რა თანხის გამომუშავება შეუძლია ბარსელონას 2026-27 წლების ჩემპიონთა ლიგაზე

რა თანხის გამომუშავება შეუძლია ბარსელონას 2026-27 წლების ჩემპიონთა ლიგაზე

მოკლედ
ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 18.9 და მაქსიმუმ 113.32 მილიონის გამომუშავება შეუძლია.

უეფამ 2026-27 წლების სეზონისთვის, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ტურნირებზე გასანაწილებელი თანხები ოფიციალურად დაადასტურა. საერთო ჯამში, საპრიზო ფონდი 4.4 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან დაახლოებით 387 მილიონი ევრო საორგანიზაციო ხარჯებს მოხმარდება, 132 მილიონი (3%) – საკვალიფიკაციო ეტაპებს, ხოლო 308 მილიონი (7%) – არამონაწილე კლუბებს.

გარდა ამისა, 22 მილიონი ევრო ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვისაა გამოყოფილი, 3 მილიონი კი – ახალგაზრდული ლიგისთვის (Youth League). დარჩენილი თანხის (დაახლოებით 3.548 მილიარდი ევრო) 93.5% მონაწილე კლუბებზე გადანაწილდება, ხოლო 6.5% უეფას დარჩება.

უეფას ტურნირების საერთო საპრიზო ფონდი

შესაბამისად, უეფა კლუბებს შორის ზუსტად 3.317 მილიარდ ევროს გაანაწილებს. ტურნირების მიხედვით ეს თანხა შემდეგნაირად იყოფა:

  • ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერ თასი: 2.467 მილიარდი ევრო (74.38%)
  • ევროპა ლიგა: 565 მილიონი ევრო (17.02%)
  • კონფერენს ლიგა: 285 მილიონი ევრო (8.60%)

როგორ გადანაწილდება თანხები ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ის მონაწილეები, რომლებიც ძირითად ბადეში ვერ მოხვდებიან, 30 მილიონ ევროს გაიყოფენ (თითოეულს ფიქსირებულად 4.29 მილიონი ერგება). ძირითად ეტაპზე (ლიგის ფაზა) მოთამაშე 36 გუნდზე კი 2.437 მილიარდი ევრო განაწილდება. ამ თანხის 27.5% (670 მილიონი) გუნდებზე თანაბრად გაიყოფა, 914 მილიონი ევრო (37.5%) შედეგებზე დამოკიდებული ფიქსირებული ბონუსები იქნება, დარჩენილი 35% (853 მილიონი) კი ახლად შექმნილ “ღირებულების სვეტზე” (Value pillar) განაწილდება.

კონკრეტული ეტაპებისა და შედეგების მიხედვით, კლუბების შემოსავალი ასეთი იქნება:

  • მონაწილეობის ბონუსი: 36-ვე კლუბი მხოლოდ მონაწილეობისთვის 18.62 მილიონ ევროს მიიღებს (17.87 მილიონი წინასწარ, ხოლო 750,000 ევრო – მოგვიანებით).
  • შედეგების ბონუსები: თითოეულ გამარჯვებაზე კლუბი 2.1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ფრეზე – 700,000 ევროს.
  • ადგილის ბონუსი (ლიგის ფაზაში): ბოლო ადგილოსანი 275,000 ევროს მიიღებს, პირველ ადგილზე გასული კი – 9.9 მილიონ ევროს. ამასთან, 1-დან მე-8 ადგილის ჩათვლით გასული გუნდები დამატებით 2 მილიონს მიიღებენ, ხოლო მე-9-დან მე-16 ადგილის მფლობელები – 1 მილიონ ევროს.
  • პლეი-ოფში გადასვლა: მერვედფინალში პირდაპირ (დამატებითი პლეი-ოფის გარეშე) გასვლა 1 მილიონ ევროდ ფასდება.
  • მერვედფინალი: 11 მილიონი ევრო.
  • მეოთხედფინალი: 12.5 მილიონი ევრო.
  • ნახევარფინალი: 15 მილიონი ევრო.
  • ფინალი და ჩემპიონობა: ფინალში გასვლა 15 მილიონ ევროს ნიშნავს. გამარჯვებული გუნდი დამატებით 6.5 მილიონით დაჯილდოვდება, რასაც ევროპის სუპერთასზე თამაშისთვის გამოყოფილი 4 მილიონიც დაემატება. სუპერ თასის მოგების შემთხვევაში, კლუბი კიდევ 1 მილიონ ევროს მიიღებს.

აქედან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის მოგება მინიმუმ 86 მილიონი ევროს გარანტირებულ შემოსავალს ნიშნავს, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი არაერთი ცვლადი და საბაზრო ბონუსი ემატება. მაქსიმალური თანხა, რისი გამომუშავებაც “ბარსას” შეუძლია (ლიგის ფაზაში ყველა თამაშის მოგება და საბოლოოდ ტურნირის მოგებაც) 113.32 მილიონი ევროა. მინიმუმი კი (ყველა თამაშის წაგება) – 18.9 მილიონი ევრო.

ტურნირის ლიგის ფაზის წილისყრა 27 აგვისტოს გაიმართება. თამაშები კი 8 სექტემბრიდან დაიწყება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი