი არ არის. პირიქით, გაჩვენებს, რომ ინდივიდუალურადაც შეგიძლია დიდი რაღაცების გაკეთება და ბრძოლა უნდა გააგრძელო, რათა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიგო”.

კუბარსის აზრით, კლუბებმა ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებას მათი განვითარების დაცვის კონკრეტული გეგმებიც უნდა შეუთავსონ. ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ როდესაც მატჩები თითქმის ყოველ სამ დღეში ტარდება, დასვენება, კვება, სავარჯიშო დარბაზში მუშაობა და ფიზიოთერაპევტებთან გატარებული დრო სამუშაო პროცესის აუცილებელი ნაწილია.

კითხვაზე, რას შეცვლიდა თანამედროვე ფეხბურთის გადატვირთულ კალენდარში, კუბარსიმ მატჩებს შორის აღდგენისთვის მეტი დრო და ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების უფრო სტრუქტურირებული სისტემა დაასახელა.

“უპირველესად, ალბათ, მატჩებს შორის ცოტა მეტი დასვენება უნდა იყოს, თუმცა ამას გამართლებად არ მივიჩნევ. ასევე კარგი იქნება, თითოეულ კლუბს ახალგაზრდების განვითარების საკუთარი გეგმა ჰქონდეს, მათთან იმუშაოს, იზრუნოს მათზე და დაეხმაროს, რომ ყველაფერი უკეთ განვითარდეს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი