10 დებიუტანტი პირველ გუნდში

10 დებიუტანტი პირველ გუნდში

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, ინგლისში მიმდინარე წინასასეზონო შეკრების პირველ ამხანაგურ მატჩში "ბირმინგემ სიტის" წინააღმდეგ "ბარსელონას" პირველ გუნდში ერთბაშად 10-მა ფეხბურთელმა ითამაშა სადებიუტო შეხვედრა. მათ შორის იყო ახალწვეული კარიმ ადეიემი და აკადემიის 9 აღზრდილი.

30-კაციანი შემადგენლობიდან, რომელიც ჰანსი ფლიკმა ბირმინგემში წინასასეზონო შეკრებაზე წაიყვანა, 18 “ლა მასიას” აღზრდილი გახლდათ. პარასკევს, “ბირმინგემ სიტის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, 9 მათგანს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა: არონ იააკობიშვილი, ჟორდი პესკერი, ბრიან ფარინიასი, ორიან გორენი, ებრიმა ტუნკარა, იბრაჰიმ დიარა, ჰამზა აბდელკარიმი, ალექს გონსალესი და შეინ კლუივერტი. საზაფხულო შენაძენის, კარიმ ადეიემის ჩათვლით, მატჩში პირველი გუნდის 10 დებიუტანტი ვიხილეთ.

კარიმ ადეიემიმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა

კარიმ ადეიემი, რომელიც “ბარსელონას” ფეხბურთელად მხოლოდ ერთი კვირის წინ წარადგინეს, ჰანსი ფლიკის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. ახალ თანაგუნდელებთან მხოლოდ რამდენიმედღიანი ვარჯიშის შემდეგ, მიუნხენში დაბადებულმა თავდამსხმელმა პირველი 45 წუთი ითამაშა და ის სისწრაფე, რაც მას შეტევაში ასეთ საშიშ მოთამაშედ აქცევს.

ჰამზა აბდელკარიმი: დუბლი სადებიუტო მატჩში

ჰამზა აბდელკარიმი ალბათ უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებდა – მოედანზე გატარებულ 62 წუთში მან დუბლი შეასრულა. ეგვიპტელმა ანგარიში პენალტით გახსნა, რომელიც თავადვე გამოიმუშავა, შესვენების შემდეგ კი მეკარის შეცდომით ისარგებლა და “ბარსელონას” მეორე გოლი გაიტანა. თავდამსხმელი კლუბის 19-წლამდელთა გუნდს გასული სეზონის შუაში შეუერთდა და 9 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.

“იაკო” პენალტების სერიაში ბრწყინავდა

ქართული ფესვების მქონე მეკარე არონ იაკობიშვილი მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში თავი კარგად წარმოაჩინა – მან ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. უნგრელი, რომელმაც 2025/26 წლების სეზონი იჯარით “ანდორაში” გაატარა, ამ ზაფხულს უნგრეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი მეკარეც გახდა.

პესკერის დებიუტი მარცხენა მცველად

ჟორდი პესკერმა მარცხენა ფლანგზე ჟოფრე ტორენტსი შეცვალა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით შეტევაში ჩართვისას, თუმცა პენალტების სერიაში თავისი დარტყმული ვერ გამოიყენა. ფეხბურთელი “ბარსელონას” სისტემაში ადრეული ასაკიდან ირიცხება. ამასთან, ებრიმა ტუნკარასთან ერთად, მან ამ ზაფხულში ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოადგენდა.

ტუნკარას მორიგი მიღწევა

სულ რაღაც 16 წლის ასაკში, ებრიმა ტუნკარა “ბარსელონას” ინგლისური განაცხადის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან, ნახევარდაცვაში დაიწყო. გასულ სეზონში “ბარსა ატლეტიკის” რიგებში 5 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის წინასასეზონო შეკრებას ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის სტატუსით შეუერთდა.

ბრიან ფარინიასი მარჯვენა მცველის პოზიციას მოერგო

ჩვეულებრივ, ცენტრალური ნახევარმცველმა, ბრიან ფარინიასმა 62-ე წუთზე შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ სადებიუტო მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა. “ბარსა ატლეტიკის” ვიცე-კაპიტანი კლუბს 8 წლის წინ “ვილიარეალიდან” შეუერთდა და 2025/26 წლების ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, რა დროსაც აქტივში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ორიან გორენმა კლასი აჩვენა

17 წლის ორიან გორენმა მარკ კასადო 60 წუთის გასვლის შემდეგ მალევე შეცვალა. უნივერსალურმა ნახევარმცველმა, რომელიც 19-წლამდელთა გუნდში გასულ სეზონში დაწინაურდა, 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

დიარას ხარისხიანი ტაიმი

იბრაჰიმ დიარა მოედანზე შესვენების შემდეგ გამოვიდა და პირველ გუნდში თავისი დიდხანს ნანატრი დებიუტი ჰქონდა. მალელი გამთამაშებელი პირველ გუნდში მოხვედრასთან ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში იყო ახლოს, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა. 2025/26 წლების ტრავმებით სავსე სეზონის შემდეგ, მან ფლიკის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა.

მამას ჰგავს

შეინ კლუივერტის დებიუტი პირველ გუნდში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე, სასტარტო შემადგენლობიდან შედგა. “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟი, “ლა მასიას” 9 წლის წინ შეუერთდა და ყველა ასაკობრივი კატეგორია გაიარა. მას შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია და გასულ სეზონში “ბარსა ატლეტიკში” 23 მატჩი ჩაატარა.

გისტაუ შეტევაში

ოსკარ გისტაუ მოედანზე 62-ე წუთზე გამოვიდა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე აბდელკარიმი შეცვალა. 18 წლის ფეხბურთელს ტრავმებით სავსე ორი სეზონი ჰქონდა, თუმცა შარშან “ბარსა ატლეტიკში” 7 შეხვედრის ჩატარება მაინც მოახერხა.

ალექს გონსალესის მუდმივი საფრთხე

ალექს გონსალესი მოედანზე 62-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე შემოვიდა და გამარჯვების გოლის გატანასთან ორჯერ იყო ძალიან ახლოს. “დამიდან” გადმოსულმა გარემარბმა გასულ სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, 18 გოლი გაიტანა და პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ენერგიული თამაშით აღნიშნა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი