სლოვენიელი სპეციალისტი ალექსანდერ სეკულიჩი მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი იქნება. ამის შესახებ კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა. ის ამ პოსტზე ჩავი პასკუალს შეცვლის, რომელმაც “დუბაი ბასკეტბოლის” შეთავაზება მიიღო. ეს სრულფასოვანი გაცვლა გამოვიდა, რადგან ორმა მწვრთნელმა, ფაქტობრივად, გუნდები გაცვალა.
სეკულიჩი, რომელიც ამავდროულად სლოვენიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, გასული სეზონის ბოლო თვეებში სწორედ დუბაის გუნდს წვრთნიდა. მან კლუბთან ერთად ადრიატიკის ლიგა (ABA) მოიგო, ფინალური სერიის მეოთხე მატჩში ბელგრადის “პარტიზანის” დამარცხებით. “პალაუ ბლაუგრანაზე” მოსვლამდე, მან სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს დაიწყო და ძირითადად სამშობლოში მუშაობდა, თუმცა ასევე წვრთნიდა ჩეხურ “ნიმბურკს” და ოკუპანტებს – “ლოკომოტივ ყუბანსა” და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს”.
სეკულიჩის კარიერა სლოვენიის ნაკრებში 2020 წელს დაიწყო და ის გუნდის წარმატებებში საკვანძო ფიგურა იყო. მისი ხელმძღვანელობით სლოვენიამ დაიკავა:
- მე-4 ადგილი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (ქვეყნის პირველი მონაწილეობა ამ ტურნირზე);
- მე-6 ადგილი 2022 წლის ევრობასკეტზე;
- მე-7 ადგილი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე;
- მე-7 ადგილი 2025 წლის ევრობასკეტზე.
გარდა ამისა, 2017 წელს, როცა სლოვენია ევროპის ჩემპიონი გახდა, ის მთავარი მწვრთნელის, ქართველთათვის კარგად ნაცნობი იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო.
ახლა ის ჩაიბარებს “ბარსელონას”, რომელთანაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა (2028 წლის 30 ივნისამდე). ეს იმედისმომცემი, თუმცა ამავდროულად რისკიანი ტრანსფერია. დრო აჩვენებს, თუ როგორ მოერგება ის “ბარსელონას” და გაუგებს თუ არა გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის მომთხოვნია და შედეგებს პირველივე დღიდან ითხოვს.
ბევრი ტრანსფერი სეკულიჩის ახალი პროექტისთვის
ეს “ბარსელონასთვის” ახალი სპორტული პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი მიმართულების ცვლილებაა. გასული სეზონის მორიგი იმედგაცრუების შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა კურსი შეცვალა და ბევრი წამყვანი მოთამაშე გაუშვა. ახლა კი სეკულიჩის პროექტისთვის რამდენიმე ახალი შენაძენი დაადასტურა.
აღსანიშნავია გამთამაშებლების, უმოჯა გიბსონისა (ლიუბლიანას “ოლიმპია”) და ჯასტინ რობინსონის (“პარიზ ბასკეტბოლი”) ტრანსფერები. გარდა ამისა, გუნდს შეუერთდნენ ურუგვაელი მსროლელი აგუსტინ უბალი (“მანრესა”), მსუბუქი ფორვარდი სტენლი უმუდე (“ოსტინ სპურსი”) და მძიმე ფორვარდი ოლივიე ნკამჰუა (მილანის “ოლიმპია”). ეს ყველაფერი მიმართულია იმ გუნდის გასაძლიერებლად, რომელსაც კვლავ გამარჯვება და ყველა ტიტულისთვის ბრძოლა სურს.
შეხსენება არ გჭირდებათ, რომ “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს.
კომენტარები (0)