“ბარსელონას” დელეგატმა წევრებმა გასული სეზონის ფინანსურ შედეგებსა და მიმდინარე სეზონის ბიუჯეტს მწვანე შუქი აუნთეს. კლუბის სოსიოები ჟოან ლაპორტას დირექტორთა საბჭოს ეკონომიკური გამოჯანმრთელების პროცესში ნდობას უცხადებენ.
ეკონომიკური მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ფერან ოლივეს მოხსენების შემდეგ, რიგითმა გენერალურმა ასამბლეამ 2025/26 წლების ფინანსური წლის საბოლოო ანგარიში 609 ხმით დაამტკიცა (88%), 32 წინააღმდეგი იყო (5%), 23-მა ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო (3%), ხოლო 29-მა თავი შეიკავა (4%).
ასევე დამტკიცდა 2026/27 წლების სეზონის ბიუჯეტი: 583 ხმა მომხრე (88%), 43 წინააღმდეგი (6%), 27 ცარიელი ბიულეტენი (4%) და 10 თავშეკავება (2%).
რეკორდული შემოსავალი 2025/26 წლების სეზონში
2025/26 წლების ფინანსური წლის საბოლოო მონაცემები ახალ ისტორიულ მაჩვენებელსა და კლუბის ეკონომიკური სტაბილურობის კიდევ უფრო განმტკიცებას ადასტურებს. ჩვეულებრივმა საოპერაციო შემოსავალმა 1.06 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 66 მილიონით მეტია – “ბარსელონას” ისტორიაში ერთმილიარდიანი ზღვარი პირველად გადაილახა.
ეს ზრდა უმთავრესად განაპირობა:
- სტადიონიდან მიღებული შემოსავლების გაუმჯობესებამ;
- საპარტნიორო და სასპონსორო კონტრაქტების ზრდამ;
- Barça Licensing & Merchandising-ის (BLM) რეკორდულმა ბრუნვამ.
კლუბმა ფინანსური წელი 0.2 მილიონი ევროს ჩვეულებრივი მოგებით დახურა, რითაც ბოლო წლების პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა – ეს უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, როდესაც განმეორებადი საოპერაციო შედეგები დადებითია. გადასახადების დაქვითვის შემდეგ, წმინდა შედეგმა 18 მილიონი ევროს ზარალი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგებამ (EBITDA) – 140 მილიონი ევრო.
უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია ისიც, რომ სპორტული ხარჯები საოპერაციო შემოსავლების 53%-ზე შენარჩუნდა. ეს მაჩვენებელი ოპტიმალურად მიიჩნევა და უეფას მიერ რეკომენდებულ მაქსიმალურ 70%-იან ზღვარზე საგრძნობლად დაბალია. შედარებისთვის: 2020/21 წლების სეზონში ეს მაჩვენებელი კატასტროფულ 98%-ს შეადგენდა, რაც კლუბის ფინანსური მდგრადობის მკვეთრ გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
კლუბის წმინდა კაპიტალი უარყოფით 168 მილიონ ევროზეა, რაზეც ძირითადი გავლენა “ესპაი ბარსასთან” დაკავშირებული პროცენტების ფინანსურმა ტვირთმა მოახდინა. ამის მიუხედავად, “ბარსელონა” მთავარი საბაზრო ინდიკატორებით ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს:
- სააგენტო Morningstar-ისგან მინიჭებული აქვს BBB რეიტინგი;
- გუნდის შემადგენლობა Transfermarkt-ის მიერ 1.26 მილიარდ ევროდაა შეფასებული;
- Forbes-ის შეფასებით კლუბის ღირებულება 6.5 მილიარდ ევროს აჭარბებს;
- კლუბი სრულად ჯდება ფინანსური ფეარ პლეის 1:1 წესში.
მორიგი რეკორდის მოლოდინი 2026/27 წლების სეზონში
2026/27 წლების სეზონისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი ზრდის გაგრძელებასა და ახალ რეკორდულ შემოსავალს – 1.195 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, რაც წინა წელთან შედარებით 135 მილიონი ევროთი მეტია.
ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა პირველი გუნდის მთელი სეზონით “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნება იქნება. პროგნოზების თანახმად, ეს სტადიონთან დაკავშირებული აქტივობებიდან დაახლოებით 60 მილიონ ევრო დამატებით შემოსავალს მოიტანს (ბილეთების გაყიდვა, VIP ლოჟები, მუზეუმი და სხვა სერვისები). გარდა ამისა, მოსალოდნელია აუდიოვიზუალური უფლებებისა და კომერციული შემოსავლების მატებაც.
ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ხარჯების დაახლოებით 111 მილიონი ევროთი ზრდას, რაც გამოწვეულია პირველი გუნდის შემადგენლობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, სტადიონზე დაბრუნების ხარჯებითა და გაზრდილ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საოპერაციო გადასახადებით.
მიუხედავად ამ დამატებითი ხარჯებისა, კლუბი 2026/27 წლების ფინანსური წლის ერთი მილიონი ევროს ოდენობის წმინდა მოგებით დახურვას გეგმავს, რაც წინა სეზონის წმინდა მაჩვენებელთან შედარებით 19 მილიონით გაუმჯობესებული შედეგია. ხარჯების კონტროლის დადებითი ტენდენცია კვლავ გაგრძელდება: სპორტული სახელფასო ფონდი მთლიანი შემოსავლების 54%-დან 53%-მდე შემცირდება.
ეს ციფრები ნათლად ადასტურებს “ბარსელონას” სტაბილურ პროგრესს ეკონომიკური გამოჯანმრთელების გზაზე, რაც შემოსავლების ზრდას, ფინანსურ მდგრადობასა და უმაღლეს სპორტულ კონკურენტუნარიანობას ერთმანეთთან წარმატებით აერთიანებს.
forum კომენტარები (0)