რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დადასტურდა ის, რაც აქამდეც ცნობილი იყო – ერიკ აბიდალი “ბარსელონას” ტოვებს, თუმცა დროებით. ჯერჯერობით უცნობია, სად განაგრძობს კარიერას 33 წლის ფრანგი მცველი.
პრესკონფერენცია “ბარსას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გახსნა, რომელმაც შემდეგი განაცხადა: “აბიდალმა ჩვენს კლუბში 6 წელი გაატარა. მან ყველაფერი მოიგო. ის ჩვენი ისტორიის ნაწილია, რომელიც ჩვენს გულებში ადგილს სამუდამოდ დაიმკვიდრებს. ჩვენ ერიკს არ ვემშვიდობებით. კლუბის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, ერიკ. როდესაც აბიდალი ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებს, ის “ბარსელონას” სკოლების დირექტორი იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.”
პრეზიდენტს სიტყვა ანდონი სუბისარეტამ ჩამოართვა: “აბიდალი ჩვენთვის სამაგალითოა. ჩვენ ერთად გვიცინია და გვიტირია. მახსოვს მისი პირველი გოლი, მის მიერ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა, მაგრამ ყველაზე მეტად მახსოვს მის მიერ საავადმყოფოში ნათქვამი სიტყვები -“მე დავბრუნდები”.
ბოლოს, თავად ერიკ აბიდალის ჯერიც დადგა: “ჩემთვის, რთული დღეა. “ბარსელონაში” 6 წელი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გავატარე. დარჩენა მინდოდა, მაგრამ კლუბის წარმომადგენლები სხვაგვარად ფიქრობდნენ და მათ აზრს პატივი უნდა ვცე. მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები.
სად განვაგრძობ თამაშს? შემოთავაზებები მაქვს. დასაფიქრებლად დრო მჭირდება. ჩემი უპირველესი მიზანი “კამპ ნოუზე” ბოლო წუთების თამაშია.
გულშემატკივრებისადმი ჩემი შეტყობინება არის: “მადლობა. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამომიცხადეთ.”
“ბარსელონაში” ჩემი თამაშიდან გამოვყოფდი 5 მომენტს: დებიუტი, სიმსივნის აღმოჩენის დღე, ოპერაციის შემდეგ “კამპ ნოუზე” დაბრუნება, ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა და დღევანდელი დღე.
ექიმები ვერ მეუბნებიან, კიდევ რამდენი ხანი შევძლებ თამაშს. იმედი მაქვს, კიდევ 2 წელი, სანამ 35 წლის გავხდები. ამას ჩემი ორგანიზმი გადაწყვეტს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=sr8HpkQ1Y_0]


