2026 წლის ზაფხული “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შორის სატრანსფერო ბაზარზე დიდ დუელად იქცევა. “ბლაუგრანას” მიერ მადრიდელთა თავდამსხმელის, 26 წლის ხულიან ალვარესის სანაცვლოდ გაკეთებულმა 100-მილიონიანმა შეთავაზებამ “მეტროპოლიტანოზე” მწვავე რეაქცია გამოიწვია. მადრიდში ეს თავიანთი ვარსკვლავის მიმართ მიუღებელ შევიწროებად შეაფასეს. ახლა კი კლუბებს საერთო სატრანსფერო სამიზნეებიც გაუჩნდათ: ბერნარდუ სილვა და მარკ კუკურელია.
ბერნარდუ სილვას არჩევანი
31 წლის პორტუგალიელ შემტევს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი უმთავრდება. “ატლეტიკოს” ეგონა, რომ ამ ვარსკვლავური მოთამაშის დამატების საკითხი თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ბოლო დღეებში “ბარსელონას” შანსები საგრძნობლად გაიზარდა. მეტიც, მოვლენები ისე განვითარდა, რომ სილვამ სამომავლო გუნდის შერჩევა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გადადო (მიუხედავად იმისა, რომ აქამდე საკითხის რაც შეიძლება მალე მოგვარება სურდა). ეს “ბარსელონას” აძლევს დროს, ფეხბურთელი თავის სპორტულ და ეკონომიკურ გეგმებში ჩასვას.
სილვა წინა სატრანსფერო ფანჯრებზე კატალონიელთა ნომერ პირველი სამიზნე იყო, დღეს კი ის შემადგენლობის დონის ასამაღლებლად შესანიშნავ შესაძლებლობად განიხილება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელისთვის “ბლაუგრანა” სხვა ვარიანტებზე წინ დგას, რის გამოც ის მოცდაზე თანახმაა.
“ლა მასიას” აღზრდილი კუკურელია
რაც შეეხება 27 წლის მარცხენა მცველს, ის “ატლეტიკოს” ძალიან სურს, თუმცა ჰორიზონტზე მისი მშობლიური “ბარსელონაც” გამოჩნდა. “ლა მასიაში” აღზრდილი ფეხბურთელისთვის უკვე შემდგარი სტატუსით სახლში დაბრუნების პერსპექტივა სხვა შეთავაზებებზე მაღლა დგას. თუმცა, ამისთვის ჯერ კულეების დაცვის ხაზიდან ვინმე უნდა წავიდეს – ჰიპოთეტურ კანდიდატებად ალეხანდრო ბალდე ან ჟიულ კუნდე განიხილებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, “ატლეტიკო” კუკურელიას გადაბირებას ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების მეშვეობით ცდილობს. ზუსტად იგივე ტაქტიკა გამოიყენეს მათ ორი წლის წინ ხულიან ალვარესის შემთხვევაში, როდესაც მას “მანჩესტერ სიტიდან” წამოსვლას არგენტინელი თანაგუნდელები ურჩევდნენ.
დაძაბული ურთიერთობა კლუბებს შორის
ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ “ატლეტიკომ” თავის ოფიციალურ X ანგარიშზე “ბარსელონას” “პატარა გუნდი” უწოდა, სარკასტულად გამოაწყო კულეები – ლამინ იამალი, პედრი და რაფინია – მადრიდულ ფორმებში, დააწერა “დავიღალეთ ჩვენს ფეხბურთელებზე აბსურდული კითხვებით” და ნეგრეირას საქმეც კი ახსენა.
მანამდე MD წერდა, რომ ბარსელონაში დეკუსა და ხულიანის აგენტებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილებოდა არგენტინელის “ბარსელონაში” გადასვლის პერსპექტივა. ამას მოჰყვა “ატლეტიკოში” 100-მილიონიანი შეთავაზების გაგზავნა, რაც მადრიდელებმა უარყვეს, თუმცა ფაქტი ნამდვილი იყო. ნათელია, რომ ამ ზაფხულს “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” სატრანსფერო ბაზარზე ბევრი საერთო სახელი ეყოლებათ.
კომენტარები (0)