ელჩე – ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ელჩე – ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

calendar_month მატჩის დრო: 23 აგვისტო, 23:30

“ბარსელონა” 2026/27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს დღეს გამართავს. ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგის მე-2 ტურში “ელჩეს” ესტუმრება. შეხვედრა “მარტინეს ვალეროზე” თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

კატალონიელებისთვის უჩვეულო სიტუაციაა – ჩემპიონატის მე-2 ტური ტარდება, მაგრამ მოქმედი ჩემპიონისთვის ეს პირველი მატჩი იქნება. “ბარსელონასა” და “ატლეტიკს” შორის პირველი ტურის შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილე ფეხბურთელების გვიან დაბრუნების გამო 27 აგვისტოსთვის გადაიდო. “ბარსა” ზედიზედ ორი ლა ლიგის მოგების შემდეგ ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

“ელჩეს” ერთი ოფიციალური შეხვედრა უკვე ჩატარებული აქვს. მარტინ ანსელმის გუნდმა პირველ ტურში “დეპორტივოსთან” სტუმრად 1-1 ითამაშა. ლა ლიგის მიმდინარე ცხრილში “ელჩეს” 1 ქულა აქვს, “ბარსელონას” კი ჯერ არც უთამაშია.

გასულ სეზონში “ელჩემ” ლა ლიგაში მე-15 ადგილი 43 ქულით დაიკავა და გავარდნას მხოლოდ ერთი ქულით გადაურჩა. საინტერესოა, რომ ამ ქულებიდან 35 საკუთარ მოედანზე მოიპოვა და შინ ჩატარებული თამაშების მიხედვით ჩემპიონატის მე-6 საუკეთესო გუნდი იყო. “ბარსელონა” კი ლა ლიგის ჩემპიონი გახდა.

სათამაშო ფორმა

ოფიციალური სეზონი “ელჩემ” ფრით დაიწყო. “დეპორტივოსთან” რიასორზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლები პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 76-ე წუთზე მარკ აგუადომ ანგარიში გაათანაბრა. ანსელმის გუნდმა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეზე ზეწოლა გაზარდა და საბოლოოდ ქულა დამსახურებულად მოიპოვა.

ამ მატჩის ჩათვლით “ელჩე” ბოლო 6 შეხვედრაში დაუმარცხებელია. ამ პერიოდში გუნდმა 2 თამაში მოიგო და 4 ფრედ დაასრულა:

  • “დეპორტივო” 1-1 “ელჩე”
  • “ელჩე” 3-0 “ტულუზა”
  • “ელჩე” 2-2 “კორდობა”
  • “ელჩე” 2-2 “ალ აინი”
  • “ელჩე” 0-0 “ჯოჰორ დარულ ტაკზიმი”
  • “კაიზერ ჩიფსი” 1-2 “ელჩე”

“ბარსელონასთვის” დღევანდელი შეხვედრა სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება, ამიტომ ფლიკის გუნდის ფორმაზე მხოლოდ პრესეზონით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ბოლო ხუთ ამხანაგურ შეხვედრაში კატალონიელებმა 3 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს: “ბირმინგემთან” 2-2 ითამაშეს და პენალტების სერიაში დამარცხდნენ, “ნოტინგემ ფორესტს” 1-0 მოუგეს, “უდინეზესთან” 0-1 წააგეს, “ბაზელი” 5-2 დაამარცხეს, ჟოან გამპერის თასზე კი “ალ აჰლის” 2-1 აჯობეს.

პრესეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა 18 წლის ჰამზა აბდელკარიმია. ეგვიპტელმა თავდამსხმელმა 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და დღეს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის რეალური კანდიდატია.

თუმცა ფლიკისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გუნდს გვიან შეუერთდა და სრულ სათამაშო ფორმაში ჯერ არ იმყოფება. გერმანელმა თავადაც დაადასტურა, რომ მათგან ყველას 90 წუთით დატვირთვას არ აპირებს.

დანაკლისი

“ბარსელონას” ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი აკლია.

დე იონგმა მსოფლიო ჩემპიონატზე მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი გაიწყვიტა. კლუბმა კონსერვატიული მკურნალობა აირჩია და ნიდერლანდელი ამ ეტაპზე თამაშისთვის მზად არ არის.

ბარდჯიმ კი 11 აგვისტოს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. შვედს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელის.

დღეს ვერ ითამაშებს როდრიც. ახალწვეული გუნდთან ერთად სრულფასოვნად ჯერ არ ვარჯიშობს – ზურგზე გაკეთებული მცირე ოპერაციისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მას ინდივიდუალური პროგრამა აქვს. ფლიკის განცხადებით, ესპანელი ორშაბათიდან უნდა შეუერთდეს საერთო ჯგუფს.

ასევე ვერ ითამაშებს ახალგაზრდა ჟესი ბისივუ. მისი არყოფნა ტრავმას არ უკავშირდება – ფეხბურთელს “ბარსა ატლეტიკის” რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურა ჯერ ბოლომდე დასრულებული არ აქვს.

“ელჩეს” უახლესი ინფორმაციით, ერთადერთი დადასტურებული დანაკლისი იაგო სანტიაგოა. გრედი დიანგანამ ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა, ეზე პონსესა და აბიელ ოსორიოს კი უკვე შეუძლიათ სათამაშო წუთების მიღება.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ელჩეს” ერთმანეთთან 57 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. კატალონიელთა უპირატესობა თვალსაჩინოა:

  • “ბარსელონას” მოგება – 36
  • ფრე – 12
  • “ელჩეს” მოგება – 9
  • გოლები – 120-43 “ბარსელონას” სასარგებლოდ

ამ 57 შეხვედრიდან 50 ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა. ლა ლიგაშიც “ბარსას” მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

  • “ბარსელონას” მოგება – 30
  • ფრე – 12
  • “ელჩეს” მოგება – 8

ელჩეში გუნდები ოფიციალურ მატჩში 28-ჯერ შეხვედრიან. “ბარსელონამ” 14 მოიგო, “ელჩემ” – 9, ხოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა. აქედან ლა ლიგაში 25 მატჩი გაიმართა: 12 “ბარსამ” მოიგო, 8 – “ელჩემ”, 5 კი ფრედ დასრულდა.

ბოლო წლების ტენდენცია უკვე უკიდურესად ცალმხრივია. “ბარსელონამ” “ელჩესთან” ბოლო 12 ოფიციალური შეხვედრა მოიგო. “ელჩემ” კატალონიელები ბოლოს 1974 წლის 22 დეკემბერს დაამარცხა – 1-0. მას შემდეგ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული.

“ბარსას” ასევე ზედიზედ 6 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული ქალაქ ელჩეში. ამ ექვს შეხვედრაში კატალონიელების ბურთების შეფარდება 21-2-ია:

  • 2025/26: “ელჩე” 1-3 “ბარსელონა”
  • 2022/23: “ელჩე” 0-4 “ბარსელონა”
  • 2021/22: “ელჩე” 1-2 “ბარსელონა”
  • 2020/21: “ელჩე” 0-2 “ბარსელონა”
  • 2014/15: “ელჩე” 0-6 “ბარსელონა”
  • 2014/15: “ელჩე” 0-4 “ბარსელონა”

გასულ სეზონში გუნდები ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი “ბარსელონამ” ერთნაირი ანგარიშით მოიგო – 3-1.

მსაჯი

შეხვედრას 33 წლის ალეხანდრო კინტერო გონსალესი განსჯის. VAR-ის მსაჯი გილერმო კუადრა ფერნანდესი იქნება.

კინტერო გონსალესი უელვაში დაიბადა და ანდალუსიის მსაჯთა კომიტეტს წარმოადგენს. ლა ლიგაში 2024 წლის აგვისტოდან მსაჯობს, ანუ უმაღლეს დივიზიონში ეს მისი მესამე სეზონია. 2027 წლის 1 იანვრიდან მას საერთაშორისო არბიტრის სტატუსიც ექნება.

კინტერო გონსალესს პირველ, მეორე და მესამე დივიზიონებში ჯამში 112 მატჩი აქვს განსჯილი. სტატისტიკა ასეთია:

  • თამაშები – 112
  • ყვითელი ბარათი – 551
  • საშუალოდ ყვითელი ბარათი – 4.92
  • გაძევება – 31
  • საშუალოდ გაძევება – 0.28
  • მასპინძლის მოგება – 49 მატჩი, 43.8%
  • სტუმრის მოგება – 29 მატჩი, 25.9%
  • ფრე – 34 მატჩი, 30.4%

ლა ლიგის გასულ სეზონში მან 19 მატჩში 98 ყვითელი ბარათი აჩვენა, 4 ფეხბურთელი მეორე ყვითელი ბარათით გააძევა, 7-ს პირდაპირ წითელი აჩვენა და 10 პენალტი დანიშნა.

დისციპლინის მხრივ გასული სეზონი მისთვის განსაკუთრებით მკაცრი იყო. კინტერო გონსალესი ლა ლიგაში საშუალოდ 4.89 ყვითელ და 0.58 წითელ ბარათს აჩვენებდა და წითელი ბარათების საშუალო რაოდენობით ჩემპიონატში პირველ ადგილზე იყო.

“ბარსელონას” მატჩში კინტერო გონსალესს აქამდე მხოლოდ 3-ჯერ უმსაჯია. კატალონიელთა ბალანსია 2 მოგება და 1 მარცხი:

  • 2024/25: “ბარსელონა” 0-1 “ლეგანესი”
  • 2024/25: “ბარსელონა” 4-0 “რეალ სოსიედადი”
  • 2025/26: “ბარსელონა” 3-0 “მალიორკა”

“ელჩესთვისაც” მას 3 შეხვედრაში უმსაჯია და ალიკანტელთა ბალანსია 2 მოგება და 1 ფრე. ბოლო ასეთი მატჩი გასული სეზონის ესპანეთის თასზე გაიმართა, როდესაც “ელჩემ” “ეიბარს” სტუმრად 1-0 მოუგო. დღევანდელი შეხვედრა პირველი იქნება, რომელშიც კინტერო “ელჩეს” ლა ლიგაში უმსაჯებს.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჰანსი ფლიკმა ყურადღება პირველ რიგში მსოფლიო ჩემპიონატიდან გვიან დაბრუნებული ფეხბურთელების სათამაშო დროსა და “ელჩეს” სირთულეზე გაამახვილა.

“ნორმალურია, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები 90 წუთს ვერ ითამაშებენ. მათი წუთები უნდა ვმართოთ, მაგრამ თავის მართლების საბაბი არ არსებობს – უნდა მოვიგოთ და გამარჯვებით დავიწყოთ. იოლი არ იქნება, “ელჩემ” თამაში იცის”, – განაცხადა ფლიკმა.

გერმანელმა ასევე დაადასტურა, რომ როდრი მზად არ არის, სამაგიეროდ ჟოაუ კანსელუს თამაში უკვე შეუძლია. ფლიკმა თქვა, რომ თავდამსხმელის პოზიციაზე ვის დააყენებს, უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა არჩევანი არ გაამხილა. მან განსაკუთრებით შეაქო ჰამზა აბდელკარიმის პრესეზონი.

“ელჩეს” მწვრთნელ მარტინ ანსელმის აზრით, მეტოქის ძალის მიუხედავად მისმა გუნდმა საკუთარი იდენტობა არ უნდა დაკარგოს.

“გასაღები ისაა, რომ საკუთარ თავებად დავრჩეთ. “რიასორზე” ძალიან ახლოს ვიყავით იმასთან, როგორიც გვინდა, რომ ვიყოთ”, – განაცხადა არგენტინელმა.

ანსელმიმ ასევე ხაზი გაუსვა გუნდურ დაცვას და აღნიშნა, რომ “ბარსელონას” ინდივიდუალური ხარისხის წინააღმდეგ “ელჩემ” კომპაქტურად, ერთიან მუშტად უნდა ითამაშოს.

სავარაუდო შემადგენლობები

შემადგენლობის გამოცნობა ამჯერად განსაკუთრებით რთულია. ფლიკმა თავად თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელების დატვირთვა უნდა აკონტროლოს. ამასთან, გუნდს კლასიკური, გამოცდილი ცენტრფორვარდი ამ ეტაპზე არ ჰყავს.

AS

“ბარსელონა” (4-3-3): ჟოან გარსია – ერიკ გარსია, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, კანსელუ/ბალდე – მარკ ბერნალი, ჩავი ესპარტი, ფერმინ ლოპესი – ლამინ იამალი, რაფინია, კარიმ ადეიემი.

AS-ის ინფორმაციით, ჟოან გარსიას ადგილი კარში გადაწყვეტილია. ცენტრში ყველაზე მეტად გამოყენებული წყვილი კრისტენსენი-ჟერარ მარტინია, ერიკ გარსია მარჯვნივ უნდა დადგეს, მარცხენა ფლანგზე კი კანსელუ და ბალდე კონკურენციაში არიან. ნახევარდაცვაში მარკ ბერნალის, ჩავი ესპარტისა და ფერმინის თამაშია მოსალოდნელი. შეტევაში ლამინი და რაფინია ყველაზე რეალური კანდიდატები არიან, ხოლო ადეიემის გორდონზე მეტი სავარჯიშო და სათამაშო დრო აქვს მიღებული.

Goal.com

Goal-ის ვარიანტში “ბარსელონას” ცენტრფორვარდის პოზიციაზე რაფინია, ე.წ. ცრუ ცხრიანის როლშია ნავარაუდები, ხოლო ფლანგებზე ლამინ იამალი და კარიმ ადეიემი უნდა განლაგდნენ.

Mundo Deportivo დღევანდელ ნომერში ფლიკის არჩევანს პირდაპირ “თავსატეხს” უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო ჩემპიონებს თანაგუნდელებთან სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ.

პროგნოზი

  • WhoScored: 1-3
  • Sports Mole: 1-3
  • Goal.com: 1-3
  • Sportskeeda: 0-3
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი