ბარსელონელები მუნდიალზე – პირველი ორი ტურის შეჯამება

ბარსელონელები მუნდიალზე – პირველი ორი ტურის შეჯამება

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე “ბარსელონას” 16 ფეხბურთელია წარმოდგენილი და ისინი 8 ნაკრებში არიან გადანაწილებული. პირველი ორი ტურის შემდეგ სურათი, ძირითადად, დადებითია: “ბარსას” ფეხბურთელების ნაკრებების დიდი ნაწილი ფლეი ოფთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ბოლო ტურის წინ რამდენიმე გუნდის მდგომარეობა ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.

ახალი ფორმატის მიხედვით, თითოეული ჯგუფიდან 1-2 ადგილებზე გასული ნაკრებები პირდაპირ 1/16-ფინალში გადიან, ხოლო მესამეადგილოსნებიდან საუკეთესო 8 გუნდი ასევე აგრძელებს ბრძოლას. ამიტომ, ბოლო ტური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ნაკრებებისთვის, რომლებსაც პირველი ორი მატჩის შემდეგ 4 ქულაზე ნაკლები აქვთ.

ესპანეთი – 4 ქულა, ჯგუფის ლიდერი

ესპანეთის ნაკრებში “ბარსელონას” ყველაზე მეტი, 8 ფეხბურთელი ჰყავს: ჟოან გარსია, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, პედრი, გავი, დანი ოლმო, ფერან ტორესი და ლამინ იამალი.

ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მუნდიალი მოულოდნელი ფრეით დაიწყო – კაბო ვერდესთან 0-0. იმ მატჩში პაუ კუბარსიმ, პედრიმ, ფერან ტორესმა და გავიმ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, ლამინ იამალი 71-ე წუთზე შევიდა, დანი ოლმო კი – 81-ე წუთზე.

მეორე ტურში ესპანეთმა რეაქცია იდეალურად აჩვენა და საუდის არაბეთი 4-0 დაამარცხა. ლამინ იამალმა მე-10 წუთზე გაიტანა, დანი ოლმომ კი 24-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა. პაუ კუბარსი, პედრი, ოლმო და ლამინი ძირითადში იყვნენ, ფერან ტორესი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

ბოლო ტურის წინ ესპანეთს 4 ქულა აქვს და H ჯგუფს ლიდერობს. გადამწყვეტი მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ ელის – ესპანეთს ფლეი ოფში გასასვლელად ძალიან კომფორტული პოზიცია აქვს, მაგრამ პირველობისთვის ერთი ქულის აღება მაინც სჭირდება.

ურუგვაი – 2 ქულა და დაძაბული ბოლო ტური

რონალდ არაუხოს ურუგვაიმ ორივე თამაში ფრედ დაასრულა: საუდის არაბეთთან 1-1 და კაბო ვერდესთან 2-2. არაუხოს ჯერ არცერთი წუთი არ უთამაშია – ის ტრავმის შემდეგ აღდგენას აგრძელებს.

ბოლო ტურში ურუგვაი სწორედ ესპანეთს ხვდება. 2 ქულა სიმშვიდისთვის საკმარისი არ არის – სამხრეთ ამერიკელებს ქულა მაინც სჭირდებათ, იდეალურ შემთხვევაში კი გამარჯვება, რათა მესამეადგილოსნების მათემატიკაზე არ იყვნენ დამოკიდებული.

ბრაზილია – 4 ქულა, მაგრამ რაფინიას ტრავმის ფონზე

რაფინიამ ბრაზილიის ორივე მატჩი სასტარტოდან დაიწყო. პირველ ტურში ბრაზილია მაროკოსთან 1-1 დაზავდა, რაფინიამ კი სრულად ითამაშა. მეორე ტურში “სელესაომ” ჰაიტი 3-0 დაამარცხა, მაგრამ “ბარსას” გარემარბი 40-ე წუთზე იძულებით შეცვალეს.

ბრაზილიას 4 ქულა აქვს და C ჯგუფში პირველ ადგილზეა, თუმცა მაროკოსაც 4 ქულა აქვს, შოტლანდიას კი – 3. ბოლო ტურში ბრაზილია შოტლანდიას ეთამაშება და ჯგუფიდან გასასვლელად კარგი პოზიცია აქვს, მაგრამ რაფინიას მდგომარეობა “ბარსასთვის” ცალკე სანერვიულო თემაა.

ნიდერლანდები – 4 ქულა და ძლიერი რეაქცია

ფრენკი დე იონგის ნიდერლანდებმა პირველი ტური იაპონიასთან 2-2 დაასრულა. ფრენკიმ 90 წუთი ითამაშა. მეორე ტურში რონალდ კუმანის გუნდმა შვედეთი 5-1 გაანადგურა, დე იონგმა კი 59 წუთი ითამაშა.

ნიდერლანდებს 4 ქულა აქვს და F ჯგუფში ლიდერია, თუმცა იაპონიასაც იგივე რაოდენობის ქულა აქვს, შვედეთს კი 3 ქულა მოუგროვდა. ბოლო ტურში ნიდერლანდები ტუნისს ეთამაშება და პლეი-ოფთან ძალიან ახლოსაა.

საფრანგეთი – 6 ქულა და თითქმის იდეალური დასაწყისი

ჟიულ კუნდეს საფრანგეთმა პირველი ორი ტური დამაჯერებლად ჩაატარა: სენეგალი 3-1 დაამარცხა, შემდეგ კი ერაყს 3-0 მოუგო. კუნდემ პირველ მატჩში 90 წუთი ითამაშა, მეორეში კი 83-ე წუთზე შეცვალეს.

საფრანგეთს 6 ქულა აქვს და I ჯგუფში ნორვეგიასთან ერთად პლეი-ოფი პრაქტიკულად განაღდებული აქვს. ბოლო ტურში სწორედ საფრანგეთი და ნორვეგია შეხვდებიან ერთმანეთს – ჯგუფის პირველობისთვის.

ინგლისი – 4 ქულა, რაშფორდის გოლი და გორდონის ორი სტარტი

ინგლისმა მუნდიალი ხორვატიასთან 4-2 მოგებით დაიწყო. ენტონი გორდონი ძირითადში იყო და 72-ე წუთზე სწორედ მარკუს რაშფორდმა შეცვალა, რომელმაც 85-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტურში ინგლისი განასთან 0-0 დაზავდა; გორდონი ისევ ძირითადში იყო და 65 წუთი ითამაშა, რაშფორდი კი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა.

ინგლისს 4 ქულა აქვს და L ჯგუფს ლიდერობს. ბოლო ტურში პანამას ეთამაშება და პლეი-ოფისკენ სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს.

პორტუგალია – 4 ქულა და კანსელუს ასისტი

ჟოაუ კანსელუს პორტუგალიამ პირველი ტური კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1-1 ითამაშა. კანსელუმ სრული 90 წუთი ჩაატარა. მეორე ტურში პორტუგალიამ უზბეკეთი 5-0 დაამარცხა, კანსელუმ კი მე-6 წუთზე კრიშტიანუ რონალდუს გაატანინა და ის ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

პორტუგალიას 4 ქულა აქვს და K ჯგუფში მეორე ადგილზეა, კოლუმბიის შემდეგ. ბოლო ტურში პორტუგალია სწორედ კოლუმბიას შეხვდება – პირველობისთვის ბრძოლა ჯერ წინაა.

ეგვიპტე – 4 ქულა და ჯგუფის სათავეში

ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტემ პირველ ტურში ბელგიასთან 1-1 ითამაშა, შემდეგ კი ახალ ზელანდიას 3-1 მოუგო. ორივე შეხვედრაში “ბარსას” ახალგაზრდა თავდამსხმელი შეცვლაზე შევიდა: ბელგიასთან 76-ე წუთზე, ახალ ზელანდიასთანაც 76-ე წუთზე.

ეგვიპტეს 4 ქულა აქვს და G ჯგუფს ლიდერობს. ბოლო ტურში ირანთან მატჩი ელის – გამარჯვება ჯგუფის პირველობას თითქმის გარანტირებულს გახდის, ფრე კი, დიდი ალბათობით, ფლეი ოფისთვის საკმარისი იქნება.

“ბარსელონას” 16 ფეხბურთელის სტატისტიკა

ფეხბურთელი ნაკრები მატჩი წუთი გოლი ასისტი
ჟოან გარსია ესპანეთი 0 0 0 0
ერიკ გარსია ესპანეთი 0 0 0 0
პაუ კუბარსი ესპანეთი 2 180 0 0
პედრი ესპანეთი 2 160 0 0
გავი ესპანეთი 1 71 0 0
დანი ოლმო ესპანეთი 2 70 0 1
ფერან ტორესი ესპანეთი 2 126 0 0
ლამინ იამალი ესპანეთი 2 64 1 0
რაფინია ბრაზილია 2 130 0 0
ჟიულ კუნდე საფრანგეთი 2 173 0 0
ფრენკი დე იონგი ნიდერლანდები 2 149 0 0
ენტონი გორდონი ინგლისი 2 137 0 0
მარკუს რაშფორდი ინგლისი 2 25 1 0
ჟოაუ კანსელუ პორტუგალია 2 135 0 1
ჰამზა აბდელკარიმი ეგვიპტე 2 28 0 0
რონალდ არაუხო ურუგვაი 0 0 0 0

შეჯამება

პირველი ორი ტურის შემდეგ ყველაზე მშვიდად კუნდეს საფრანგეთი გამოიყურება – 6 ქულა და ჯგუფის პირველობისთვის დარჩენილი მატჩი ნორვეგიასთან. კარგ მდგომარეობაში არიან ესპანეთი, ბრაზილია, ნიდერლანდები, ინგლისი, პორტუგალია და ეგვიპტეც, თუმცა მათ ბოლო ტურში ჯერ კიდევ აქვთ დასამტკიცებელი, რომ ფლეი ოფში ზედმეტი ნერვიულობის გარეშე შევლენ.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში არაუხოს ურუგვაია: ორი ფრე, 2 ქულა და ბოლო ტურში ესპანეთთან მატჩი. “ბარსასთვის” კი მთავარი ინდივიდუალური სიახლეები ლამინ იამალის გოლი, რაშფორდის შედეგიანი შესვლა, კანსელუს ასისტი და, სამწუხაროდ, რაფინიას ტრავმის ეპიზოდია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი