“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ შაბათს კლუბის წევრთა 2026 წლის რიგითი გენერალური ასამბლეა ამბიციური, თავდაჯერებული და პასუხისმგებლობით სავსე გზავნილით გახსნა. თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება “ბლაუგრანას” სპორტულ, ფინანსურ და ინსტიტუციურ პროგრესზე გაამახვილა და ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება მომდევნო წლების მთავარ სტრატეგიულ მიზნად დაასახელა.
“ახალი ‘სპოტიფაი კამპ ნოუს’ მშენებლობის დასრულება არის გასაღები, რომელიც კლუბის ისტორიაში უდიდესი ინსტიტუციური და ეკონომიკური ზრდის პერიოდს გახსნის.”
ეს იყო ლაპორტას პირველი მიმართვა ასამბლეისადმი 15 მარტს პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევის შემდეგ. მან კლუბის წევრებს (სოსიოებს) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი თანადგომა გადამწყვეტი აღმოჩნდა “ბარსელონას” უახლესი ისტორიის ურთულესი ეტაპების გადასალახად. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კლუბი გარდამტეხ მომენტში იმყოფება და მიღებული გადაწყვეტილებები სოსიოების მფლობელობის მოდელს კიდევ უფრო გააძლიერებს:
“კლუბი გეკუთვნით თქვენ, ‘ბარსას’ წევრებს, და დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, რათა უახლოეს წლებში ახალ მწვერვალებს მივაღწიოთ.”
სპოტიფაი კამპ ნოუ – კლუბის მომავლის გასაღები
ლაპორტას განცხადებით, ბოლო წლების მძიმე ფინანსური გამოწვევების შემდეგ “ბარსელონა” კონსოლიდაციის ეტაპზე გადადის.
მან დელეგატებს დეტალურად განუმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო “ესპაი ბარსას” დაფინანსების გაზრდა დამატებით 300 მილიონი ევროთი. ეს რესურსი აუცილებელია იმ სამუშაოების დასასრულებლად, რომლებმაც მასშტაბური გაუმჯობესებები მოიცვა და რომლებზეც სამშენებლო მასალების გაძვირებამ და ვადების გადაცილებამ იქონია გავლენა. ლაპორტამ აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია კლუბს მსოფლიო დონის არენას მისცემს და სტრუქტურულ შემოსავლებს გააჩენს, რაც მის გრძელვადიან კონკურენციისუნარიანობას განამტკიცებს.
“ეს ოპერაცია კლუბის მიმდინარე საოპერაციო ანგარიშებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ეს არის თანხა, რომელიც საჭიროა ‘სპოტიფაი კამპ ნოუს’ ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებლად და შემოსავლების გენერირების დასაჩქარებლად. ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის, როდესაც სტადიონი სრული დატვირთვით იმუშავებს, წლიური შემოსავალი 1.45 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.”
ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა
ფინანსურ საკითხებზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კლუბი უკვე ზედიზედ სამი ფინანსური წელია დადებით ჩვეულებრივ საოპერაციო შედეგს აფიქსირებს, 2025/26 წლების სეზონში კი შემოსავალმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა ერთ მილიარდ ევროს. ლაპორტამ ასევე ახსენა Forbes-ის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც “ბარსელონას” ღირებულება 7.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს – ეს მაჩვენებელი სტადიონის გახსნის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.
ლაპორტამ ასამბლეას აუდიოვიზუალური უფლებებით უზრუნველყოფილი 210 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ობლიგაციების გამოშვების დამტკიცებაც სთხოვა. ეს ოპერაცია მშენებლობის გაჭიანურებით გამოწვეული დანაკარგების კომპენსირებასა და გუნდის სპორტული კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასამბლეისთვის წარდგენილი ყველა ფინანსური სვლა ისეა დაგეგმილი, რომ სტრატეგიული პროექტები განხორციელდეს კლუბის მმართველობითი მოდელისა და სპორტული საქმიანობის დაუზიანებლად. სესხის აღება არც წევრებს დააწვება ტვირთად და არც სპორტულ პროექტს შეაფერხებს:
“სესხის გაზრდა სრულად შეესაბამება ჩვენს წესდებას. ეს ნაბიჯი საფრთხეს არ უქმნის ჩვენი კლუბის წევრთა მფლობელობის მოდელს და თქვენგან არანაირ პირად ფინანსურ შენატანს არ მოითხოვს.”
სპორტული ამბიციები უცვლელია
ლაპორტამ 2025/26 წლების სეზონის სპორტულ მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება – განსაკუთრებით ხელბურთისა და ქალთა საფეხბურთო გუნდების მიერ მოგებულ ჩემპიონთა თასებზე. მან შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ “ბარსელონა” მსოფლიოში ერთადერთი კლუბია, რომელსაც ექვს პროფესიულ სპორტის სახეობაში ჯამში 50 ევროპის თასი აქვს მოპოვებული.
პრეზიდენტმა შეაქო საფეხბურთო დეპარტამენტის, ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბისა და დეკუს ხელმძღვანელობით მოქმედი სპორტული მენეჯმენტის მუშაობა. მან დაადასტურა მამაკაცთა პირველი გუნდის ურყევი ამბიცია, იბრძოლოს ყველა შესაძლო ტიტულისთვის და შეინარჩუნოს ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ავანგარდში.
წესდების რეფორმა და ბარსას ფასეულობები
გამოსვლის კიდევ ერთი საკვანძო თემა “ბარსელონას” ტრადიციული სტრუქტურის დაცვა იყო. ლაპორტამ ხაზი გაუსვა იმ უნიკალურ ფაქტს, რომ კლუბი სრულად მის წევრებს ეკუთვნით და გამოთქვა მზადყოფნა, ეს იდენტობა კიდევ უფრო განამტკიცოს. მან დააანონსა წესდების რეფორმის პროექტი, რომლის მიზანიც ამ მოდელის დაცვა და კლუბის მართვაში სოსიოების ჩართულობის მექანიზმების გაფართოებაა.
გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კლუბის ერთგულება მისი ისტორიული და ფუძემდებლური ღირებულებებისადმი. მან “ბარსელონას” ოჯახს მომავალი გამოწვევების წინაშე ერთიანობისკენ მოუწოდა:
“ოპტიმიზმითა და ამბიციით სავსე ნაბიჯებით ჩვენ ვაგრძელებთ სვლას სპორტული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ახალი ერისკენ.”
ზამთარში შლოტერბეკი მოიყვანე ჟოან და ჯიგარი იქნებიი😌😀