2026 წლის “ოქროს ბურთის” ხმის მიცემა უკვე დასრულებულია, თუმცა ლამინ იამალი თავისი თამაშით საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ ხვდება.
ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ხორვატია 4-1 დაამარცხა, ხოლო 19 წლის იამალმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. შეხვედრის შემდეგ ევროპის რამდენიმე წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ “ბარსელონას” ფეხბურთელს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.
იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა მისი თამაში სიტყვებით “სუპერ იამალი” შეაფასა.
“სევილიაში მსოფლიოს ჩემპიონებმა ნამდვილი შოუ დადგეს, რომელსაც “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიდერობდა – მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ლამინ იამალი – ეს ორი სიტყვა ესპანეთის ერთა ლიგის საღამოს შესაჯამებლად სრულიად საკმარისი იქნებოდა“, – წერს გამოცემა.
Tuttosport-ის სათაური იყო: “შეუჩერებელი იამალი – დუბლი და საგოლე გადაცემა“. იტალიურმა გამოცემამ ლამინი “ბარსელონას” ფენომენადაც მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ესპანეთის ნაკრებს ულიდერა.
ფრანგულმა L’Équipe-მ დაწერა: “შეუჩერებელი ლამინ იამალის ლიდერობით ესპანეთმა ხორვატიასთან გამარჯვება მოიპოვა.”
გერმანულმა Kicker-მა ასევე გამორჩეულად შეაფასა იამალის თამაში: “დუბლი და საგოლე გადაცემა – ლამინ იამალი სევილიაში ბრწყინავს.” გამოცემამ მისი თამაშის სტილი “დაუძლევლად” შეაფასა.
ნიდერლანდურმა Voetbal-მა კი აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი ფიგურა სწორედ 19 წლის ფეხბურთელი იყო: “ლამინ იამალი ესპანეთს ლიდერობს. სევილიაში ის მატჩის უდავო გამორჩეული მოთამაშე იყო.”
არგენტინულმა Olé-მ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ხორვატიასთან შეხვედრაში, ისევე როგორც მანამდე “უემბლიზე” ინგლისის წინააღმდეგ, “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.
ლამინი იამალის თამაში კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის “ოქროს ბურთისთვის” ხმის მიცემა უკვე დასრულებულია.
ძალიან მაგარ ფორმაშია!ასე უნდა გააგრძელოს,ლიგა ჩვენი იქნება!