ბილბაოს “ატლეტიკთან” გამართული დაპირისპირება რიგით 150-ე გამოდგა, რომელიც ხერარდ პიკემ, “ბარსელონას” მაისურით, ლა ლიგაში ჩაატარა.
პიკემ, “ბარსას” შემადგენლობაში, ლა ლიგის პირველი თამაში 2008 წლის 13 სექტემბერს ჩაატარა. პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით, “ბარსელონა” სანტანდერის “რასინგს” უპირისპირდებოდა. იმ დროს, “ბარსას” რთული პერიოდი ედგა, რადგან “ნუმანსიასთან” და “ვისლასთან” წაგებების გამო, გუნდზე ზეწოლა გაზრდილი იყო და ამას ისიც ემატებოდა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა, პიკესთან ერთად, როგორც ესპანეთში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე შესანიშნავ ფორმაში შესვლა მოახერხეს.
განვლილ 150 თამაშში პიკეს 119 მოგება, 23 ფრე და 8 წაგება დაუგროვდა. ამ დროის (5 სეზონი) განმავლობაში, მან ლა ლიგა 4-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, გასულ 5 წელიწადში, პიკემ საკუთარი მონაგარი საკლუბო თუ სანაკრებო არაერთი ტიტულით შეავსო.
ლა ლიგაში ჩატარებული 150 თამაშიდან რამდენიმე განსაკუთრებული იყო. თავად პიკე “რეალთან” გამართულ ორ დაპირისპირებას გამოარჩევს. 2009 წლის 2 მაისს, მან 6:2 მოგებულ “ელ კლასიკოში” გოლი გაიტანა. ეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოხდა. ხოლო 2011 წლის 29 ნოემბერს, კატალონიელებმა, რომელთა შემადგენლობაში პიკეც თამაშობდა, მადრიდული მეტოქე 5:0 გაანადგურა. ეს თამაში უკვე “კამპ ნოუზე” გაიმართა.