“ბარსელონას” ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის უიღბლო ტრავმიდან, რის გამოც 23 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, თვენახევარი გავიდა. 17 მაისს, “ბეტისთან” მატჩში მან მარჯვენა ფეხის მეხუთე მეტატარსალური ძვლის მოტეხილობა მიიღო და 19 მაისს “ბარსელონას” ჰოსპიტალში ოპერაციაც ჩაუტარდა. კლუბის ვარაუდითა და მსგავსი ტრავმების გამოცდილებით, სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 3 თვეს მოიცავდა. ახლა კი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ფერმინი აგვისტოს შუა რიცხვებში, “ბილბაოს” წინააღმდეგ ლა ლიგის პირველ ტურში სათამაშოდ მზად იქნება.
აღდგენითი პროცესი და სამედიცინო მეთვალყურეობა
მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმის შემდეგ, ფერმინი სარეაბილიტაციო პროცესს დაუყოვნებლივ და დიდი დისციპლინით შეუდგა. დარბაზსა და აუზში ჩატარებული ინტენსიური ვარჯიშების, ასევე გამოჩენილი მოთმინების შემდეგ, მან უკვე სირბილი დაიწყო. პროცესს ფიზიოთერაპევტი ხოსე კორტესი ხელმძღვანელობს, რომელიც “ბარსელონას” სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელთან, დოქტორ რიკარდ პრუნასთან მუდმივ კონტაქტზეა.
მისი დაბრუნების დრო თითქმის ზუსტად ემთხვევა ლა ლიგის პირველ მატჩს, რომელიც 16 აგვისტოსაა დაგეგმილი. თუმცა, თუ “ბარსელონას” ფეხბურთელები მუნდიალის ფინალურ ეტაპებზე მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი, “ჩემპიონატის “ბლაუგრანას” სტარტმა, შესაძლოა, ერთი კვირით გადაიწიოს. აღსანიშნავია, რომ ფერმინი მოვლენებს ხელოვნურად არ დააჩქარებს.
მოტივაცია და მოლოდინები ახალი სეზონისთვის
სანამ ესპანელი გადასაადგილებლად ჯერ კიდევ ყავარჯნებს იყენებდა, სოციალურ ქსელში სანაპიროზე მოსეირნე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
“ახლანდელი ტანჯვა ვერ შეედრება იმ დიდებას, რომელიც წინ გელოდება.”
მან ძალების აღსადგენად დრო მშობლიურ ქალაქ ელ კამპიოში (უელვა), ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. მისი და მისი მეგობარი გოგონას, ბერტას შვებულებაც სრულად აღდგენით პროცესსა და ფეხბურთელის ჯანმრთელობის პრიორიტეტზე იყო მორგებული.
ეჭვგარეშეა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს მისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა გამზადებული მარცხენა ფლანგზე, “ცრუ გარემარბის” პოზიციაზე (სადაც ნიკო უილიამსის ტრავმის გამო ახლა გავისა და ალექს ბაენას უწევთ თამაში). თუმცა “ბარსელონასთვის” ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჰანსი ფლიკს ახალი სეზონის დასაწყისში ფერმინზე დაყრდნობა შეეძლება. თავად ფეხბურთელი კი მოედანზე დაბრუნებას უდიდესი მოტივაციით ელოდება.
ფერმინმა რაც თავის თავზე იმუშავა და რა გზაც გამოიარა ჯერ მაგიტომ უნდა დააფასო ძალიან მაღალი ლეველის სპორცმენია👌🏻
უფ არადა რა კაი იქნებოდა ეხლა ესეც თამაშობდეს