ამ ყველაფრის საწყისი ალბათ მადრიდის “რეალის” შიდა სამზარეულოში უნდა ვეძიოთ. იკერ კასილასსა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტი, ფაქტია, არსებობს. პორტუგალიელი თვლის, რომ ესპანელი კიპერი შეუცვლელი არ არის და მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესების მცდელობაც აქვს. ბოლო ინტერვიუში ჟოზემ აღნიშნა, რომ მადრიდელთა ამჟამინდელი მეკარის, დიეგო ლოპესის ძირითადიდან ამოგდება მადრიდელთა კაპიტანს გაუჭირდება. ეს ყველაფერი “ბარსას” ფანებს და როგორც ჩანს კლუბის ადმინისტრაციასაც იმის სურვილს უჩენს, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტრანფერის განხორციელება სცადონ.
ამ ტრანსფერის განხორციელების შანსები მიზერულია, მაგრამ “ბარსელონას” ფანებს სურთ გუნდში ჰყავდეთ კიდევ ერთი დიადი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ოჯახის წევრად მიიღებენ და დააფასებენ. იკერი მადრიდელებთან 2017 წლამდე არის დაკავშირებული და თუნდაც ერთი წლის წინ ამ ტრანსფერზე “ბარსას” ყველაზე ოპტიმისტი ფანიც კი ვერ იოცნებებდა. თუმცა თანამედროვე ფეხბურთში სიტუაცია ელვისებური სისწრაფით იცვლება. “რეალში” შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს ამ ტრანსფერზე ალაპარაკდნენ და არავინ იცის რა მოხდება კიდევ ერთი წლის შემდეგ.
მოურინიოს არ მოსწონს “რეალში” გამეფებული ტენდენცია, თითქოს ესპანელი ფეხბურთელები ხელშეუხებლები არიან. აქიდან გამომდინარე კლუბში მოუწევთ არჩევანის გაკეთება პორტუგალიელ მწვრთნელსა და რამდენიმე ესპანელ ფეხბურთელს შორის, რომელთა შორისაც, დიდი ალბათობით, იკერ კასილასიც იქნება. ამ სეზონში მოურინიო მაქსიმალურად ცდილობს კასილასის შევიწროებას. თავდაპირველად მან იკერს ანტონიო ადანი ამჯობინა, ახლა კი დიეგო ლოპესს ანიჭებს უპირატესობას. ამ ყველაფერს ესპანელი ჩვეული სიმშვიდით ხვდება, მაგრამ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანი ასეთი მოპყრობას არ იმსახურებს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ “ბარსას” მეკარე, ვიქტორ ვალდესი კლუბის დატოვებას აპირებს. თანაც კატალონიურ კლუბს არ ესწავლება ლეგენდარული ფეხბურთელების დაფასება.
მიუხედავად იმისა რომ მადრიდულმა კლუბმა რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად განაცხადა ჟოზე მოურინიოს კლუბში დარჩენის შესახებ, ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი “ჩელსის” მიაშრებს. ამ შემთხვევაში კი მადრიდული კლუბის ერთ-ერთი უკანსასკნელი სიმბოლოს კლუბიდან წასვლის აუცილებლობა არ დადგება. უნდა ითქვას, რომ “რეალმა” ადვილად გადაიტანა კასილასის არყოფნა დიეგო ლოპესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით. იკერის არყოფნის მიუხედავად, მოურინიოს გუნდმა შეძლო “მანჩესტერისა” და “ბარსელონას” დამარცხება. ამის წყალობით მოურინიომ მადრიდელთა ნდობა მოიპოვა და მას გადამწყვეტი როლი დაეკისრა “ბარსელონას” ერას დასასრულში, რომელზეც ესპანეთის დედაქალაქში დღესაც ოცნებობენ.
მადრიდელები ოცნებამ შორს წაიყვანა და ამის წყალობით დღეს კლუბი სიმბოლოდ აღიარებული კიდევ ერთი ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. მოურინიოს მოსვლის შემდეგ “რეალი” რაულმა და გუტიმ დატოვეს. დღეს, როდესაც ვიქტორ ვალდესის “ბარსელონადან” წასვლის საკითხი გადაწყვეტილია, თითქმის ყველა გულშემატკივარის გულის სიღმეში ერთი შეკითხვა იბადება: რატომაც არა? მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორ კლუბს შორის ტრანსფერები არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ბარსაში” იკერ კასილასი თავს უცხოდ არ იგრძნობს, რადგან ესპანეთის ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა სწორედ კატალონიურ კლუბში ასპარეზობს: პიკე, პუიოლი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, პედრო და ვილა. რომ არაფერი ვთქვათ ჩავი ერნანდესზე, რომელიც კასილასის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მოლაპარაკება “რეალთან”, სხვა კლუბებთან შედარებით, გაცილებით ძნელი იქნება, მაგრამ ცდა ნამდვილად ღირს ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც იკერია. პირველი ნაბიჯი კი უკვე გადადგმულია. უკვე ვიცით, რომ “ბარსელონას” ფანებს ამ ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში ხილვის დიდი სურვილი აქვთ.



