workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პირველი ადგილით შესვენებაზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პირველი ადგილით შესვენებაზე

და მოვიდა სანაკრებო პაუზა. ბარსა 100% იანი შედეგით ხვდება შესვენებას. გუნდი დაქოქილია, საშუალოდ 4’5 გოლი გააქვს მატჩში, ფლიკმა აღარ იცის ვინ ათამაშოს, იმიტომ კი არა რომ ფეხბურთელები არ ჰყოფნის, იმიტომ, რომ საკმარისზე მეტი ჰყავს. აბა როგორია ადეიემის სკამზე დასმა, რომელიც ბოლო სამ შეხვედრაში შეუდარებელი იყო?! მატჩის მერე გავიზეც ისაუბრა, რომელსაც ასევე იშვიათად უწევს თამაში, არადა, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამ მაღალ წერტილში გვიწევს შესვენება, თანაც, იმაზე დიდხანს, ვიდრე უწინ. ახლა 10 ოქტომბრამდე არ განახლდება ჩემპიონატი, რადგან ამ პერიოდში არა ორი, არამედ ოთხი სანაკრებო მატჩი უნდა ჩატარდეს.

აბა ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს პაუზა.

ცუდი დასაწყისი

ბოლომდე ცუდსაც ვერ დავარქმევ, პირველი, რაც ადამიანს გაახსენდება ამ მატჩიდან ლამინე იამალის დარტყმაა შორეულ კუთხეში, ძელს მოხვდა ბურთი, გამეორებაზე კი გამოჩნდა, რომ ოდისეასს მოუგერიებია. შეამზადა ლამინემ სევილიელები, ისე მარტივად გააკეთა, ქოჩორამაც შორიდან უყურა, თითქოს ვერ დაიჯერა, რომ აქედან რაიმე საფრთხეს შექმნიდა. ეს კიდევ ქმნის, ყველაფრიდან საფრთხეს ქმნის, არაფრიდან გააქვთ გოლები.

თუმცა, პირველი ბარსამ გაუშვა. მარცხნიდან გაკეთდა ეს ჩაწოდება და ერიკ გარსიამ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა. ეგ დავალება აქვს ფეხბურთელს, ფლანგზე გაიქცეს და ჩააწოდოს, მაგას თუ ვერ უშლი ხელს, ესე იგი, ის დავალებას თავს ართმევს – შენ ვერა. ბურთი ძალიან ახლოს იყოს მეკარესთან, მაგრამ ლივაკოვიჩმაც ვერაფერი მოასწრო, გამოსვლაზე ვერ ითამაშა, აღება კი შეუძლებელი იყო. საერთოდ, ლივაკოვიჩს ცუდი მატჩი არ ჰქონია, ფლიკს ამჯერად არ უნანია თავისი გადაწყვეტილება, შესნი კი მიხვდება, რომ კარის ხაზზე ჟონგლიორობა არ ვარგა.

ცუდი ამბავი კრისტენსენის ტრავმaა, მშვენივრად დაიწყო სეზონი, დადგა ძირითადში და კარგ ფეხბურთსაც თამაშობდა, სანამ ტრავმას მიიღებდა საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო, მერე კი ისევ დაშავდა. ეს ხომ ყველაზე სუსტი რგოლია?! ამ პოზიციაზე თუ კრისტენსენი არ არის, ის მარცხენა მცველმა უნდა შეავსოს, ან, მარჯვენა მცველმა, ან კუბარსიმ უნდა იცვალოს მხარე. ასე რომ, არ არის ეს მარტივი ამბავი.

უკვე ბრაზილიელია

საიდან დაიწყო ეს ამბავი და რაფინიას ბარგიდან, უკვე ჩალაგებული აქვს და მიდის, ხალხი ამბობს ასეთი ბრაზილიელი საერთოდ არ გვინახავს, ან რა შეხება აქვს ბურთთან, ან ამას ფეხბურთელობა ვინ დააბრალაო. მერე მოდის ფლიკი და ჩაბარგებულ კაცს ეუბნება შენ მჭირდები და ნუ წახვალ, ჩემ გუნდში ყოველთვის გექნება ადგილიო. მას მერე ყველაფერი გვაოცებს. ისიც, რომ ეს კაცი ოქროს ბურთის ნომნანტებს შორის არ არის.

სამივე გოლი განსხვავებული იყო, სამივე ულამაზესი. პირველი გოლის დროს ისე მოტრიალდა, როგორც თავის დროზე რომარიო ტრიალდებოდა, რომარიო! ყველაზე ტქნიკური ბრაზილიელივით დატრიალდა და მცველს კისერი მოტეხა, დარტყმაც მშვენივრად შეასრულა მარჯვენა ფეხით. მორიგი დიდებული გოლი მიითვალა ბრაზილიელმა.

მეორე ტაიმში კიდევ ორი შეაგდო, აბა ლამინე ისე როგორ გავიდოდა სარგებელი არ მოეტანა, ხოდა ორი საგოლე პასი მიითვალა. ჯერ ორი მცველი აიკიდა და მარჯვენა ფეხით კარგადაც ჩააწოდა, რაფინიამ ამჯერად დასწრებაზე ითამაშა თავით, ისევ მაგარი გოლი შეაგდო, თავით ბარსაში ასეთი გოლები მხოლოდ პატრიკ კლუივერტს გაჰქონდა, რაფინიას თურმე ესეც შესძლებია, არადა, ვნერვიულობდით უფორვარდობაზე, თურმე, ვის რად უნდა ეგ შენი ფორვარდი, აგერ გოლების მანქანა გვყოლია.

მესამედ ისევ ლამინეს პასი შეირგო, იამალმა ზუსტ დროს გაიყვანა ერთი-ერთზე, მაშინ გაუკეთა პასი, როცა აჩქარებული რაფინია მეტოქის მცველებს გაუსწორდა, მერე აღარც თამაშგარე იყო და ვეღარც დაეწეოდნენ. ეს უკვე მესის სტილში შეასრულა, რბილი შეხებით გადაუგდო მეკარეს. ესეც სამი. არა მგონია დღეს ამაზე მაგარ ფეხბურთს ვინმე თამაშობდეს.

იყო კიდევ ერთი მომენტი, კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია და ძელს მოარტყა. ასეთი წარსულიდან ორი მახსოვს, მესის ჩახვეული ელ კლასიკოში, რომელიც ძელს მოხვდა, და რიკელმეს ჩახვეული ასევე ელ კლასიკოში, რომელიც ხარიხას მოხვდა. გოლიც შეუგდიათ სადღაც 80-იანებში, ახლა აღარც მახსოვს ვინ იკადრა.

წინ რა გველის

დღეს “მადრიდი” ითამაშებს და გვეცოდინება რამდენი ქულით ვიქნებით წინ. მერე გავალთ პაუზაზე და დავბრუნდებით “ხეტაფესთან” მატჩით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 21 სექ 2026, 12:27

    ჩახვეულ კუთხურზე მგონი მეკარემ წაარტყა ხელი და მერე მოხვდა ძელს თორე გოლი გადიოდა.

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 20 სექ 2026, 23:23

    სასწაულია ეს კაცი სესონიდან სეზონამდე უმატებს და ტენდენცია ძალიან შესამჩნევია კიდევ კარგი ბარსამ არ გაყიდა სეზონის დაწყებამდე ..როგორც ვიცი თუ სარფიან წინადადებას მიიღებდნენ დაფიქრდებოდნენ მის გაყიდვაზე მარა თურმე სად ბანაობენ ამაზე კაის ვის მოიყვანსნენ საკითხავი აი ეგ არის..

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 20 სექ 2026, 22:48

    ქოჩორა და იამალი წაკინკლავებულან, მიზეზი არ ვიცი რა იყო.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 20 სექ 2026, 19:52

    მგელია მგელიი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 20 სექ 2026, 18:13

    როგორც ყოველთვის მშვენიერი საკითხავია ფეოლა მე ნაწარმოებებს ვეძახი ვაანალიზებ და ხანდახან პასუხებსაც ვწერ. რატო არაა რაფა ოქროს ბურთის ნომინანტებში ყველამ ვიცით და არც გვიკვირს, იმიტომ რომ ოქტომბერში გადასაცემი ბურთის ნომინანტები წინა სეზონის შედეგებით განისაზღვრება, რომელიც რაფას ჩაუვარდა გაუთავებელი ტრამვების გამო. ასეთი რამე რომ მთელი სეზონის მანძილზე ეკეთებინა ვერავინ შეეცილებოდა. ახლა რასაც აკეთებს უკვე მომავალი წლის ოქროს ბურთის კანდიდატებში ლიდერია, ოღონდ ტემპი არ დააგდოს. მე მგონი რაც შარშან გაიტანა ამ სეზონის 8 თამაშში აქვს გატანილი. თავით თამაშზე მინდა ვთქვა კლიუვერტზე ნაკლები მე მგონი ენრიკე ნამდვილად არ ყოფილა, ხანდახან მგონია, რომ თავით არანაკლები აქვს გატანილი ვიდრე ფეხით. და ბოლოს კუთხურიდან პირდაპირი დარტყმები, მე მახსოვს ილია დათუნაშვილი რო კუთხურის ჩამოსაწოდებლად მიდიოდა მაყურებელი პირდაპირ კარში დარტყმას სთხოვდა ხოლმე. ტაშკენტშიც კი იმ ლეგენდარულ მატჩში მეორე გოლი კუთხურიდან გაიტანა.

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 20 სექ 2026, 16:05

    დღეს მადრიდელების თამაშია, იდეაში რეალის წაგება უფრო უნდა გვაწყობდეს, საჩემპიონო რბოლაში ეგენი უფრო გაუწევენ კონკურენციას ბარსას, მარა ატლეტიკოს წაგებაც მაგრად გამისწორდებოდა, ორივემ თუ დაკარგა ქულები ესეც მაგრად გამისწორდება, მოკლედ დაუ$$##იათ ერთმანეთი.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 20 სექ 2026, 15:15

    რაფიკა გასაგებია მაგრამ იამალის პასები ცალკე მოვლენაა ამ ასაკში ამ დონეზე ჯერ ფეხბურთში არავინ ყოფილა და არც იქნება კაი ხანი👌🏻

  • riva
    riva ვეტერანი
    schedule 20 სექ 2026, 12:21

    და აქვე ბარემ დიდი მადლობა მადრიდს და ატლეტიკოს არ შემდგარი ტრანსფერისთვის. ალვარესი რომ მოსულიყო რაფას ამ დონეზე ვერ ვნახავდით

  • iniesta888
    iniesta888 გულშემატკივარი
    schedule 20 სექ 2026, 12:10

    ფლიკი ტოპ-ტოპ დონეა თავისი სამწრვთნელო შტაბით, საცოდაობაა ამ კაცს ნორმალური დაცვა რომ არ აღირსონ გუნდში.
    რაფას კარიერის ასეთი ქამბექი კი იშვიათია როა ფეხბურთში ამაზე არ ვდაობთ, უბრალოდ დააკვირდით რამხელა მნიშნველობა აქვს მენტალობას დღევანდელ სპორტში(ცხოვრებაშიც) და ფსიქოლოგიურად მაგრად ყოფნას, ალბათ სპორტსმენის პერფმონასის ნახევარი მაგაზეა დამოკიდებული მეტი თუ არა და მერე ქართულ გუნდებს რო ვუყურებ მგონია მაგ მხრივ ოდნავადაც არ მუშაობენ.

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 20 სექ 2026, 15:10

      საქართველოში ზოგადად ცხოვრებაშიც და ყველაფრის მიმართ გვაქვს რაღაცნაირი უკუღმართი მენტალიტეტი…

  • riva
    riva ვეტერანი
    schedule 20 სექ 2026, 11:45

    მესი ხო გენია იყო და ბარსას უდიდესი ლეგენდა, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო. მაგაზე არავინ დავობს. მაგრამ ბარსა და ბრაზილიელი ფეხბურთელი სხვა ისტორიაა. მითუმეტეს თუ R-ია.

    სჭირდება ბარსას ბრაზილიელი და სჭირდებათ ბრაზილიელებს ბარსა.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 20 სექ 2026, 11:38

    ასე მგონია ეს კაცი კუთხურიდანაც გაიტანს ერთხელაც გიჟია გადარეული, მხოლოდ ეგ გოლი აკლია რაფოს