“ბარსელონა” ლა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მესამე ტურში “რაიო ვალეკანოს” მასპინძლობს. შეხვედრა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონი იდეალურად დაიწყო – 2 მატჩი, 2 მოგება, 7 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი. ტურის სხვა შეხვედრების შემდეგ “ბარსელონა” 6 ქულით მე-4 ადგილზეა და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერებს ისევ გადაუსწრებს. “რაიოს” 2 თამაშში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ამ მომენტისთვის მე-16 პოზიციაზეა.
კატალონიელები აშკარა ფავორიტები არიან, თუმცა ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ “რაიო” “ბარსასთვის” ხშირად იმაზე რთული მეტოქეა, ვიდრე გუნდების შესაძლებლობებს შორის სხვაობა გვაფიქრებინებს.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონამ” ჩემპიონატი “ელჩესთან” სტუმრად 5-0 გამარჯვებით დაიწყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ატლეტიკს” 2-0 მოუგო. ორ ტურში გუნდმა 7 გოლი გაიტანა და ჟოან გარსიას კარი ჯერ არ აუღიათ. განსაკუთრებით კარგ ფორმაში არიან რაფინია და ფერმინ ლოპესი – ორივეს ორ შეხვედრაში 3-3 გოლი აქვს.
არანაკლებ შთამბეჭდავია “ბარსას” საშინაო სერია. ფლიკის გუნდმა ლა ლიგაში სახლში ზედიზედ 20 მატჩი მოიგო და დღეს ამ სერიის 21 შეხვედრამდე გაზრდას ეცდება.
“რაიოს” დასაწყისი გაცილებით რთული გამოდგა. ბენიატ სან ხოსეს გუნდმა პირველ ტურში “სევილიასთან” 1-2 წააგო, შემდეგ კი “ალავესს” 1-1 დაუზავდა. ამასთან, ეს უკანასკნელი შეხვედრა ვალეკასზე ვერ გაიმართა და სტადიონთან დაკავშირებული უსაფრთხოების პრობლემების გამო “რაიომ” მეტოქეს ლეგანესში, “ბუტარკეზე” უმასპინძლა.
დანაკლისი
“ბარსელონას” ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი აკლია. დე იონგი ტრავმის შემდეგ აღდგენას აგრძელებს და ფლიკმა აღნიშნა, რომ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით სიფრთხილე სჭირდება. ბარდჯის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა – მას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი და კიდევ დიდი ხანი ვერ ითამაშებს.
ვერ ითამაშებს გავიც. ესპანელმა “ელჩესთან” მარჯვენა მუხლი დაიზიანა. სერიოზული ტრავმა არ დადასტურდა, მაგრამ კვირის ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა და მისი დაბრუნება მომდევნო ტურში, “ვალენსიასთან” იგეგმება.
დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს მარკ კასადოც, თუმცა მისი მიზეზი ტრავმა არაა. ნახევარმცველი გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბიდან წასვლას ელოდება.
როდრი უკვე დაბრუნდა და “ატლეტიკთან” “ბარსელონას” მაისურით პირველი წუთებიც ითამაშა. მას ბოლო დღეებში მცირე ფიზიკური დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ დღევანდელი თამაშისთვის ხელმისაწვდომია.
“რაიოს” პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულია. ძირითადი მეკარე აუგუსტო ბატალია “ალავესთან” ფეხის მოტეხილობის გამო ხანგრძლივად გამოაკლდა გუნდს. კუნთის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ისი პალასონიც, რომლის არყოფნაც მინიმუმ ორ კვირას გასტანს. ლუის ფელიპეს ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება აქვს, ხოლო მარაშ კუმბულა ტრავმის შემდეგ აღდგენას აგრძელებს და მისი თამაში საეჭვოა.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “რაიო ვალეკანოს” დღევანდელ მატჩამდე 49 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. უპირატესობა კატალონიელებს აქვთ: 31 მოგება, 11 ფრე და 7 მარცხი. გოლების შეფარდება “ბარსას” სასარგებლოდ 132-41-ია.
ამ 49 შეხვედრიდან 46 ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა. ლა ლიგაში “ბარსელონას” 28 მოგება აქვს, “რაიოს” – 7, ხოლო 11 მატჩი ფრედ დასრულდა. გოლების შეფარდება 124-39-ია. დანარჩენი სამი შეხვედრა ესპანეთის თასზე გაიმართა და სამივე “ბარსელონამ” მოიგო.
ბარსელონაში გუნდები ოფიციალურ ტურნირებზე 24-ჯერ შეხვედრიან. “ბარსას” 19 მოგება აქვს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა და მხოლოდ 2-ჯერ მოიგო “რაიომ”. გოლების შეფარდება 76-14-ია. მხოლოდ ლა ლიგის ფარგლებში ბარსელონაში გამართული 23 თამაშიდან “ბარსამ” 18 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო, გოლების შეფარდებით 73-13.
ბოლო წლებში “რაიო” გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ბარსელონას” ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა. 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე კატალონიელებმა ჩემპიონატის ზედიზედ 5 შეხვედრაში ვერ მოუგეს მადრიდელებს – 3 წააგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. ბოლო 6 დაპირისპირებაში “ბარსელონა” დაუმარცხებელია – 4 მოგება და 2 ფრე. ბოლო შეხვედრა 2026 წლის მარტში გაიმართა და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” მასპინძლებმა 1-0 მოიგეს.
კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციაა, რომ “რაიოს” ბარსელონაში ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. ამ ოთხი მატჩიდან “ბარსამ” სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
მსაჯი
შეხვედრას ფრანსისკო ხოსე ერნანდეს მაესო განსჯის. საინტერესოა, რომ არბიტრს სწორედ დღეს 38 წელი შეუსრულდა – ის 1988 წლის 31 აგვისტოს ბრიუსელში დაიბადა.
მაესოსთვის ეს ლა ლიგაში მეოთხე სეზონია. უმაღლეს დივიზიონამდე მას 10 სეზონის განმავლობაში ესპანეთის მესამე დონეზე და 3 სეზონის განმავლობაში სეგუნდა დივიზიონში უმსაჯია. ესპანეთის ოთხ უმაღლეს პროფესიულ/ნახევრად პროფესიულ დონეზე მას სულ 243 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ამ 243 მატჩში მაესომ საშუალოდ 5.05 ყვითელი და 0.26 წითელი ბარათი აჩვენა. მისი შეხვედრების 44.4% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 27.6% – სტუმრების მოგებით, ხოლო 28.0% – ფრედ.
მხოლოდ ლა ლიგაში მისი სტატისტიკა შედარებით რბილია: 58 მატჩში საშუალოდ 4.09 ყვითელი და 0.10 გაძევება. ამ შეხვედრების 50% მასპინძლებმა მოიგეს, 25.9% – სტუმრებმა, 24.1% კი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება პენალტებს: მაესო თამაშში საშუალოდ 0.3 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
ერნანდეს მაესოს “ბარსელონას” ოთხ შეხვედრაში უმსაჯია და კატალონიელებმა ოთხივე მოიგეს:
- 2023/24, თასი: “უნიონისტასი” 1-3 “ბარსელონა”
- 2024/25, ლა ლიგა: “ლეგანესი” 0-1 “ბარსელონა”
- 2025/26, ლა ლიგა: “ბეტისი” 3-5 “ბარსელონა”
- 2025/26, ლა ლიგა: “ხეტაფე” 0-2 “ბარსელონა”
ამ ოთხ შეხვედრაში “ბარსამ” 11 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა. კატალონიელებმა 7 ყვითელი ბარათი მიიღეს, მათი ფეხბურთელი არცერთხელ არ გაუძევებიათ და გუნდის სასარგებლოდ ერთი პენალტი დაინიშნა. მეტოქეებმა 10 ყვითელი მიიღეს და მათ სასარგებლოდაც ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
მაესოს “რაიოს” გაცილებით მეტი – 11 შეხვედრა აქვს განსჯილი. მადრიდელთა შედეგია 3 მოგება, 1 ფრე და 7 მარცხი. “რაიოს” ფეხბურთელებმა ამ მატჩებში 24 ყვითელი მიიღეს, ერთხელ მეორე ყვითელი ბარათით და ორჯერ პირდაპირი წითლით გააძევეს, გუნდის სასარგებლოდ კი ერთი პენალტი დაინიშნა.
“ბარსელონასა” და “რაიოს” ერთმანეთის წინააღმდეგ შეხვედრა ერნანდეს მაესოს აქამდე არ განუსჯია.
მწვრთნელები მატჩის წინ
ჰანსი ფლიკმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყურადღება ისევ გუნდურ თამაშზე გაამახვილა. გერმანელის თქმით, “ბარსა” ახლა კარგ ფორმაშია, თუმცა მთავარი ცალკეული ფეხბურთელების თამაში კი არა, გუნდის ერთიანობა და ფეხბურთელებს შორის კავშირია. მან განსაკუთრებით შეაქო რაფინია და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრესინგის დაწყებასაც კარგად ახერხებს, მოედანზე ერთ-ერთი ლიდერია და მომენტებს ძალიან ეფექტურად ასრულებს.
ფლიკმა დე იონგზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ნიდერლანდელის დაბრუნებას ყოველდღიურად აფასებენ და გარისკვას არ აპირებენ, რადგან წინ გრძელი სეზონია.
“რაიოს” მთავარმა მწვრთნელმა ბენიატ სან ხოსემ კი თავისი მიდგომა ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბა: “ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ და “ბარსას” სისუსტეებს შევუტიოთ.”
სან ხოსეს თქმით, “ბარსელონა” უმაღლესი დონის გუნდია და განსაკუთრებით ძლიერია საკუთარ მოედანზე, თუმცა ყველა გუნდს აქვს სისუსტეები და “რაიო” სწორედ მათ გამოყენებას შეეცდება. მან ასევე გამოყო რაფინიას საფრთხე, თუმცა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე კონცენტრირება შეუძლებელია.
სავარაუდო შემადგენლობები
Mundo Deportivo
“ბარსელონა” (4-3-3): ჟოან გარსია – ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, კანსელუ – მარკ ბერნალი, პედრი, ფერმინი – ლამინ იამალი, რაფინია, ენტონი გორდონი.
Mundo Deportivo-ს მთავარი ეჭვი მარცხენა მცველის პოზიციაზე აქვს – ჩავი ესპარტმა შესაძლოა დაისვენოს და მის ნაცვლად ჟოაუ კანსელუმ დაიწყოს. როდრის მცირე დისკომფორტის გამო გამოცემა კვლავ მარკ ბერნალს ელოდება ძირითადში.
AS
“ბარსელონა” (4-3-3): ჟოან გარსია – ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჩავი ესპარტი – მარკ ბერნალი, პედრი, ფერმინი – ლამინ იამალი, რაფინია, ენტონი გორდონი.
AS-ის მიხედვით, ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი გორდონსა და კარიმ ადეიემის შორისაა. როდრი მცირე ფიზიკური პრობლემის გამო ძირითადისთვის ჯერ მზად არ უნდა იყოს.
Eurosport
“ბარსელონა” (4-2-3-1): ჟოან გარსია – ერიკ გარსია, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ჩავი ესპარტი – მარკ ბერნალი, პედრი – ლამინ იამალი, დანი ოლმო, ენტონი გორდონი – რაფინია.
Goal.com
“ბარსელონა”: ჟოან გარსია – ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჩავი ესპარტი – როდრი, პედრი, ფერმინი – ლამინ იამალი, რაფინია, ენტონი გორდონი.
პროგნოზი
- WhoScored: 3-0
- Sportskeeda: 3-0
- Sports Mole: 3-0
- Goal.com: 2-0
- Eurosport: 3-0
“რაიოს” მთავარმა მწვრთნელმა ბენიატ სან ხოსემ კი თავისი მიდგომა ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბა: “ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ და “ბარსას” სისუსტეებს შევუტიოთ.”
და ბარსამ რო თქვენი სისუსტეები გამოიყენოს და თავისი ძლიერი მხარებით შემოგიტიოთ სად მიდიხართ? ან ბარსელონაში თქვენ რატომ უნდა შემოგვიტიოთ? ვინმე გითხრათ ბარსას ღია კარის დღე ექნებაო?
დაცვაში სულ ღია კარის დღეა ბარსაში