workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ფეიენორდი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა – ფეიენორდი | მატჩისწინა მიმოხილვა

calendar_month მატჩის დრო: 9 სექტემბერი, 20:45

დღეს, 9 სექტემბერს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონში ასპარეზობას იწყებს. ჰანსი ფლიკის გუნდი ლიგის ფაზის პირველ ტურში “ფეიენორდს” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” უმასპინძლებს.

კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტიტულისთვის ბრძოლას იწყებენ. “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2015 წელს მოიგო, გასულ სეზონში კი მეოთხედფინალში “ატლეტიკოსთან” დამარცხდა. ფლიკის გუნდისთვის ახალი გათამაშება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატება ევროპაშიც განავრცოს.

შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუმართა მთავარი მწვრთნელისთვისაც. ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა “ბარსელონაში” ოთხი წელი გაატარა და 2006 წელს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ახლა ის ყოფილ კლუბს “ფეიენორდის” დამრიგებლის სტატუსით დაუპირისპირდება.

გუნდების ფორმა

“ბარსელონამ” ლა ლიგის ოთხივე საწყისი მატჩი მოიგო: სტუმრად “ელჩე” 5-0 დაამარცხა, შინ ბილბაოს “ატლეტიკს” 2-0 და “რაიო ვალეკანოს” 5-2 აჯობა, ბოლო ტურში კი “ვალენსიას” გასვლაზე 5-0 მოუგო. კატალონიელებს 12 ქულა აქვთ, გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 17-2-ია. ოთხი შეხვედრიდან სამში გუნდმა კარი მშრალად შეინახა.

ფლიკის გუნდის შეტევით ეფექტიანობას ისიც აჩვენებს, რომ ოთხიდან სამ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. ასეთი დასაწყისის შემდეგ მთავარი ამოცანა ტემპისა და შედეგიანობის ჩემპიონთა ლიგაზეც შენარჩუნება იქნება.

ერედივიზიონში დაუმარცხებელია “ფეიენორდიც”. როტერდამელებმა ხუთ ტურში სამი გამარჯვება და ორი ფრე მოაგროვეს, 11 ქულით კი პსვ-სა და “ალკმაარის” შემდეგ მესამე ადგილზე არიან.

ვან ბრონკჰორსტის გუნდმა ბოლო შეხვედრაში “ნეიმეგენს” სტუმრად 3-1 მოუგო. მანამდე “გოუ ეჰედ იგლზთან” და “დენ ჰააგთან” საშინაო მატჩები ერთნაირი ანგარიშით, 2-2 დაასრულა. ხუთ ტურში “ფეიენორდმა” 13 გოლი გაიტანა და შვიდი გაუშვა; მეტოქეს გატანის საშუალება ბოლო ოთხივე შეხვედრაში მისცა. ამ შედეგებიდან გამომდინარე, სტუმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოცდა კატალონიელთა შეტევების შეკავება იქნება.

დანაკლისი

“ბარსელონას” ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი დააკლდებიან. ნიდერლანდელი ნახევარმცველი მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენას განაგრძობს, ბარდჯის კი მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების გამო ხანგრძლივი პაუზა აქვს.

ვერ ითამაშებს ერიკ გარსიაც, რომელიც გასულ სეზონში “ატლეტიკოსთან” მიღებული წითელი ბარათის გამო ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის. გავი დაბრუნდა და “ვალენსიასთან” შეხვედრაში სათადარიგოთა შორის იყო.

ფლიკმა დაადასტურა, რომ განაცხადში ჯესი ბისივუც ვერ მოხვდება: ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველ გუნდთან ვარჯიშობს, თუმცა ამ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკა “ბარსა ატლეტიკში” უნდა მიიღოს.

“ფეიენორდს” თომას ბეელენი ფეხის მოტეხილობის, იაკუბ მოდერი და ჯორდან ბოსი მუხლის, ხოლო გაის სმალი კოჭის ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან. ტრავმირებულია ბარტ ნიუკოპიც.

ანის ჰაჯ მუსა გუნდთან ერთად ბარსელონაში გაემგზავრა და მწვრთნელის განკარგულებაშია. მისი შესაძლო ტრანსფერის გარშემო განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ალჟირელი შეხვედრისთვის ხელმისაწვდომია.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონა” და “ფეიენორდი” ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ორივე თამაში 1974/75 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის მერვედფინალში გაიმართა. კატალონიელებმა ერთხელ მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა; ბურთების შეფარდება “ბარსელონას” სასარგებლოდ 3-0-ია.

1974 წლის 22 ოქტომბერს როტერდამში გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა. 5 ნოემბერს ბარსელონაში მასპინძლებმა 3-0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მსაჯი

შეხვედრას 36 წლის გერმანელი სვენ იაბლონსკი განსჯის. ვიდეორეფერი მისი თანამემამულე ბასტიან დანკერტი იქნება. იაბლონსკი ევროტურნირებზე პირველად იმსაჯებს როგორც “ბარსელონას”, ისე “ფეიენორდის” შეხვედრაში.

მისი კარიერული სტატისტიკის 427 მატჩს მოიცავს. ამ შეხვედრებში იაბლონსკიმ 1,502 ყვითელი ბარათი აჩვენა, ფეხბურთელები 34-ჯერ მეორე ყვითლით, ხოლო 26-ჯერ პირდაპირი წითლით გააძევა და 102 პენალტი დანიშნა. ერთ შეხვედრაზე საშუალოდ მოდის 3.52 ყვითელი ბარათი, 0.14 გაძევება და 0.24 პენალტი.

იაბლონსკის მიერ განსჯილი თამაშებიდან მასპინძლებმა 47.62% მოიგეს, 26.19% სტუმრებმა, ხოლო 26.19% ფრედ დასრულდა.

მწვრთნელების კომენტარები

ჰანსი ფლიკი:

“ეს უდიდესი ტურნირია, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მოგება შეგვიძლია. სწორედ ეს გვინდა.”

გერმანელი სპეციალისტი გუნდის მზადყოფნით კმაყოფილია, თუმცა წარმატების მთავარ პირობად ყოველდღიურ მუშაობასა და ერთიანობას მიიჩნევს. მისი შეფასებით, შემადგენლობის ხარისხს მოედანზე ურთიერთდახმარება და შეთანხმებული მოქმედება უნდა დაემატოს. ფლიკის მატჩისწინა კომენტარი

ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი:

“კატალონიელები უამრავ მომენტს ქმნიან. შესაძლოა, ამჟამად ყველაზე კარგ ფეხბურთს სწორედ ისინი თამაშობენ.”

სტუმართა მწვრთნელმა დამატებითი მცველის გამოყენების შესაძლებლობაც ახსენა. მისი აზრით, “ფეიენორდმა” გაბედულად უნდა ითამაშოს და შეხვედრის სხვადასხვა მონაკვეთში ზუსტად იცოდეს, როგორ იმოქმედოს. ვან ბრონკჰორსტის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობები

Mundo Deportivo

ბარსელონა: ჟოან გარსია – კუნდე, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჩავი ესპარტი – როდრი, პედრი, ფერმინი – ლამინ იამალი, რაფინია, გორდონი.

ფეიენორდი: ერნსტი – რიდი, ვატანაბე, სენტ-იუსტი, მარმოლი – ტარგალინი, ვანჰაუტე, ზეხიელი – ჰაჯ მუსა, ფერი, ვალენტე.

AS

ბარსელონა: ჟოან გარსია – კუნდე, კუბარსი, ჟერარ მარტინი, კანსელუ – როდრი, პედრი, ფერმინი – ლამინ იამალი, რაფინია, გორდონი.

ფეიენორდი: ერნსტი – რიდი, ვატანაბე, სენტ-იუსტი, მარმოლი – ტარგალინი, ვანჰაუტე, ზეხიელი – ჰაჯ მუსა, ფერი, ვალენტე.

პროგნოზები

  • Sportskeeda: 2-0
  • Sports Mole: 3-1
  • Goal: 3-0
  • Sports Illustrated: 3-1
  • Squawka: 4-1
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი