მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა (ესპანეთთან 0-1 მარცხის შემდეგ), ჰანსი ფლიკმა სპორტულ დირექტორს, დეკუს ძალიან კონკრეტული დავალება მისცა. გერმანელმა სპეციალისტმა მოითხოვა, რომ უახლოეს დღეებში პორტუგალიელი მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაჩქარდეს. ფლიკს სურს, რომ კანსელუ გუნდს 27 ივლისიდან შეუერთდეს, როდესაც “ბარსელონა” ინგლისში ერთკვირიან შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 31 ივლისს “ბირმინგემთან” მატჩიც არის დაგეგმილი.
პროექტის ქვაკუთხედი და სატრანსფერო გეგმები
ფლიკი კანსელუს მომავალი სეზონის პროექტის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად მიიჩნევს. ის მისი მთავარი პრიორიტეტია იმ ცენტრალური თავდამსხმელის გარდა, რომელმაც რობერტ ლევანდოვსკის წასვლით დატოვებული ვაკანსია უნდა შეავსოს. ამ დროისთვის დეკუმ მწვრთნელს მხოლოდ ერთი ტრანსფერი შეუთანხმა – ინგლისელი ენტონი გორდონი.
გერმანელი მწვრთნელი აფასებს იმას, რომ ჟოაუ კანსელუს თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია, თუმცა “ბარსელონაში” მას უფრო მარცხენა მცველად მოიაზრებს, რომელიც გუნდს შეტევაში თავისი ვერტიკალურობითა და სიღრმეებით ბევრ რესურსს მისცემს. გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კანსელუს მოსვლის შემთხვევაში ფლიკი დაცვის ხაზს სრულად დაკომპლექტებულად ჩათვლის, რაც კლუბს საშუალებას მისცემს მთელი ფინანსური რესურსი ცენტრფორვარდის შეძენაზე მიმართოს. დაცვაში ახალი მოძრაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ გუნდს მოულოდნელად რომელიმე წამყვანი უკანახაზელი დატოვებს, რაც ამ ეტაპზე არ განიხილება.
შეთანხმება “ალ-ჰილალთან”
ამჟამად, “ბარსელონა” და საუდური “ალ-ჰილალი” ორივე მხარისთვის ხელსაყრელ შეთანხმებასთან ახლოს არიან. კატალონიური კლუბი ტრანსფერში, ფიქსირებული და ბონუსების ჩათვლით, 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს. რამდენიმე წყაროს ცნობით, გარიგების დასასრულებლად მხოლოდ თავად ფეხბურთელის ხელმოწერაა დარჩენილი, რაც შესაძლოა უახლოეს საათებში მოხდეს.
ჟოაუ კანსელუმ გასული სეზონის მეორე ნახევარი “ბარსელონაში” იჯარით გაატარა. პორტუგალიელმა უნივერსალმა 23 მატჩში თავი 2 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კომენტარები (0)